23
Mar
2018

ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ძეგლი, კოლხური ტეტრადრაქმა „საქართველოს კაპიტალის“ ლოგოს მოტივად

23 Mar 2018

მას შემდეგ, რაც BGEO Group-ში გაიმიჯნა საბანკო და საინვესტიციო მიმართულება, საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალის“ სახელით გააგრძელა საქმიანობა, იმ მიზეზით, რომ უკეთ ასახავდა კომპანიის ფოკუსს, რაც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და ქართულ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს. საინვესტიციო კომპანიის ლოგოს მოტივი, მისი საქმიანობის შესაბამისად, კოლხური თეთრის ტეტრადრაქმა გახდა. Georgia Capital-ის სიმბოლოს შექმნის დეტალებზე მარკეტერის შეკითხვებს საქართველოს ბანკის კრეატიულმა დირექტორმა, ნიკა გუჯეჯიანმა უპასუხა:


Georgia Capital არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის კუთხით. საინვესტიციო კომპანია, უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებში ახორციელებს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. Georgia Capital-ის შემადგენლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბიზნესი შედის, სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის, როგორც სამშენებლო, ასევე ჯანდაცვის, განახლებადი ენერგიისა თუ ჰესების ბიზნესი.


M: როგორ გამოხატეთ ლოგოტიპით კომპანიის საქმიანობის მთავარი მიმართულება?
Georgia Capital-ის აუდიტორია, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უცხოელი ინვესტორებიც არიან, შესაბამისად, კომპანიის სიმბოლო ორივე აუდიტორიისთვის თანაბრად აღქმადი და საინტერესო უნდა ყოფილიყო. ქართველებისთვის საამაყო, ინვესტორებისთვის კი – კიდევ უფრო კარგად უნდა გაეცნო საქართველო, ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და შესაძლებლობები.

სწორედ ეს გახდა ამოსავალი წერტილი, როდესაც ლოგოტიპის მოტივად კოლხური თეთრის ტეტრადრაქმა ავიღეთ, ძვ. წ. VI-III საუკუნეებში მოჭრილი ფულის მონეტა, რომელიც საქართველოში გამოყენებული ფულის ერთ-ერთი პირველი ექსპონატია. კოლხური თეთრის ტეტრადრაქმა ქართული ნუმიზმატკის უნიკალური ძეგლია, მისი იშვიათი შესრულების ტექნიკით. ძალიან საინტერესოა მონეტის ისტორია და მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში. ლოგოტიპში პირველი ქართული ფულის გამოყენება კი ზუსტად გამოხატავს კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ საქმიანობას.

M: ვის ეკუთვნის კოლხური თეთრის კომპანიის ლოგოს მოტივად გამოყენების იდეა?
იდეა კომპანიის სახელზე მუშაობისას გაჩნდა. ჩვენი გუნდის წევრმა, ნონო ანთაძემ (კოპირაიტერი) ძიების პროცესში გაიხსენა „კოლხური თეთრის“ მონეტების სერია, პირველი მოჭრილი ფული საქართველოში. საბოლოოდ, კომპანიის მენეჯმენტს, მონეტის მოტივზე შექმნილი სიმბოლოს გამოყენება შევთავაზეთ. პრინციპში, სიმბოლოს სხვა მიმართულებაზე აღარც გვიმუშავია, იმდენად მოგვწონდა კოლხური თეთრის მოტივი.M: რა იყო, ლოგოს შექმნის პროცესში, თქვენთვის მთავარი გამოწვევა?
ტეტრადრაქმაზე გამოსახულ ლომს საკმაოდ აგრესიული და საშიში გამომეტყველება აქვს, მთავარი ამოცანა იყო ამ მონეტის მოტივზე შეგვექმნა სიმბოლო, რომელიც არ იქნებოდა აგრესიული, მაგრამ შეინარჩუნებდა კოლხური თეთრის იდენტობას.მიმართულების შერჩევის შემდეგ, საქართველოში არსებულ საუკეთესო ლოგოს დიზაინერებთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ. გაკეთდა ბევრი, ძალიან კარგი და საინტერესო ლოგოს ვერსია, საბოლოოდ კი, თაკო ჭაბუკიანის მიერ შესრულებული ნამუშევარი ავარჩიეთ და ბრენდბუქზე მუშაობა მასთან ერთად განვაგრძეთ. უშუალოდ, ლოგოტიპის ქართულ ტიპოგრაფიაზე კი აკაკი რაზმაძემ იმუშავა.

განხილვა