18
Nov
2019

ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა 

18 Nov 2019

ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. მას მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ღონისძიების მიზანი – ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.

„დებრა მეიბურგის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ  ჰონგ-კონგში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და ის დაგეგმილ დროზე დიდხანს გაგრძელდა“, – ამბობენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ფესტივალზე ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის.

ფესტივალი „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც, ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში ქართული ღვინის წარდგენას ითვალისწინებდა. ღონისძიებები უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში.

 

განხილვა