10
Jan
2019

„ჯორჯიადან Georgia-ში“, ანუ ამბავი, რომელიც ქართული ასკილის წვენით იწყება

10 Jan 2019

„2008 წელს, როცა ვფიქრობდით ახალ გასტრონომიულ პროდუქტზე, რომელიც საინტერესო იქნებოდა ქართული და უცხოური ბაზრებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ ოჯახში აღმოვაჩინეთ. ეს იყო ტრადიციული სასმელი, რომელსაც ბებიები გვიმზადებდნენ – ასკილისგან გაკეთებული წვენი. ჩემი გამოცდილება კი, დაახლოებით, 2011 წლიდან დაიწყო, როცა ამ საოჯახო ბიზნესში – BPC (Bio Product Company) მმართველი დირექტორის თანამდებობაზე გადმოვედი “, – გვიყვება გიორგი აბაშიძე.

ეს იყო პირველი ქართული წვენი, რომელიც 2012 წელს პირველად, იაპონიის ბაზარზე გავიდა. ამას, წინ უძღვოდა ეკონომიკის სამინისტროს ექსპორტის განვითარების სააგენტოს გამოფენა „ექსპოჯორჯიაში“. „არ ვიცი, ეს შემთხვევითი იყო, თუ არა, ჩვენ, განსხვავებული პროდუქტისთვის განსაკუთრებული ადგილი მოგვცეს, თუმცა ეს კარგი იყო იმდენად, რომ პროდუქტი ყველა მონაწილისა თუ სტუმრის ინტერესის ცენტრი გახდა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იაპონელების დაინტერესება, რომელთანაც ექვსთვიანი მოლაპარაკება ამ ქვეყნის ბაზარზე შესვლით დასრულდა.
იაპონელების გარდა, წვენმა დიდი ყურადღება ბრიტანელი გასტრონომიული და სასმელების ექსპერტისგანაც დაიმსახურა. მან რეკომენდაცია გაუწია კომპანიას, რის შედეგადაც, BPC ფუნქციური არაალკოჰოლური სასმელების პრესტიჟულ ბრიტანულ კონკურსზე მიიწვიეს. „ჯერ ათეულში მოვხვდით – საუკეთესო იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროდუქტის ნომინაციაში, შემდეგ კი, გავიმარჯვეთ. ეს იყო უდიდესი წარმატება“.M: გიორგი, გვიამბეთ, როგორია BPC-ს გზა დაფუძნებიდან დღემდე?
ამ კომპანიის იდეა და გზა ძალიან საინტერესოა. დავიწყეთ უცხო პროდუქტით, ასკილის წვენით, რადგან ვაშლის წვენი რომ აგვერჩია, განსხვავებულ ნიშას ვერ დავიკავებდით. მერე დავამატეთ ალუბლის წვენი, ძალიან მალე კი, ბროწეულის წვენსაც გამოვუშვებთ. ბრენდირებას რაც შეეხება, გადავწყვიტეთ, რომ „ბი პი სი“ დარჩენილიყო, როგორც მწარმოებელი ბრენდის სახელწოდება, ამ კონკრეტულ 3 პროდუქტს კი, დავარქვით: „ანოს ასკილი“, რადგან ბებიის რეცეპტითაა დამზადებული, „ჩაკბიჩე ალუბალი“ და ბროწეულის წვენი – „შიგნით ათასი“.

M: როგორ მოხვდა ასკილის წვენი ჯორჯიის შტატში და იქ რა სახელით პოზიციონირებს ბრენდი?
იდეა, რომ გვინდოდა, ბიოპროდუქტი გაგვეკეთებინა, რეალობად 2014 წელს ვაქციეთ. ორგანული სერტიფიკატის აღება კონკრეტულად ამერიკის ბაზარზე შესასვლელად ავიღეთ. იქ ჩვენ პარტნიორი გვყავს და დაარსდა კორპორაცია NADI. „ნადი“ ქართული სიტყვიდან მოდის და ნიშნავს ადამიანების გაერთიანებას რაღაც საერთო მიზნისთვის. „ნადირობა“, „ნადიმიც“ აქედანაა ნაწარმოები. მოკლედ, ეს ორგანული პროდუქტი შევქმენით კონკრეტულად „ნადისთვის“ და დღეს, „ნადი“ აშშ-ის რამდენიმე შტატში ორგანული და ნატურალური პროდუქტების ქსელებში სასმელების სხვა დიდ ბრენდებთან ერთად იყიდება. M: ჩვენთვის ცნობილია, რომ BPC მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით (CSR) გამოირჩევა… მოგვიყევით ამაზე…
ასკილის – ამ ნედლეულის შესაგროვებლად, დავასაქმეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული ოჯახები, ასევე, სამაჩაბლოს ომიდან დევნილი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საგურამოს მახლობლად, კერძოდ, წინამძღვრიანთკარის სოფელში. სეზონურად ვასაქმებთ ამ ადამიანებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კოოპერატივი, სახელად „ტყის ნობათი“. მათ ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის დახმარებითა და ჩვენი მონაწილეობით, ინფრასტრუქტურა მოეწყოთ – საშრობები გაუკეთდათ და მანქანა გადაეცათ, რითაც გადაადგილდებიან და ა.შ. პროდუქტს ველურად კრეფენ და ბიოსერტიფიცირების ყველა წესს იცავენ.
M: გარდა იმისა, რომ მალე ბროწეულის წვენიც გამოჩნდება ქართული სუპერმარკეტების დახლებზე, კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ BPC-სგან?
თებერვალში ჩვენი პროდუქტის პლასტმასის ბოთლში წარმოებასაც დავიწყებთ. ამჯერად, უკვე საშუალო და დაბალი სეგმენტის მომხმარებლისთვის, შედარებით დაბალი გასაყიდი ფასით, თუმცა ყველა ინგრედიენტით ნატურალურ და გემრიელ პროდუქტებს.

განხილვა