in

ილიაუნის ორგანიზებით საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia – Educational Games Hackathon მიმდინარეობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 12-13 ნოემბერს მიმდინარეობს საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia – Educational Games Hackathon, რომელიც საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ერთდროულად ეწყობა და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.

ჰაკათონზე სულ 29 გუნდში გაერთიანებული 115 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთაგან 22 გუნდი შეირჩა.

საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia – Educational Games Hackathon 12 ნოემბერს გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, ნანა დიხამინჯიამ და ილიაუნის ფაბლაბის მენეჯერმა, ავთანდილ მღებრიშვილმა.

ორი დღის განმავლობაში მენტორებმა აქტიური სამუშაოები ჩაატარეს ჰაკათონის მონაწილეებთან ერთად და გამართეს ლექციები შემდეგ თემებზე:

„საგანმანათლებლო თამაშები – განათლების მომავალი“ – ნანა დიხამინჯია, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით;

„სკოლების მდგომარეობა საგანმანათლებლო რესურსებთან მიმართებაში“ – სანდრო ასათიანი, პროფესორი, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ხელმძღვანელი;

„გემიფიკაცია – მომხმარებლის გამოცდილების შექმნა“ – დავით ჩეჩელაშვილი, ილიაუნის ლექტორი, ანტერპრენერი.

დღეს, 13 ნოემბერს, გაიმართება მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი გლობალურ ეტაპზე საასპარეზოდ. გუნდებს გერმანიის ევროსაბჭოს პრეზიდენტობა შეაფასებს. მათ მიერ გამოვლენილი გამარჯვებული 10 გუნდის პროექტები კი აიტვირთება ჰაკათონის ოფიციალურ საიტზე, სადაც ხმის მიცემის პრინციპით დეკემბრის ბოლომდე გამოვლინდება გამარჯვებული.

DigiEduHack, EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი)

ინიციატივა ხორციელდება ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, გუნდები მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან ერთიანდებიან განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს გერმანიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს. ჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს, შეიმუშავონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თამაშების მიმართულებით.

პრიზები:

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ რჩეულ გუნდს გადასცემს;
• ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო, რომელიც თავის რჩეულ გუნდს გადასცემს პრიზს 1500 ლარის ოდენობით;
• ჰაკათონის პარტნიორია TBC for Youth – თიბისი ახალი თაობისთვის, რომელიც გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადასცემს ტექნიკის მაღაზიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ბრენდირებულ საჩუქრებს;
• ჰაკათონის პარტნიორები არიან სექტორი 3 • Sector 3 და ფონდი პროდემოსი, რომლებიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემენ პრიზს 2000 ლარის ოდენობით;
• ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Alta • ალტა, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს – Lenovo ThinkPad X1 ANC-ის ყურსასმენებს.

ჰაკათონის პარტნიორები:

• სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
• TBC for Youth – თიბისი ახალი თაობისთვის
• სექტორი 3 • Sector 3 და ფონდი პროდემოსი
• Alta • ალტა
• საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA • Tech Park)
• Marketer.ge
• NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები
• CG Georgia

როგორ ვიყოთ პროდუქტიული მაშინ, როცა თავს საშინლად ვგრძნობთ

იაპონიაში, რობოტი ძაღლი და რობოტი დინოზავრი სანაყინეში „მუშაობენ“