„მეკარეობა არ არის მარტივი, ეს დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა! რაც წლები გადის, უფრო და უფრო აცნობიერებ ამას“, – გიორგი ლორიას ეროვნულ ნაკრებში 62 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით, ქართველ მეკარეებს შორის, საუკეთესოა! სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ცხოვრებაზე, მოტივაციასა და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მთავარ მეკარეს ვესაუბრეთ:
M: გიორგი, რას ნიშნავს შენთვის ფეხბურთი?
ფეხბურთი ჩემთვის არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, დღე იწყება ფეხბურთით და ამითვე მთავრდება. როდესაც პროფესიონალურ დონეზე თამაშობ, შენი თავი იმ სპორტს ბოლომდე უნდა მიუძღვნა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ადვილი პროფესიაა, გადიხარ მოედანზე და უბრალოდ, თამაშობ. სინამდვილეში – ამის უკან უამრავი შრომაა, ბევრი ვარჯიში, ფსიქოლოგიური და მენტალური მომენტი, ჩვენ ამ მხარეს საჯაროდ არ ვაჩვენებთ. მეკარეობა ცოტა დაუფასებელი პროფესიაა, რაც არ უნდა ბურთი მოიგერიო, რამდენჯერაც არ უნდა გადაარჩინო გუნდი, შეიძლება, ერთი შეცდომა დაუშვა და ყველა მხოლოდ იმაზე კონცენტრირდეს და მარტო ის ახსოვდეს. სხვა პოზიციის ფეხბურთელს, მაგალითად, შემტევს, თავდამსხმელს აქვს შანსი შეცდომის გამოსწორებისა, მეორე მომენტს გამოიყენებს, მესამეს და ის უკან რჩება, მეკარემ კი – შეიძლება, ერთი ბურთი გაუშვას და თამაში ისე დასრულდეს, არც ჰქონდეს მისი გამოსწორების შესაძლებლობა. თან დაშვებული შეცდომა შინაგანად გაწუხებს, განერვიულებს თამაშის მიმდინარეობისას, თან ეს ემოცია უნდა შეიკავო, თან კონცენტრაცია არ უნდა დაკარგო, თამაშიდან რომ არ გამოეთიშო. არიან მეკარეები, რომელთაც ერთმა შეცდომამაც კი ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა და ფაქტობრივად, მათი კარიერა დაასრულა.
M: მეკარეებს ხშირად არ განიხილავენ ამ როლში ისე აქტიურად, როგორც სხვა პოზიციის მოთამაშეებს, თუმცა ფეხბურთში ეს ერთ-ერთი საკვანძო პოზიციაა… მეკარის ხასიათი, თავდაჯერება, სიმშვიდე, გადადის თუ არა მთლიან გუნდზე ?
ყველა მწვრთნელი ასე არ ფიქრობს. არიან მთვარი მწვრთნელები, რომლებიც სხვანაირად აღიქვამენ ამ პოზიციას და განსხვავებულად უდგებიან გუნდში მეკარეებს. მე მომწონს ეს მიდგომა. არიან მშვიდი და შედარებით ფიცხი მეკარეები, თუმცა საბოლოოდ, თუ მეკარე ბურთებს იგერიებს და კარში დამაჯერებლად დგას, ზუსტად ეს გადადის და აისახება გუნდზე, ასევე მის ხასიათზე.
M: რა არის შენი ინსპირაცია, ან ვინ ? ვინ ითამაშა მთავარი როლი შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში და ვინ იყო მთავარი მოტივატორი ?
ჩემთვის პირველად მეკარის ინსპირაცია ჯანლუკა პალიუკა იყო, თუმცა შემდეგ, როცა ჩავუღრმავდი და მეკარის შესწავლა დეტალურად დავიწყე, ინსპირაცია ჯანლუიჯი ბუფონი გახდა. მოტივაციას რაც შეეხება, მთავარი მოტივატორი მამა იყო, რომელიც სამწუხაროდ, ჩემთან ერთად აღარ არის. მეკარედ ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე ის ჩემ გვერდით იყო და ჩემი სჯეროდა. წარმატების მიღწევის სურვილი, ასევე, დიდი მოტივაციის წყარო იყო, ერთგვარი ბრაზიც, დამტკიცება იმისა, რომ მე ვარ ძლიერი და ღირსი! რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ! ეს შინაგანი ბრაზი სულ მქონდა. მამამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. ყოველ თამაშში მინდა, დავამტკიცო, რომ საუკეთესო ვარ, ვარჯიშებზეც იგივე მოტივაცია მაქვს.

M: ფეხბურთი კომპლექსური სპორტია, უშუალოდ, სათამაშო პროცესის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორიც მნიშვნელოვანია… რას იტყოდი გულშემატკივრისა და მწვრთნელის როლზე საფეხბურთო პროცესში?
ფეხბურთი კომპლექსური სპორტია, თუმცა უფრო კომპლექსური სპორტებიც არის, მაგალითად, კალათბურთი, იგივე ამერიკული ფეხბურთი. მაყურებლის ფაქტორი უდიდესი ფსიქოლოგიური მომენტია, სავსე სტადიონი და კარგი ფანები ძალიან დიდი დეტალია. ადრენალინის მოზღვავებასა და ძალების გაორმაგებას იწვევს კარგი ქომაგობა. მწვრთნელი კი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ სპორტის სახეობაში, მას შეუძლია გუნდი, რომელიც ფიზიკურად მზად არ იყოს იმ მომენტში, ისე განაწყოს, რომ თამაში მოაგებინოს. გუნდის სახე არის მწვრთნელი. გულშემატკივრებს ასევე, უდიდესი როლი აქვთ, მათ შეუძლიათ, გუნდს თამაში მოაგებინონ და ახალი ენერგიები და ძალები მიანიჭონ.
M: როგორ შეცვალა პანდემიამ ფეხბურთი?
პანდემიამ შეცვალა ფეხბურთი და ზოგადად, ცხოვრება, პოსტპანდემიის პერიოდი უფრო საინტერესო იქნება, ჯერჯერობით, ინერციით მიდის ყველაფერი. კარგია ტექნოლოგიური წინსვლა, ილუზია მაინც არის, რომ სტადიონზე ხალხი არის და რაღაც ეფექტი შეჰმატა მაინც. უშუალოდ, ფეხბურთელის გადმოსახედიდან ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში რთულია, ემოციურია, ორგანიზების მხრივ, ყველაფერი გაართულა, უამრავი პროტოკოლის დაცვა, გაუთავებელი ტესტირებები, შეზღუდვები, ეს ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

M: რას ეტყოდი დამწყებ მეკარეებს ?
დამწყებ და მომავალ მეკარეებს მოთმინებას ვურჩევ. თავიდან ვერ ხვდები, რამხელა საქმესთან გიწევს შეჭიდება, მეკარეობა არ არის მარტივი, ეს დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რაც წლები გადის, უფრო და უფრო აცნობიერებ ამას. დაუღალავ შრომასა და ვარჯიშს ვუსურვებ ყველას, არა მარტო სპორტული კუთხით, არამედ ფსიქოლოგიურად თუ მენტალურად. წარმატების მისაღწევად მონდომება და თვითრწმენა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი უნდა გააერთიანონ და დაუღალავად იშრომონ. საკუთარ თავს უნდა დაუსახონ მიზანი და მისკენ სავალ გზაზე მხოლოდ წინ უნდა იარონ, იქნება ბევრი დაბრკოლება, პრობლემა, მაგრამ ყველაფერი უნდა დაამარცხონ და საკუთარი თავის რეალიზება, მაქსიმალურად, შეძლონ. სპორტული მხარის გარდა, თითოეულ მათგანს იღბალსა და ჯანმრთელობას ვუსურვებ.