in

მარკეტერის ინტერვიუ ვითიბი ბანკის მარკეტინგის დირექტორთან ბ–ნ გიორგი ბარკალაიასთან

ბარკალაიაგანათლება
ვისწავლე როგორც საქართველოში ასევე უცხოეთშიც. საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ასევე ბაკალავრის დონეზე, კანადაში, ტორონტოს უნივერსიტეტი დავამთავრე, თუმცა ეს იყო უკვე მარკეტინგის კუთხით.

გაკეთებული მაქვს PHD  და დოქტორის წოდება მაქვს მიღებული. ასევე ვარ კავკასიის ბიზნეს სკოლის პროფესორი, სალექციო კურსს ვკითხულობ ამავე უნივერსიტეტში, ვატარებ სხვადახვა ტრენინგებს და ა.შ. მყავს მეუღლე  და 2 ბიჭი–ანდრეა და ნიკოლოზი.

პირველი სამსახური და ანაზღაურება...

ერთ–ერთი პირველი სამსახური, სადაც ანაზღაურება მქონდა, იყო საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია. მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდა კომპანიას მუშაობა, მე ალბათ მე–10 ადამიანი ვიყავი, ვინც მივედი იქ. თავიდან პრიმიტიული ხელფასი გვქონდა, შემდეგ გაგვიზარდეს და 130 ლარს გვაძლევდნენ. იცით, იმ 130 ლარად ალბათ ბევრად უკეთ ვერთობოდი, უფრო მყოფნიდა, ვიდრე დღეს  იმიტომ, რომ მაშინ სხვა პასუხისმგებლობა მქონდა დღეს კიდევ სულ სხვანაირადაა ყველაფერი.

პირველად მარკეტინგთან შეხება საბანკო სფეროდან დავიწყე. ლიბერთი ბანკის პირველ ფილიალში, რომელიც ბათუმში იყო. თუმცა სერიოზულად მარკეტინგში მოღვაწეობა „კანარგოთი“ (ახლა „ვისოლი“) დავიწყე. ამის პარალელურად უნივერსიტეტში უკვე ლექციების კურსსაც ვკითხულობდი.

რამ მოახდინა კარიერაზე გავლენა?

თვითონ მარკეტინგი არის ძალიან საინტერესო. დღეს ვისაც კი უყვები მარკეტნგის შესახებ, ყველა გაოცებული გიყურებს და მოსწონთ ეს. მეც ვიყავი ერთ დროს ამის „მსხვერპლი“, როდესაც მარკეტინგმა ასე დამაინტერესა და ჩამითრია. მაშინ ახალი პროდუქტი იყო და თან უცხოეთიდან საბაზისო ცოდნა მქონდა მიღებული, ნანახი მქონდა უცხოელები როგორ აკეთებდნენ ამას. საინტერესო იყო, რადგან რაც მქონდა ნასწავლი იმას ვნერგავდი აქ. როდესაც დიდ კომპანიებში იწყებ მუშაობას, ეს გაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი მარკეტინგული სვლა გააკეთო, შესაბამისად შენი განვითარებაც საკმაოდ სწრაფად ხდება. კვლევას აკეთებ, პროდუქტს ქმნი, კრეატიულად რაღაცას აკეთებ. ზეგავლენის სფერო ძალიან ბევრი იყო…

რა არის წარმატება თქვენთვის? და მიიჩნევთ თუ არა თავს წარმატებულად?

წარმატებაა, როდესაც შენ საქმეში ხარ პროფესიონალი. პროფესიონალიზმი არის ის საფუძველი, რითიც წარმატებისკენ მიდიხარ. წარმატებაა, როდესაც ხალხი ამას აღიარებს–შენ მართლაც პროფესიონალი ხარ! შენ წარმატებული ხარ თუ გყავს ოჯახი, კარგი მეგობრები, კარიერა, რადგან ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია. რასაც ვაკეთებ ძალიან მსიამოვნებს. სალექციო კურსებზეც რომ ვთქვათ, ესეც ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ვიცნობ ახალ ადამიანებს და საბოლოოდ ისინი ჩემი მეგობრები ხდებიან. მივიჩნევ, რომ მე ამ კუთხით უზრუნველყოფილი ვარ, რაც მათქმევინებს იმასაც, რომ წარმატებული ადამიანიც ვარ. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება.

როგორ მოხვდით ამ სფეროში?

 როდესაც უცხოეთში  წავედი 16 წლის ვიყავი. იმ პერიოდში მაინტერესებდა საერთაშორისო ურთიერთობა, უცოხოელები, მათთან ურთიერთობა. ეს ის პერიოდი იყო, როცა საბჭოთა კავშირზე რკინის ფარდა იყო გადმოფარებული და საზღვარგარეთ გასვლა, ძალიან რთული იყო. ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა და მოხდა ისე, რომ გავემგზავრე უცხოეთში. გავიცანი უცხოელები და მათ შემომთავაზეს ეს სფერო და მირჩევდნენ სად შეიძლებოდა სწავლა გამეგრძელებინა. ყოველთვის მაინტერესებდა მსგავსი რაღაცეები და მათი საუბრებით ამ სფეროს შესახებ კიდევ უფრო დავინტერესდი და ასე ჩავები მარკეტინგულ საქმიანობაში. თვითონ დამაფინანსეს და ძალიან გამიმართლა.

ერთი სამუშაო დღე...

დილით, როდესაც ვიღვიძებ ვემზადები მუშაობისთვის, შემდეგ ბავშვებს ვემშვიდობები და მივდივარ სამსახურში. სამსახურში მოსვლისთანავე პირველ რიგში ვამოწმებ წერილებს, ვპასუხობ მათ, თუ რამე ახალია ვერკვევი სიტუაციაში. შემდეგ თანამშრომლებთან ვსაუბრობ და ვიგებ გეგმების შესახებ რა და როგორ ხდება. ვცდილობ მივყვე იმ საქმეს, რაც კომპანიის წარმატების წინაპირობაა. 7–ის ნახევარზე სამსახურიდან გამოვდივარ და მივდივარ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. იქ ღამის 10 საათამდე ვარ. ამის შემდეგ სახლში ვბრუნდები, ბავშვებს ვეთამაშები ცოტახანი, ხოლო შემდეგ ვცდილობ კომპიუტერისგან და ინტერნეტისგან შორს ვიყო და ვუყურებ ტელევიზორს, ძირითადად ფილმებს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალგაზრდა ადამიანს მარკეტინგის სფეროში წარმატებული კარიერა ჰქონდეს?

ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებული რომ იყო უნდა გქონდეს შრომის უნარი და მისი სიყვარული. თუ შრომა არ გიყვარს და არ შეგიძლია, საკმაოდ რთულია ისე რამეს მიაღწიო. ასევე პასუხისმგებლობა არის ერთ–ერთი უმთავრესი. უნდა იცოდეს გუნდთან ერთად მუშაობა. თუ გუნდი ერთად მუშაობს მაშინ წარმატებაც მოვა.

თქვენ მუშაობდით ვისოლში, ლატარიის კომპანიაში, საქართველოს ბანკში და ამჟამად მუშაობთ ვითიბი ბანკში, როგორ შეაფასებთ კარიერას? არის ბანკი საუკეთესო ადგილი მარკეტერისთვის?

ყველგან, სადაც კი ვიყავი საინტერესო სამუშაო იყო. მაშინ, როდესაც მე ვისოლში ვმუშაობდი (მაშინ კანარგო ერქვა), მათ ჰყავდათ სულ სადღაც 300 კორპორატიული კლიენტი, ხოლო როდესაც იქედან მოვდიოდი რამდენიმე ათასი. მივედი კანარგო იყო, მოვდიოდი და ვისოლი იყო. ერთ–ერთი პირველი იყო ვინც რებრენდინგი გააკეთა, მაშინ ეს უფრო რთული საქმე გახლდათ ვიდრე ახლაა.

ბანკში მუშაობა ძალიან საინტერესოა, აქ ის არ არის, რომ შენ ეს უნიფორმა გაცვია და ამით იზღუდები, თუმცა, რა თქმა უნდა გარკვეული შეზღუდვები არსებობს ბრენდის ხედვასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ყველა სამუშაო საინტერესო იყო, ცდილობ, რომ სხვადასხვა სეგმენტს სხვადასხვა პროდუქტი შესთავაზო, რათა კომპანია იყოს წარმატებული.

რომ არა ვითიბი ბანკი, სად იმუშავებდით? რომელ ორგანიზაციაში?

სასწავლებელი არის ჩემთვის ერთ–ერთი კარგი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. რასაც გაძლევს უნივერისტეტი ეს არ არის მხოლოდ შენი ცოდნის გაზიარება, ის უკანაც ბევრს გიბრუნებს. იმას, რომ შენ სულ ფორმაში ხარ, გაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან. თუ სტუდენტი სწავლობს, შენ კიდევ უფრო მეტს სწავლობ ალბათ, რადგან როდესაც ის კითხვას გისვამს, შენ აუცილებლად უნდა გქონდეს პასუხი და უნდა იცოდე ამის შესახებ ყველაფერი, ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. საბოლოო ჯამში, წარმატებული რომ იყო სხვა ბიზნესებშიც, შენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ადამიანებს უნდა გაუზიარო.

საკმაოდ რთულ პერიოდში მოგიწიათ საქართველოს ბანკში მუშაობა, იყო ომი, კრიზისი, მსგავს მოვლენებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ფინანსურ სექტორზე, თუ გაიხსენებთ რა ხდებოდა მაშინ გუნდში და რა გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ, რომ არ დაზარალებულიყო ბანკი?

არა მარტო მე, არამედ მთლიანად ბანკი გუნდურად ვმუშაობდით  კრიზისულ სიტუაციაში. იმ დროს იქ ვიძინებდით და ვიღვიძებდით. იმ პერიოდში ვატარებდით ფოკუს ჯგუფებს, კვლევებს თუ რა ხდებოდა ქვეყანაში და მუდმივად პულსზე გვქონდა ხელი დადებული, ჩვენი მომხმარებელი რას ფიქრობდა, რა დახმარება სჭირდებოდა. ამის გარდა, შიდა PR -ს ვეწეოდით. ყოველ საღამოს თანამშრომლებს ვუგზავნიდით წერილს, თუ რა მოხდა დღის განმავლობაში, როგორი იყო იმ მომენტში ბანკის ფინანსური თუ სულიერი მდგომარეობა. როდესაც ადამიანი შოკშია, უფრო მობილიზებული ხარ, ბევრად უფრო კარგად მუშაობ.

გაიხსენეთ ერთ-ერთი რთული პერიოდი თქვენს კარიერაში და ერთი წარმატებული პროექტი, როგორ მოახერხეთ პრობლემის გადაჭრა?

რთულ პერიოდად ისევ ომის დროს საქართველოს ბანკში გატარებულ სამუშაო პერიოდს გავიხსენებდი. მაგალითად, ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს რუსეთის ჯარი მცხეთაში იყო, ჩვენ იმ დროს რა თქმა უნდა ისევ სამსახურში ვიმყოფებოდით. აი მაშინ გვქონდა 2 გზა: ან იყო უნდა წასულიყავი სახლში, ან  დარჩენილიყავი ბანკში. “შენ თუ არ დარჩებოდი ბანკში და რუსები თუ არ შემოვიდოდნენ,  შეიძლება ხვალ აღარ დაგხვედროდა ბანკი, შენ ბანკს სჭირდები იმიტომ, რომ სხვა ბევრი რამ არის გასაკეთებელი.”

ომის შემდეგი პერიოდიც არანაკლებ რთული იყო, ის 5 დღე გავიარეთ, მაგრამ ჩვენთან კრიზისი დარჩა. ამის შემდეგ ვებრძოდით ამ კრიზისს და სხვადასხვა მარკეტინგული გზებით ვეძებდით გადაჭრის გზებს: ვქმნიდით  პროდუქტს, ვაკეთებდით საიმიჯო რეკლამებს, ვესაუბრებოდით ჟურნალისტებს. PR -სა და მარკეტინგის გეგმა იყო საკმაოდ დალაგებული იმისათვის, რომ ბანკს ენახებინა თავისი სიძლიერე. ლომის რეკლამა, რომელიც საქართველოს ბანკისაა, ზუსტად იმიტომ გაკეთდა, რომ გვეჩვენებინა ჩვენ ძლიერები ვართ, ხალხის გვერდით ვართ.

წარმატებულ პროექტს რაც შეეხება, ასეთი ბევრი იყო ყველა იმ კომპანიაში, სადაც მიმუშავია. ახლა ასე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ.

ასწავლით კავკასიის უნივერსიტეტშიც და უზიარებთ მათ საკუთარ გამოცდილებას, რა იქნებოდა ერთი მესიჯი, რასაც მომავალ მარკეტერებს გაუზიარებთ?

ყველას ვურჩევდი, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ აუცილებლად იმუშაონ, იმუშაონ ჭკვიან, კრეატიულ ხალხთან, რომ იმ ადამიანების მუხტი, ცოდნა, კრეატიულობა გადაედოთ. ვუსურვებ, იმუშაონ იმ ადამიანებთან, ვინც მათ კარიერაში დიდ გავლენას მოახდენს და წარმატების გზაზე დააყენებენ.

ვისოლის –”ზუსტი კამპანია”

გამიქსე შენი ავეჯი