in

„ფერმერებისთვის გეოგაპ/GeoGAP-ის დანერგვა უვნებელი პროდუქციის წარმოების გარანტიაა“

გეოგაპ/GeoGap-ის სერტიფიკატის მიღების პროცესის გამარტივებისა და ეფექტურად წარმართვის მიზნით, შეიქმნა უახლესი ხელსაწყოებით აღჭურვილი მობილური ლაბორატორია, რაც ადგილზე მომსახურების საშუალებას იძლევა. გეოგაპ/GeoGAP-ის სტანდარტი უვნებელი სურსათის წარმოების ადგილობრივი ნიშანია, რომელიც ფერმერებს – ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს – შესაძლებლობას აძლევს, აწარმოონ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ხილი, ბოსტნეული და მათი საქმიანობა დაუახლოვონ საერთაშორისო სტანდარტებს.

გეოგაპ/GeoGAP-ს სტანდარტის დასანერგად მეწარმემ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციას“ უნდა მიმართოს.

2020 წელს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“, სატესტო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გეოგაპ/GeoGAP-ის მობილური ლაბორატორიის გამოყენება და ვიზიტები საანალიზო ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის (ნიადაგი, წყალი და ხილბოსტნეული).

„გეოგაპის მიღებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა. ამ პროცესს გვიმარტივებს მობილური ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებისა და ექსტენციის მიზნისთვის შეიქმნა. ლაბორატორია კარგი საშუალებაა, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, ფერმერულ მეურნეობებში ლაბორატორიული ანალიზების საველე პირობებში ჩატარებისა. აუდიტის წარმატებით გავლის შედეგად კი მას გეოგაპ/GeoGAP-ის სერტიფიკატი მიენიჭება,“ – განაცხადა  გეოგაპ/GeoGAP-ის სერტიფიცირების უფროსმა სპეციალისტმა საბა მესხმა.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა მხრიდან, უვნებელ სურსათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც ფერმერისთვის გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შეიქმნა გეოგაპ/GeoGap, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, დანერგონ ახალი სტანდარტები უვნებელი პროდუქციის წარმოებისთვის  და გახადონ წარმოება უფრო მოგებიანი.

„როდესაც მომხმარებელი დაინახავს გეოგაპ/GeoGAP-ის სერტიფიკატის აღმნიშვნელ ნიშანს ამა თუ იმ პროდუქციაზე, მაგალითად, მწვანილზე, ვაშლზე, სტაფილოზე, ის უკვე დარწმუნებულია, რომ ოჯახისთვის ყიდულობს უვნებელ პროდუქციას და აღარ უჩნდება კითხვა, შეიცავს თუ არა მის მიერ ნაყიდი სტაფილო მავნე ნივთიერებებს“, – ამბობს თამარ თორია. 

ბაზარზე უკვე არსებობს გეოგაპ/GeoGAP-ის სერტიფიკატის მფლობელი სამი კომპანია, მათ შორის ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიები „ჰერბია“. გეოგაპის სტანდარტის დანერგვის პროცესს, ამჟამად, რამდენიმე კომპანია გადის და ბაზარს მალე უფრო მეტი უვნებელი პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შეემატება.

ვინ დაგეხმარება, დანერგო გეოგაპი/GeoGAP?!

გეოგაპ/GeoGAP-ის გუნდის წევრები არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები საბა მესხი, ილია კუნჭულია და თეკლა გურგენიძე, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში წარმატებული მუშაობის გამოცდილება. მათი დატრენინგება მოხდა ჰოლანდიური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Q-Point მიერ, რომელთან თანამშრომლობის შედეგადაც შეიქმნა გეოგაპ/GeoGAP-ის სტანდარტი. Q-Point-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  Q-Point-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტების დროს მათთან ერთად განხორციელდა სტანდარტის სახელმძღვანელოს შემუშავება, მოთხოვნების სიის შედგენა და პილოტ ფერმერებთან ვიზიტი.

გეოგაპი/GeoGAP მესაქონლეობის სექტორში 

გეოგაპი/GeoGAP მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის სექტორით არ შემოიფარგლება და თამარ თორიას განცხადებით, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი სექტორი – მესაქონლეობა დაემატება. მისი თქმით, ფერმის დონეზე, პირველადი წარმოების გეოგაპ/GeoGAP-ის სტანდარტის მინიჭება იქნება შესაძლებელი.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის, საქართველოში სურსათის გადამუშავების ეტაპზე ინერგება სხვადასხვა სისტემები, მაგალითად, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა, სურსათის უვნებლობის მართვის სიტემა ISO 22000 და სხვა, თუმცა პირველადი გადამუშავების დონეზე მსგავსი ხარისხისა და უვნებლობის სისტემები ნაკლებად არის წარმოდგენილი. არა და, მნიშვნელოვანია უვნებელი და ხარისხიანი ნედლეულის, მათ შორის რძისა და ხორცის მიღება პირველადი წარმოების დონეზე,“ – განაცხადა თამარ თორიამ. 

მესაქონლეობის სექტორში, პირველადი წარმოების დონეზე გეოგაპ/GeoGAP-ის სტანდარტის სისტემის შექმნაზე მუშაობას იწყებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ პარტნიორობით. გეოგაპ/GeoGAP-ის სტანდარტის სისტემა იქნება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის სისტემების ადაპტირებული ვერსია მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერული მეურნეობებისთვის.

„პირველადი პროდუქციის მწარმოებლებს გეოგაპ/GeoGAP-ის დანერგვა დაეხმარებათ, ერთი მხრივ, მზად დახვდნენ სახელმწიფო კონტროლს, ხოლო მეორე მხრივ, აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის და უვნებელი პროდუქცია. შესაბამისად, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის, მაგალითად, რძის უფრო მაღალ ფასად და სტაბილურ, ინდუსტრიულ მომწოდებლებზე რეალიზაცია“, – განაცხადა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“  დირექტორის მოადგილემ ლაშა ავალიანმა.

გეოგაპ/GeoGAP-ის სტანდარტი შეიქმნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ პროექტ „ზრდას“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

 

[R]

Facebook ბავშვებისთვის განკუთვნილ Instagram-ის ვერსიას ქმნის

მეცნიერები იკვლევენ, რატომ მოძრაობენ ზღვის ბინადრები წრიულად