in ,

გიორგი მიქაია – ვიზუალური ბრენდინგის სპეციალისტი

გიორგი მიქაია

logodesign.ge

მარკეტერის სტუმარია გიორგი მიქაია, მას საკუთარ გამოცდილებაზე და ვიზუალური ბრენდინგზე ვესაუბრეთ. ბოლოს კი პატარა ექსპერიმენტიც ჩავატარეთ.

გიორგი შენ რამოდენიმე ცნობილი ლოგოს ავტორი ხარ და შექმნილი გაქვს საკუთარი ვებგვერდი logodesign.ge როგორ მოხვდი ამ სფეროში?

სტუდენტობის პერიოდში ჩემი მთავარი ინტერესები დაკავშრებული იყო მარკეტინგთან – დავიწყე ბრენდინგის შესწავლა და აღმოვაჩინე, რომ სწორედ დიზაინიდან განვითარდა ეს სფერო. გადავწყვიტე სრულფასოვნად მცოდნოდა ეს პროფესია. ასე ვთქვათ ჰობის დონეზე გრაფიკული პროგრამებიც შევისწავლე და რამოდენიმე თვეში უკვე შემეძლო პროექტების შესრულება. თავს გრაფიკულ დიზაინერად არ ვთვლი, უფრო კონსტრუქტორი ვარ ვიდრე დიზაინერი.

ვიზუალური ბრენდინგი იყო ჩემთვის როგორც ჰობი, ინტერნეტით ვიღებდი შეკვეთებს, ხოლო როდესაც უკვე დამიგროვდა საჭირო განათლება და გამოცდილება, შევკრიბე ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა და შევქმენი პორტფოლიო logodesign.ge.

რა დაგეხმარა და გეხმარება შემოქმედებით პროცესში? საიდან მოდის იდეა თუ როგორი უნდა იყოს ლოგო?

შემოქედებით პროცესში მეხმარება ყველა ის ინფორმაცია რომელსაც ვღებულობ ვიზუალურ ბრენდინგზე სხვადასხვა წყაროებიდან. ხოლო იდეა როგორი უნდა იყოს ლოგო ამ ინფორმაციების და ბრიფის ანალიზიდან მოდის. როდესაც გაანალიზებული მაქვს თუ რა დამოკიდებულებას უნდა გადმოსცემდეს ესა თუ ის სიმბოლო , მუსიკის ფონზე ფანქრით ვიწყებ სკეჩების ჩახატვას, შემდეგ გადამაქვს ვექტორულ გრაფიკაში და დიდი დრო ვუნდები მის დამუშავებას. ასე იბადება იდეაც და ლოგოც.

შენი პროექტებიდან რომელი მიგაჩნია ყველაზე გამორჩეულად და წარმატებულად?

გამოვარჩევდი IT GROUP -ის პროექტს.ამ ლოგოს სრულყოფისათვის სამი თვე დაიხარჯა და წარმატებულიც გამოდგა. პროექტის შესრულებაში  ასევე დიდი როლი ითამაშა „იდეალური კლიენტის“ ფაქტორმა, რომელიც ბოლომდე აცნობიერებდა თუ რა უნდოდა.

it-group

ასევე მქონდა ჩემი ინიციატივით კონცეპტ პროექტი BAKURIANI 2018(Candidate City)” ლოგო, რომელიც სხვადასხვა ამერიკულ ბლოგებზე საუკეთესო ოლიმპიურ ინსპირაციებში მოხვდა და მქონდა დიდი გამოხმაურება.

bakuriani 2018

ბრენდინგში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ვიზუალს, როგორ ფიქრობ რამდენად დიდ დროს უთმობენ ვიზუალურ ნაწილს საქართველოში და თუ გამოარჩევდი რომელიმე კომპანიას?

საფირმო სტილი შეიძლება შევადაროთ ადამიანს. როდესაც ხვდები ადამიანს, შეხედავ ტანსაცმელზე, ვარცხნილობაზე და მაშინვე ცნობიერებაში ყალიბდება თანამოსაუბრის ტიპაჟი. მაღაზიებშიც ასევე ხდება, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამა თუ იმ პროდუქტს. მოგვწონს მისი შეფუთვა, გვიზიდავს ფერები, გამოირჩევა სხვებისგან – ჩვენ გვიჩნდება სურვილი მივიდეთ და გავიცნოთ ის.

გამორჩეული სიმბოლოების გარეშე კომპანია არ არსებობს მომხმარებლის ცნობიერებაში, როგორც ერთი მთლიანი და მის ავტორიტეტს არ აქვს საშუალება გაიზარდოს კლიენტებისა და პარტნიორების თვალში.

რაც შეეხება ქართულ კომპანიებს – ვიზუალური ბრენდინგის თვალსაზრისით ყველაზე გამართულად მიმაჩნია საბანკო სექტორი – გამოვარჩევდი საქართველოს ბანკს.

ქართული კომპანიების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს ვიზუალური კომუნიკაციების მნიშვნელობას, რის შედეგადაც მათი მარკეტინგული მოქმედებების ეფექტურობა ძალიან სუსტია, შესაბამისად მათი სარეკლამო ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება შედეგის გარეშე.

რამდენად ადვილია დამკვეთთან ურთიერთობა? ისინი ხო ხშირად ცვლიან ბრიფებს, არ მოწონთ ნამუშევარი? უნდათ რაღაც სხვა და ა.შ და თუ გაქვს რაიმე საკუთარი განსაკუთრებული მეთოდი?

ისეთ დამკვეთთან ურთიერთობა, რომელმაც არ იცის რა უნდა ყოველთვის ძნელია, ამიტომ კარგად შედგენილი ბრიფი ალაგებს ამ ურთიერთობას და ამარტივებს მუშაობის პროცესს.
იმისათვის, რომ შეიქმნა ლოგო რომელიც პასუხობს დამკვეთის მოთხოვნებს, აუცილებელია პირველ რიგში მაქსიმალური ინფორმაციის მიღება იმაზე თუ რას სურს კლიენტს. თანამშრომლობა იწყება დამკვეთის მიერ ბრიფის შევსებით, სადაც მითითებულია მისი ყველა სრუვილი, ასევე შეზღუდვები, თუ ასეთი არსებობს(მაგალითად, რა სიმბოლოებისა და ფერების გამოყენებაა დაუშვებელი და ა.შ.).

მარკეტერს ძალიან ბევრი მცირე და საშუალო მეწარმე კითხულობს, ხშირად ისინი თვლიან რომ ბრენდინგში ინვესტიცია მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ თუ გადავავლებთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ისტორიებს თვალს ეს ასე არ არის. რა მდგომარეობაა საქართველოში?

სწორად აღნიშნეთ ეს არის „ინვესტიცია“ და არა „დანახარჯი“, საშუალო ბიზნესში ამას ხშირად ვერ აცნობიერებენ. ჩემი აზრით ბიზნეს გეგმის შედგენისას თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული ინვესტირების ეს ნაწილი, ისევე როგორც ტექნიკური საშუალებების, საწარმოო ინვენტარის, ადამიანური რესურსების და ა.შ

ისტორიას თუ გადავხედავთ, როდესაც 1971 წელს ფილ ნაიტმა 35$ გადაიხადა ნაიკის ცნობილი ლოგოტიპის შექმნაში, ვიზუალური ბრენდინგი საერთოდ არ იყო განვითარებული და მას არ ენიჭებოდა ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც სინამდვილეში აქვს. უახლესი ისტორიიდან კი – 2008 წელს Arnell Group-ის დიზაინერებმა განაახლეს Pepsi-ის ლოგო და ამისათვის მიიღეს 1 000 000 USD.

ჩემი აზრით დღეს საქართველოში ბაზრის განვითარებიდან გამომდინარე ეს სერვისი არ გამოირჩევა მაღალი ფასებით და სავსებით ხელმისაწვდომია საშუალო მეწარმეთათვის, მთავარია მათ გააცნობიერონ ამ ინვესტიციის თვითანაზღაურების კოეფიციენტი.

ამბობ რომ გიყვარს მუშაობა კომპანიიის სრულ ვიზუალურ ბრენდინგზე, თუ შეგიძლია გამოყო რამოდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი რაც აუცილებელია ნებისმიერი კომპანიის ბრენდინგისათვის?

ბრენდი არის ერთგვარი შთაბეჭდილება მომხმარებლის ცნობიერებაში. პირველი მნიშვნელოვანი ელემენტი არის სწორი ამოცანის შემუშავება და საფირმო სტილის სწორი კონსტრუირება. კომპანიის ყველა ვიზუალური ელემენტი, რომლის სათავეშიც დგას ლოგო უნდა იყოს ერთი მთლიანი და უნდა ქმნიდეს ერთიან კომუნიკაციას მომხმარებელთან. ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ელემენტი კომპანიის ვიზუალურ ბრენდინგში არის სწორედ ერთიანი სტილის შეგრძნება.

როგორც ცნობილია შენ აპირებ კვირაში ერთხელ მაკეტერზე გაოაქვეყნო საქართველოში არსებული რომელიმე კომპანიის შეცვლილი ლოგოტიპი. დავიწყოთ მარკეტერიდან. როგორ შეცვლიდი ჩვენს ლოგოს 

დიახ, ვაპირებ პერიოდულად მარკეტერზე გამოვაქვეყნო ჩემი იდეა თუ როგორი უნდა იყოს სხვადასხვა ქართული კომპანიების ლოგოები, ვფიქრობ საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

მარკეტერის ლოგოს ასეთი სახით შევცვლიდი:

new-marketer

Orange-ი დამსვენებლებს აშინებს

როგორ კეთდება არაბული რეკლამა