ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალ Eurobest 2016-ს წელს რომმა უმასპინძლა. Palazzo Barberini-მა ატმოსფერო უფრო სასიამოვნო გახადა სესიების, ვორქშოფების, სემინარებისა და დებატებისათვის. წლევანდელი თემა გარემოს შესაფერისი იყო: შეგრძნებები და მულტისენსორული ბრენდინგი. ფესტივალს ქართული სააგენტოებიც ესწრებოდნენ, მათ შორის Saatchi&Saatchi, Leavingstone და Eurobest-ის ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული კომპანიები Windfor’s და Redberry.
საქართველო ფესტივალზე პრიზის გარეშე არ დარჩენილა: Leavingstone-მა ლუდი Old Irish-ის კამპანიით ბრინჯაო მოიპოვა. ამის გარდა, დადებითი შეფასებები მიიღო ჟიურისგან “იკანოს” კამპანიისთვის შექმნილი სიმღერისთვის. გიორგი ბურჭულაძე, Leavingstone-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი:
“რომი დიდებული ქალაქია და ფესტივალმაც დიდებულად ჩაიარა. სამი დღის განმავლობაში ბევრ საინტერესო გამოსვლასა და ვორქშოფს დავესწარით. საკონკურსო ნაწილს რაც შეეხება, ლუდი Old Irish-ის კამპანიით 100% Real Virtual Reality, ჩვენ მოვხვდით Shortlist-ში 2 კატეგორიაში: Media და PR, რომელთაგანაც PR-ის კატეგორიაში ბრინჯაოს ჯილდო მოვიპოვეთ.
გარდა ამისა, Film Craft-ის ადაპტირებული მუსიკის კატეგორიაში ვასპარეზობდით “იკანოს” კამპანიით Smells like a teen spirit, რომელიც ვერ მოხვდა shortlist-ში, თუმცა ჟიურის პრეზიდენტი 40 წუთის განმავლობაში გვიზიარებდა თავის შთაბეჭდილებებს, თუ როგორ მოიხიბლა ქართულ პოლიგონიაში გადაწყვეტილი ნირვანას სიმღერით. „ლივინგსტონისთვის“ ეს პირველი აღიარებაა “ევრობესთზე” და ამით მოხარულები ვართ.”
„ევრობესთზე“ ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, უამრავი ნამუშევარია წარდგენილი და ბევრი ჯილდო გაიცემა, თუმცა საქართველოს გამოჩენა დარბაზმა განსაკუთრებული ოვაციებით აღნიშნა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/canneslionsgeorgia/videos/774235892730542/” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
Cannes Lions Georgia-ს წარმომადგენელი ნოდო ლობჟანიძე: -„დარბაზში არსებული იმ რეაქციებით, რაც საქართველოს გამოჩენას მოჰყვა, გაოცებული ვიყავი. ყველა კატეგორიის ბრინჯაოსა და ვერცხლის გამარჯვებულებს სწრაფად ასახელებდენ, რათა სცენაზე ოქროს მფლობელი მიეხმოთ. PR-ის კატეგორიის ბრინჯაოს მფლობელების გამოცხადებისას კი, წამყვანმა დარბაზს სთხოვა ტაშით შეხვედროდენ საქართველოს წარმატებას. ეს იმით აიხსნება, რომ ქართულმა სააგენტოებმა თავიანთი აქტიურობით დაამტკიცეს იმ დიდი ოჯახის წევრობა, რასაც ევროპის კრეატიული ინდუსტრია ჰქვია.
ფესტივალის ორგანიზებას რაც შეეხება. ყველაფერი ძალიან კარგი იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ქართველებს უკეთესის ორგანიზება არ შეგვიძლია. ამას ამტკიცებს ფესტივალი AdblackSea, რომელიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული ქართველების მიერ. ახლა მთავარია, უფრო მეტად შევაწუხოთ ევროპა და ვიფიქროთ უფრო მეტი ჯილდოს მოპოვებაზე, რაც ერთ დღესაც, „ევრობესთის“ საქართველოში ჩატარების სურვილს გაუჩენს ორგანიზატორებს.“
„ევრობესთზე“ ყველაზე აქტუალური იყო და განსაკუთრებით ბევრი პრიზის მფლობელი გახდა კამპანია The Swedish Number, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეძღვნებოდა. კამპანიის ფარგლებში შვედეთს მიენიჭა ტელეფონის ნომერი. ამ ნომერზე საზღვარგარეთიდან დარეკვისას შეიძლებოდა შემთხვევით დაკავშირებოდით შვედეთის რომელიმე მოქალაქეს და მასთან განუსაზღვრელად, ყველაფერზე გესაუბრათ.
გამარჯვებულები, მათი ნამუშევრები და ასევე, shortlist-ები შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებ-გვერდზე.