”ჯეოსელი” საკუთარ მომხმარებლებს iPhone-ზე განვადებას სთავაზობს. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ სერვისით მობილური ინტერნეტის აქტიურ მოხმარებას უწყობენ ხელს.
”სმარტფონები, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. iPhone-ი კი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია სმარტფონებს შორის. ამიტომაც განვადების ხელსაყრელი პირობები ყოველთვიური ბონუსით მობილური ინტერნეტის მოხმარებაზე სწორედაც რომ მორგებულია სმარტფონებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე, რაც პირდაპირ შეესატყვისება კომპანიის ერთ–ერთ ძირითად მიზანს: მობილური ინტერნეტი მობილური თაობისთვის” – აცხადებენ კომპანიაში.
12 თვიანი განვადების სისტემით მომხარებლები iPhone 5s-სა და 5c-ის შეძენას თვეში 89 ლარიდან შეძლებენ. როგორც ”ჯეოსელში” ამბობენ, არსებული შეთავაზებით მომხმარებელი ჩვეულებრივ ღირებულებაზე მეტს არ იხდის. რადგან, ყოველთვიური განვადების თანხა მხოლოდ ტელეფონის საფასურს არ ფარავს, ამ თანხაში ასევე შედის მობილური ინტერნეტი და ასევე უფასო წუთები და SMS-ები.
”ჯეოსელი”, ამ ეტაპზე ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მომხარებელს ასეთ სერვისს სთავაზობს. სულ რამდენიმე დღიანი გამოცდილების მიხედვით, უჭირთ კონკრეტულ სტატისტიკაზე საუბარი.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა სხვა მობილური ოპერატორი კომპანიები მსგავსი სერვისის მომხმარებლებისთვის შეთავაზებას, ან ამ შემთხვევაში როგორი იქნება კონკურენცია მათ შორის.
რაც შეეხება iPhone-ის სხვა რითეილერ კომპანიებს, iLand-ში თვლიან, რომ ასეც რომ მოხდეს და ამ პროდუქტის განვადებით გაყიდვა ყველა მათგანმა დაიწყოს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება მათი კომპანიისთვის. ”ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. თუ ”ჯეოსელის” გარდა სხვა კომპანიებიც შესთავაზებენ iPhone-ს მსგავსი პირობებით, განვადებით შეძენის მსურველები მათთან ”წავლენ” და ეს სეგმენტი მათზე გადანაწილდება, მხოლოდ ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას. მეორე მხარეს კი დარჩება ის სეგმენტი, რომელსაც სურს პირდაპირ შეიძინოს ეს ტელეფონები და მათ ჩვენ დავაკმაყოფილებთ”– ამბობს კომპანიის დირექტორი აკაკი ხუხაშვილი.
მისი თქმით, წინასწარ რთულია იმაზე საუბარი, რამდენად დიდი მოთხოვნა იქნება iPhone-ის განვადებით შეძენაზე. თუმცა, მიაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა მათი სეგმენტიდან მომხმარებლების ”გადაბირება” და თუ ასეთი მოხდება, მათი რიცხვი დიდი არ იქნება. ”ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე დღეს საუბარი რთული იქნება. დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ პროცესს, საამისოდ კი, დაახლოებით, 4-5 თვე იქნება საჭირო.