3
Jul
2019

“Georgia on their minds” – აჭარა Euronews-ის ობიექტივში

3 Jul 2019

ბათუმი, როგორც ევროპის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, Euronews-ის ობიექტივში მოხვდა. გადაცემა Focus-მა ქალაქს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საუბარია, თუ რატომ არის ქალაქი ტურისტებისთვის მიმზიდველი.

 

 

რეპორტაჟში საუბარია ბათუმსა და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. გადამღები ჯგუფი ადგილზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ჩამოვიდა. მათი თქმით, ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს „ევრონიუსის“ მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა. ეს კი საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოს, კერძოდ ბათუმის, მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მაყურებელი 2017 წლიდან დღემდე ეცნობა რეგიონის შესახებ საიმიჯო ვიდეოკლიპებს, რომელიც, ყოველწლიურად, მათ შორის წელსაც, ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა. რეგიონის პოპულარიზაცია, ასევე, მიმდინარეობდა Deutsche Welle-სა და  BBC – ის ეთერებით. 10 ივლისიდან, კი მათ რიცხვს Travel Channel და National Geographic შეემატება, სადაც ერთი თვის განმავლობაში, აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები იტრიალებს.

„ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებების მხარდაჭერა, როგორიცაა „ევრონიუსი“. ახლა განსაკუთრებით გვჭირდება ხმა მივაწვდინოთ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს, რომ საქართველოში დასვენება არის უსაფრთხო, საინტერესო და მრავალფეროვანი. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ რეგიონის სამიზნე ქვეყნებში. Deutsche Welle-ს, BBC -ისა და Euronews-ზე აქტიური სატელევიზიო რეკლამების შემდეგ, წელს, პირველად ვიწყებთ რეგიონის პოპულარიზაციას ისეთი რეიტინგული, საერთაშორისო ტელევიზიებით, როგორებიცაა Travel Channel და National Geographic, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას,“ – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.

განხილვა