„უფრო ახლოს ინტერნეტთან“ „ჯეოსელისა“ და „ჯეოლაბის“ ერთობლივი საკურსო პროგრამაა. კურსები იმ უფროსი თაობის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც სურვილი აქვთ, ახლოს გაეცნონ თანამედროვე საკომუნიკაციო პროგრამებს და ინტერნეტის შესაძლებლობები საკუთარ ინტერესებს მოარგონ. სტუდენტური პროგრამა 50+ საპილოტე ვერსია უკვე დაწყებულია. პროექტის შესახებ „ჯეოსელის“ კორპორაციული კომუნიკაციების ექსპერტმა, თაკო როდონაიამ „მარკეტერთან“ ისაუბრა.
M: როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა?
ალბათ ყველა ჩვენგანი არაერთხელ აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ინტერნეტში თავჩარგულებს გვავიწყდება ისინი, ვინც ამ სივრცეში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ვგულისხმობ უფროსი თაობის ადამიანებს. სამწუხაროდ, ვერც დროს ვპოულობთ და ალბათ არც უნარები გვაქვს, მათი ინტერნეტ-მასწავლებლები თავად გავხდეთ. თუმცა, ბევრ მათგანს დიდი სურვილი აქვს ისწავლოს ის, რაც ახალ თაობას ასე მარტივად გამოსდის. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად დავაახლოვოთ უფროსი თაობის ადამიანები ინტერნეტთან და ვაჩვენოთ, თუ როგორ მოარგონ ეს სივრცე საკუთარ ინტერესებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა პროექტის იდეა.
M: ვინ მუშაობდა პროექტზე?
ამ პროექტზე უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უფროსი თაობის ადამიანებს მაქსიმალურად გავუმარტივოთ ინტერნეტთან ურთიერთობა და გავუქროთ ერთგვარი შიში და გაუცხოება ამ საკითხთან მიმართებით. დამეთანხმებით, ასეთი წამოწყება შესაფერის პარტნიორებს საჭიროებს და ზუსტად ასეთი ადამიანები ჩვენი „ლივინგსტონელი“ მეგობრები აღმოჩნდნენ, რომლებმაც იდეა მაშინვე აიტაცეს და სამოქმედო გეგმაზე მუშაობაც მალევე დავიწყეთ. პროექტის განხორციელებისთვის იდეალური ადგილი ჩვენი „ჯეოლაბი“ აღმოჩნდა. პროგრამის ლექტორებად „ჯეოლაბის“ კურსდამთავრებულები შევარჩიეთ, რომლებიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ წამოწყებას.
M: როგორ მიმდინარეობს კურსის საპილოტე ვერსია?
არის თემები, რომელთა სწავლებაც ახალ თაობას უფრო კარგად გამოსდის და სწორედ მათი ეს უნარები განაპირობებს ამ პროექტის წარმატებას. ჩვენს სტუდენტურ პროგრამაში როლები შეცვლილია – უმცროსი თაობა ასწავლის უფროსს და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდით.
M: რამდენად დიდია ინტერესი მოსახლეობის მხრიდან?
ზოგადად ჯეოსელის ინიციატივებზე საზოგადოება ძალიან კარგად რეაგირებს. ეს პროექტი სიახლეს წარმოადგენს, თუმცა საზოგადოების ჩართულობას ნამდვილად ველოდებით, რადგან სწორედ ასეთი პროექტები არის პოზიტიური ცვლილებების წინაპირობა.
M: რაც შეეხება კურსის საფასურს …
კურსები უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია და დროული დარეგისტრირება ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ თბილისში ხორციელდება, თუმცა წარმატების შემთხვევაში, მის გაფართოებაზეც აუცილებლად ვიზრუნებთ.