in

„ყოველთვის ვიცოდი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, დავბრუნდებოდი საქართველოში და აქ გამოვიყენებდი ევროპასა და ამერიკაში მიღებულ განათლებას“, – გიორგი ჭანტურია 

საქართველოში არაერთი საინტერესო საერთაშორისო პროექტის შესახებ გვსმენია და დაწერილა. თუმცა, ბევრი არ არის ცნობილი ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამის, EaP Civil Society Facility-ის შესახებ, რომელიც 2017 წელს დაიწყო და სწორედ ახლა, 31 მარტს სრულდება.

პროგრამა უამრავი მიმართულებით მუშაობდა და მისი მთავარი მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი მოიცავდა სტიპენდიების გაცემას ახალგაზრდებისათვის. პროგრამის ფარგლებში, 4 წლის მანძილზე, ჯამში, 80 სტიპენდიატი დაფინანსდა, მათ შორის – 13 საქართველოდან. ამ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი მათგანის, გიორგი ჭანტურიას შესახებ გიამბობთ.

გიორგი ჭანტურია განათლების კოალიციის დირექტორი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. გარდა ამისა, არის ტელესკოლის ერთერთი პედაგოგი, გნებავთწამყვანი. განათლება მიღებული აქვს ადამიანის უფლებების, კულტურის კვლევებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. ამ ერთმანეთისგან განსხვავებულ საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებს ემატება საქმიანობა თვითმმართველობის, ადამიანის უფლებებისა და განათლების სფეროში. თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით

2006 წელს სკოლის დასრულების შემდეგ, „კავკასიის აკადემიურ უნივერსიტეტში“, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა. ახლა ამბობს, რომ გაუცნობიერებლად და სტერეოტიპული ხედვებით.

„აქ ორი წელი ვსწავლობდი და მივხდი, რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებდა ეს პროფესია. დიდხანს არ მიფიქრია, საბუთები გამოვიტანე და დავიწყე საზღვარგარეთ უნივერსიტეტების ძებნა. საბოლოოდ, 2009 წელს წავედი შვედეთში, „მალმოს უნივერსიტეტში“ სასწავლებლად, ადამიანის უფლებების ფაკულტეტზე. 2011 წელს, ამერიკაში, Missouri Western State University-ში გავაკეთე გაცვლითი პროგრამა. რამდენიმე თვეში კი – სტაჟირება შვეიცარიაში, ჟენევაში. მთელი ამ წლების განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. პირველ რიგში, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ ადამიანად. სწავლა რომ დავასრულე, საქართველოში ჩამოვედი. პრინციპში, საზღვარგარეთ ცხოვრება არც მიფიქრია, ყოველთვის ვიცოდი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, დავბრუნდებოდი“.

სწავლა საქართველოშიც გააგრძელა – 2015 წელს კულტურის კვლევების მაგისტრის და შემდგომ, 2017 წელს – ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტირების მაგისტრის სტატუსი მიიღო.

„ვმუშაობდი როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორში. მათგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო „ღია საზოგადოების ფონდში“ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიღებული გამოცდილება. დღესდღეობით კი, ვმუშაობ განათლების კოალიციაში.

რაც შეეხება EaP Civil Society Facility პროგრამას, ის სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. მონაწილეები სტიპენდიას იღებდნენ კვლევის, ან საკუთარი პროექტის პრაქტიკაში განხორციელებისთვის. ჩემი თემა იყო ბულინგი, ოღონდ ვეცადე ეს საკითხი დირექტორების პერსპექტივიდან შემესწავლა. მინდოდა, გამომეკვლია ამ პრობლემის პრაქტიკა საქართველოში და სკოლის ხელმძღვანელების ხედვები, თუ როგორ წარმოედგინათ მისი გადაჭრა. საბოლოოდ, კარგი დოკუმენტი მივიღეთ. ამ ამბავში ძალიან დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, მერი ქადაგიძე და სიმონ ჯანაშია, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრა მათ.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამის ფარგლებში გვთავაზობდნენ მუდმივ სიახლეებს, ტრენინგებს საზღვარგარეთ, ვებინარებს, Team Building-ის შეხვედრებს. სტატიებსა და ბლოგებს ვაქვეყნებდით მათ პლატფორმაზე. კვლევის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებდით მათთან თანამშრომლობას. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, როგორც პროფესიული, ისე ადამიანური თვალსაზრისით“.

თქვენს დღევანდელ საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ – განათლების კოალიცია.

არის ასეთი მოძრაობა Education for All („განათლება ყველასათვის“), რომელიც „იუნესკომ“ დაიწყო და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა. აქ ძალიან მასშტაბური და ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაციები ერთიანდებიან. სწორედ ერთ-ერთი ასეთია ჩვენი „კოალიცია განათლებისთვის“, თუმცა, ადრე სახელიც სხვა ჰქონდა და მეტ სუბიექტს აერთიანებდა. მართალია, მაშინ 2-წლიანი პროექტის სახე ჰქონდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის აქ მუშაობა. გუნდს კომუნიკაციის ოფიცრის პოზიციაზე შემოვუერთდი. ისეთი ადამიანები იყვნენ ჩართულები, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, მნიშვნელოვან, ღირებულ საქმეებს გავაკეთებდით. თავიდანვე მითხრეს, ყოველდღიური, რუტინული, წვრილ-წვრილი საქმეების კეთების დრო არ გვაქვს, ძალიან ბევრი რამ უნდა აიღო საკუთარ თავზეო. ძალიან მომეწონა რომ მომცეს თავისუფლება, ჩემი შეხედულებების მიხედვით მიმეღო გადაწყვეტილებები და პასუხისმგებელი ვყოფილიყავი საკუთარ ქმედებებზე. დღეს, კოალიცია 12 ორგანიზაციას აერთიანებს. ჩვენი მთავარი მიზანია, განათლების მიმართულებით, ერთიანი სამოქალაქო სექტორის არხი ჩამოყალიბდეს და ხელი შევუწყოთ სასკოლო განათლებაში ხარისხის განვითარებას, თანაბარი ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობების შექმნას. მოკლედ, 2016 წლიდან ვარ კოალიციაში. 2018 წლიდან მისი დირექტორი გავხდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, სასკოლო განათლების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და აქტიური ორგანიზაციაა, საქართველოში. გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, 2017 წელს დავიწყეთ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“. მთავარი მიზანია მასწავლებლობა, როგორც პროფესია იყოს გაცილებით დაფასებული და პრესტიჟული.

ბოლო პერიოდში რას საქმიანობთ? რა მიმართულებით მუშაობთ, თუნდაც, პანდემიის პირობებში

პანდემიის დადგომის შემდეგ, ჩვენი გეგმებიც შეიცვალა, თუმცა, მალევე შევძელით ადაპტირება. შევქმენით ბევრი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მასწავლებლებს ძალიან სჭირდებოდათ. ამჟამად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ვიკვლევთ, რა საგანმანათლებლო დანაკარგი მივიღეთ პანდემიის ფონზე და როგორი უნდა იყოს რემედიაციის პროგრამები, ანუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოგვარდეს.

რა დანაკარგები მივიღეთ? რა სირთულეები გაჩნდა, პანდემიის დროს, სასკოლო განათლებაში

პანდემიამდე სასკოლო განათლებაში არსებული პრობლემები გაუარესდა. მაგალითად, ის ჯგუფები, რომლებიც აქამდეც უთანასწორო პირობებში, მოწყვეტილი იყვნენ განათლების სისტემას, კიდევ უფრო გაიზარდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საკითხის შესახებ ზუსტი მონაცემი არ გვაქვს. მეტნაკლებად მიახლოებული მაჩვენებლების განსაზღვრისთვის ჩვენს ცოდნას თუ განვაზოგადებთ. გარდა ამისა, პანდემიის პირობებში ადაპტაცია ძალიან ცოტა სკოლამ მოახერხა, მხოლოდ მცირე ნაწილმა შესთავაზა საკუთარ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება. პრობლემები გამოჩნდა მასწავლებელთა კომპეტენციის კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ დიდმა ნაწილმა აიღო და პირდაპირ „დააკოპირა“ 40-წუთიანი გაკვეთილები „ონლაინ“. არა და, დისტანციურ სწავლებას თავისი მეთოდოლოგია აქვს და საკლასო გაკვეთილების ასე უცვლელად გადატანა მაინც და მაინც სწორი არ არის. პრობლემები გამოჩნდა რესურსების მხრივაც – საგანმანათლებლო რესურსები ან არ არსებობს, ან – უხარისხოა. შემდეგ, რაღაც მომენტში, დავუბრუნდით საკლასო ოთახებს და აღმოჩნდა, რომ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები და ინფრასტრუქტურა იყო მოსაწესრიგებელი. ცალკე საკითხია სკოლების ცენტრალიზებულად მართვა. სკოლას არ შეუძლია, მინიმალურ საკითხებზეც კი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს, თითქმის, არ აქვს ავტონომია და წვრილმანი თემებიც კი განათლების სამინისტროს უნდა შეათანხმოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა, რომ სკოლა, მშობელს ძირითად შემთხვევაში, განიხილავს როგორც დაპირისპირებულ მხარეს, როგორც მომხმარებელს. მშობელი კი თვლის, რომ მუდმივად კონფლიქტში უნდა იყოს სკოლასთან და ბუნებრივია, მათ შორის არც თანამშრომლობაა. რეალურად, ძალიან ცოტა მშობელია აქტიურ სასკოლო ცხოვრებაში ჩართული, რაც საბოლოოდ, მოსწავლის ინტერესები ზიანდება.

გამოსავალს რაში ხედავთ

დღეს, საქართველოში, 2000-ზე მეტი საჯარო სკოლაა. მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საჭიროებები აქვთ, აქ საერთო სისტემა ეფექტური ვერ იქნება – ზოგს მეტი ფინანსური, ზოგს კი ადამიანური რესურსი სჭირდება. ამიტომ, მიდგომაც შესაბამისი უნდა იყოს, თითოეულს მათ საჭიროებებზე მორგებული დახმარება უნდა შევთავაზოთ.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების გამო, სადაც ყველაზე მეტი ჩავარდნა იყო, იქიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა. მაგალითად, ეთნიკური უმცირესობები, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები – პირველ რიგში, სწორედ ამ ჯგუფებიდან უნდა დავიწყოთ აქტივობების დაგეგმვა. არ არის აუცილებელი, ყველა გაცდენილი გაკვეთილი უცვლელად, სრულად ანაზღაურდეს. ეს შეძლება, იყოს გარკვეული პროგრამა, გართობისა და არაფორმალური განათლების ინსტრუმენტებით. ოღონდ, აუცილებელია, ყველაფერი დროში გაწერილად, სტრუქტურირებულად გაკეთდეს. ძალიან მნიშვნელოვანია რემედიაციის პროგრამები. მაგალითად, მაღალმთიან სოფლებში არის სკოლები, სადაც არ არსებობს კონკრეტული საგნის მასწავლებლის შემცვლელი. ასაკოვანი მასწავლებელი, რომელიც პენსიაზე უნდა გავიდეს, მას უბრალოდ ვერავინ ცვლის. ეს პრობლემა ისედაც იყო და ახლა, ამ პანდემიის დროს, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. არა და, შესაძლებელია, ასეთი საგნები თბილისის ან სხვა ქალაქის რომელიმე სკოლას მიებას. აქ კიდევ დამატებითი პრობლემები ჩნდება – ინფრასტრუქტურა, ინტერნეტი. მოკლედ, როგორც იტყვიან, პრობლემა კომპლექსურია, მთავარი კი მოქმედებაა.

 

[R]

ტიერი ანრიმ ყველა სოციალური ქსელი გააუქმა

„რომპეტროლი“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება