ჯორჯ ანდერვუდია სწორედ ის ადამიანი, რომელმაც როკ მუსიკის საკულტო ფიგურის დევიდ ბოუის ვიზუალური იდენტობა შემოგვთავაზა. ყველაფერი ბავშვობის მეგობრობით დაიწყო, დღეს კი ბოუის ცნობილი ალბომების ვიზუალური მხარე, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ ეპოქის ესთეტიკის შექმნაზე, ანდერვუდს ეკუთვნის.
ორივე ციფრული მუსიკის რევოლუციის დროს გაიზარდნენ. რთული წარმოსადგენიც კია ალბომის ხელოვნებაზე საუბარი 1960-1970-იან წლებში, არც ინტერნეტი იყო, არც MTV და პოპვარსკვლავებიც საკმაოდ იშვიათად ჩანდნენ ტელევიზორებში. ამგვარად, სანამ საყვარელ მუსიკოსს ლაივში არ იხილავდნენ, მანამდე მსმენელთან პირველი კავშირის დამყარება სწორედ, ვიზუალურად, ალბომის ყდით ხდებოდა.
ახლა კი ამ თემამ წინ იმიტომ წამოიწია, რომ ანდერვუდი საქველმოქმედო გამოფენაში იღებს მონაწილეობას, რომელიც ბოუის მემკვიდრეობას მიაგებს პატივს. თუმცა სანამ ამაზე მოგიყვებით, მოდით, ჯერ მათ მეგობრობასა და იმ ვიზუალების შექმნის ამბავზე ვისაუბროთ, რომლებიც დღემდე აქტუალურია.
9 წლის ასაკში შეხვდნენ ერთმანეთს, 1960-იან წლებში თინეიჯერები იყვნენ და მალე თავი კულტურული რევოლუციის წინაშეც აღმოაჩინეს. სწორედ იმ პერიოდში დაიბადა როკ-ენ-როლი. ბენდიც კი ჰქონდათ George & the Dragons-ის სახელით, თუმცა ცოტა ხნით… საბოლოოდ, ჯორჯი მიხვდა, რომ მისი მოწოდება მუსიკა და შესრულება კი არა, ვიზუალური ხელოვნება იყო. ამიტომაც, დიზაინის სტუდიაში ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა, შემდგომში ფრილანსერი იყო და არაერთი წიგნის ყდაც შეუქმნია.
მათ შორისაა ბოუის 1969 წლის ალბომი, რომელიც დღეს ჩვენთვის Space Oddity-ის სახელითაა ცნობილი — ჯორჯის უნიკალურ შემოქმედებით სტილს ასახავს, რომელმაც შემდგომში ბევრი მუსიკოსის ყურადღება მიიპყრო. ამასთან, იგი Hunky Dory-ისა და The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars-ის ალბომებზეც მუშაობდა — „მათ შავ-თეთრი ფოტოები მომცეს გასაფერადებლად, მაესტრო ბრაიან ვარდი იყო, მისი ფოტოები კი საოცარი…“. ჯორჯი აქ შემოქმედებით ხელმძღვანელზე მეტი იყო, იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ფერებისა და ფოტოების პრეზენტაციების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ბოუიმ პოპულარობა მალევე მოიპოვა, ჯორჯი კი თითქმის სულ მის გვერდით იყო. 1972 წელს ამერიკის ტურნეშიც ახლდა, რადგან როგორც ამბობს, მას სურდა ვინმე, ვისაც ჩვეულებრივ დაელაპარაკებოდა და ვისთვისაც პერფორმანსის ჩატარება არ დასჭირდებოდა…
საინტერესო რამ მოხდა ბოუის გიტარისტის მიკ რონსონის გარდაცვალების შემდეგ 1993 წელს — ჯორჯმა ანგელოზის ფიგურების გაკეთება დაიწყო, რაზეც ბოუიმ თქვა: God, they made me cry!
„ქანდაკებებს არ ვაკეთებ ხოლმე, როცა ანგელოზები ავირჩიე, ცოტათი იტალიელი ფუტურისტული ხელოვანის უმბერტო ბოჩონით ვიყავი შთაგონებული. ღმერთო, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მათ ფოტოები გადავუღე და დევიდს გავუგზავნე, დამირეკა და გაოცებული დავრჩი იმ ემოციებით, რომლებიც მასში გამოვიწვიე“, — განმარტავს ჯორჯი.
ახლა კი War Child-ის საქველმოქმედო ორგანიზაციის გამოფენაში იღებს მონაწილეობას, რათა ომში დაშავებულ ბავშვებს დაეხმაროს. აქ 33 წამყვან ხელოვანს სთხოვეს, ბოუის სიმღერის ტექსტისთვის: „We like dancing, and we look divine“ ეპასუხათ. საინტერესოა, რომ თავად ბოუიც იყო ჩართული War Child-ის აქტივობებში 1994 წელს…
„ეს მშვენიერი მიზეზი იყო, ამიტომ დაუყოვნებლივ დავთანხმდი… ბევრი ნახატი არ მაქვს მოცეკვავე ადამიანებით, მაგრამ ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი იყო…. ჩემი ხელოვნებით ვცდილობ, ადამიანები დავაფიქრო, ამგვარად, უბრალოდ კი არ უნდა შეხედოთ ნახატს და გაიაროთ, არამედ იქ კიდევ რაღაც არის“, — აცხადებს ჯორჯი.
ახალგაზრდებს კი შემდგომ რჩევას აძლევს: „ყოველთვის საკუთარი თავისთვის დახატეთ. არ ჩათვალოთ, რომ სულ ვიღაც უნდა ასიამოვნოთ. გულწრფელი იყავით საკუთარი თავის მიმართ და დაამსხვრიეთ ყველა წესი“.