27
Feb
2019

საქართველო ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

27 Feb 2019

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, წელს 7-17 თებერვალს ჩატარდა. ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ იყო წარმოდგენილი. ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთობლივად წარმოადგენდნენ. საქართველოს პავილიონში გაიმართა შეხვედრები, სადაც ქართული ფილმების პოპულარიზაციის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლებისთვის პროგრამის „გადაიღე საქართველოში” გაცნობა მიმდინარეობდა.

კინობაზრობაზე (EFM) საქართველოს პავილიონში ინდუსტრიული კუთხით მუშაობდნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში – თამარ ტატიშვილი, Creative Europe-ს მედია ქვეპროგრამის მენეჯერი – ლევან ლომჯარია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი – მარიამ მარიამიძე და ანიმაციური ფილმების პროდიუსერი მარიამ კანდელაკი.

მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კანის, ტორონტოს, სანდენსის, ლოკარნოს, კარლოვი ვარისა და სან სებასტიანის კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. დაიგეგმა კანის კინოფესტივალის დირექტორის – ტიერი ფრემოს ვიზიტი საქართველოში, ვალიადოლიდის კინოფესტივალის ფოკუსში კი წელს საქართველო იქნება. საქართველოს სტენდს ესტუმრნენ ეროვნული კინოცენტრის პროექტის “კინო სკოლაში” ბრიტანელი პარტნიორები და პროექტის სამომავლო გეგმები პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა” ფარგლებში განიხილეს. შეგახსენებთ, რომ “კინო სკოლაში” სწორედ “შემოქმედებითი ევროპის” ბენეფიციარია.

სექციაში Generation იანა უგრეხელიძის ანიმაციური ფილმის “ომის იავნანა” პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენებას თავად რეჟისორიც ესწრებოდა, რომელმაც მისი ნამუშევარი გადამღებ ჯგუფთან ერთად წარუდგინა ფესტივალის სტუმრებს.
იანა უგრეხელიძე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ანიმატორია, რომელმაც ფილმი “ომის იავნანა” ბავშვის თვალით დანახული აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ შექმნა. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს მშობლიურ ქალაქს 4 ბავშვი 4 შესაძლო გზით – ხანძრით მოცული ქალაქიდან.

პარალელურად, ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმაზე Berlinale Talents წელს 2 ქართველი კინემატოგრაფისტი მონაწილეობდა – ნათია ნიკოლაშვილი და სანდრო სულაძე. სანდრო სულაძემ დამსწრე საზოგადოებას მისი ახალი ფილმის პროექტი “გუშაგები” წარუდგინა.

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ, ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა დამატებითი შეხვედრები შემდეგი ქვეყნების კინოცენტრების და კინოინსტიტუტების წარმომადგენლებთან: ნორვეგია, ესტონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ხორვატია, პოლონეთი. სამუშაო შეხვედრების მიზანია, ქართველი და უცხოელი პროდიუსერებისა თუ რეჟისორების ხელშეწყობა კოპროდუქციული ნამუშევრების შესაქმნელად, რაც ქართულ კინოინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. პრეზენტაციებისას წარმოდგენილი იყო 9 ქართული სრულმეტრაჟიანი პროექტი, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება ან განვითარების გარკვეულ ეტაპზეა.

პროექტები უცხოელი კოლეგების წინაშე თავად ავტორებმა წარადგინეს:

“ბავშვი” (პროდ. კარლო ჩიხრაძე)
“დიაკვანი” (პროდ. გიორგი თავართქილაძე)
“მამა” (პროდ. ელენე კოლელიშვილი)
“ნაცრისფერი ცა” (პროდ. კონსტანტინე კალანდაძე)
“ლიზა ბოზია” (პროდ. სოფო ჟვანია)
“წყნარი მთა” (პროდ. ლუკა ბერაძე)
“შეხვედრა” (პროდ. ნინო ჩიჩუა, ანა ხაზარაძე)
“ქორწილი ჩვენს ქუჩაზე” (პროდ. ვლადიმერ ჩიხრაძე)
“ზამთრის დეპრესია” (პროდ. ვალერიან კირკიტაძე)

ასევე, Market Screening-ზე სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლებმა და დისტრიბუტორებმა იხილეს ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი “ანტონი”.

განხილვა