Instagram-ზე ქართული გვერდი GeoArtMood გამოჩნდა, რომელიც ცნობილი ფერწერული ტილოების, მულტფილმებისა თუ ფილმების პერსონაჟებს ქართულ თემატიკასთან აკავშირებს, სურათებისა და ვიდეოების სახით. გვერდი, დაახლოებით 2 თვის წინ, ციკო შამრელაშვილმა შექმნა და საქართველოს გარშემო შექმნილი ნამუშევრებით მოიზიდა ათასობით ადამიანი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური აუდიტორიიდან. სამაიას ცეკვაში მონაწილე ფრიდა კალო, ალავერდის ფონზე გამართული საიდუმლო სერობა, კლიმტის “კოცნა” და მუნკის “კივილი” – ნამუშევრებში უხვად წააწყდებით მრავალფეროვან ინტერპრეტაციებს.

M: მოკლედ, შენ შესახებ…
მე ვარ ციკო შამრელაშვილი, 21 წლის. დავამთავრე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო მმართველობის სპეციალობით. ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში აღმოვაჩინე, მაშინ ჩემი ჰობის, პროფესიად გადაქცევა არც მიფიქრია, ამიტომ უნივერისტეტში სწავლაც სრულიად განსხვავებული მიმართულებით გავაგრძელე. სწავლის პერიოდში მოვიპოვე სტიპენდია და ჩართული ვიყავი სხვადასხვა სტუდენტურ პროექტში, რის გამოც, მხოლოდ თავისუფალ დროს ვახერხებდი, Youtube-ის გაკვეთილების დახმარებით, ჩემით მესწავლა Adobe Photoshop და Adobe Illustrator. ამ ზაფხულს სვანეთის ულამაზესი ხედების დათვალიერების შემდეგ, გამიჩნდა იდეა საქართველოს მრავალფეროვანი კულტურისა და პეიზაჟების გაერთიანებით მსოფლიო დონის ხელოვნების ნიმუშებთან ერთად შემექმნა ნამუშევრები და მის გასავრცელებლად Instagram გამოვიყენე.

M: რას ემსახურება შენი Instagram გვერდი?
“GeoArtMood” უკავშირდება ისეთ ცნობილ მხატვრებს, როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი, პაბლო პიკასო, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და სხვები. ასევე ცნობილ ფილმებს და დისნეის ანიმაციებს. ნამუშევრების სტრუქტურა მარტივია, მაგრამ ის მომხმარებლების აღფრთოვანებას მაინც ახერხებს. ალბათ იმიტომ, რომ გვერდს ანალოგი არ ჰყავს, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანაზეა ორიენტირებული. მიხარია რომ ის პირველია და თანაც საქართველოს შესახებ. ჩემი მიზანია, განსხვავებული ხერხით გავაცნო ჩვენი ქვეყანა უცხოელებს. სწორედ ამიტომ ვიყენებ სლოგანს „ Art is my way to tell you about Georgia”.

M: რას მოიცავს ნამუშევრების კონცეფცია?
ფერწერის იდეა, რომელსაც მხატვარი ეყრდნობა, არ უკავშირდება ჩემ მიერ გამოყენებულ საქართველოს პეიზაჟს, მათ მხოლოდ ვიზუალურად ვუხამებ ერთმანეთს. ყველა ფოტოს დართული აქვს ფაქტი საქართველოში არსებული ტურისტული ადგილის, ქართული სამზარეულოს ან კულტურული ძეგლის შესახებ, თუმცა დასრულებული ნამუშევარი ზოგჯერ აღწერის გარეშეც გვიყვება სათქმელს. მაგალითად ოკუპირებული აფხაზეთის თემაზე შექმნილი ფოტო, რომლის შესახებაც უცხოელები მწერდნენ რომ სწორედ ჩემი გვერდის მეშვეობით შეიტყვეს აფხაზეთის ოკუპაციის შესახებ.









































