საქართველოში მალე საზაფხულო ტურისტული სეზონი დაიწყება. მზადება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა საქართველოს ტურისტული, ახალი რეკლამა მსოფლიოსთვის. მაისში კი გამოვა სპეციალურად ტურისტებისათვის განკუთვნილი კვარტალური გამოცემის Georgia to see-ის (www.georgiatosee.com) მე-4 ნომერი.
რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობისათვის მსგავსი გამოცემები და არის თუ არა მომგებიანი, როგორც ბიზნესი – ამ თემებთან დაკავშირებით „მარკეტერი“ Georgia to see-ის დამფუძნებელს, ქეთა ლომიძეს ესაუბრა.
ქეთა ლომიძე (გამოცემის დამფუძნებელი): დღევანდელი გადასახედიდან რომ შევაფასოთ, ჩვენს გამოცემას საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს. მასში მოცემულია ინფორმაცია საქართველოში მოქმედი სასტუმროების, საკვები ობიექტების, დასასვენებელი სახლების, სპორტ. დარბაზების, სავაჭრო ცენტრების და სხვა ისეთი დაწესებულებების შესახებ, რომელთა ნახვა აუცილებლად დააინტერესებს სტუმარს და გზამკვლევის საშუალებით ადვილად მოახერხებს ამას. ასევე, გვაქვს კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალი, საკონცერტო დარბაზები, კინოსა და თეატრების აფიშები. ჟურნალი “დასურათებულია” როგორც სპეციალური ფოტო პროექტებით, ასევე კერძო და სახელწიფო არქივის უნიკალური მასალებით. ჩვენი მთავარი მიზანია, გამოცემა იყოს ტურისტისთვის მოსახერხებელი, პრაქტიკული და საინტერესო. ქალაქში ხშირად შეხვდებით მოსეირნე უცხოელს Georgia to see-ის ნომრით ხელში. ობიექტები მუდმივად ითხოვენ ჟურნალების დამატებას, რადგან სწრაფად თავდება. ჩვენთვის ეს დიდი სტიმულია რომ არ გავჩერდეთ და უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო საინტერესო, მომხიბვლელი და სასარგებლო გავხადოთ ჟურნალი.
M: ვინ მუშაობს ჟურნალზე ?
ჟურნალზე მუშაობს პროფესიონალთა გუნდი. ჟურნალის მთავარი რედაქტორია ნესტან კვინიკაძე, რედაქტორი ნინო გვალია, ყდის ფოტოების ავტორია გრეგორი რეჯინი, ჩვენი ჟურნალისთვის წერენ ვახო ბაბუნაშვილი, გიორგი კეკელიძე, დალი ცატავა, ირმა კახურიშვილი, გიორგი მაისურაძე და სხვები. ჟურნალის დიზაინზე მუშაობს ანა ბოკო, კომერციული დირექტორი თეა კოლოტაური და გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახური. ამიტომ, მუდმივი რუბრიკების გარდა, ყოველ ნომერში გვაქვს სიახლეები. გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმარმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ტურისტული სეზონის შესახებ საინტერესო და სწორი ფორმით .
M: როგორც ბიზნესი , მომგებიანია ?
ჩვენი რედაქციის ყველა პროდუქტი არის თვითდაფინანსებაზე (“კულინარტი”, “თორმეტი” და Georgia to see) ამიტომ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არამომგებიანი პროექტი „ვარჩინოთ“. ყველა ჩვენი პროექტი, მათ შორის ჟურნალი “Georgia To See” არის მომგებიანი. თუმცა, საქართველოში ბეჭდური მედია არ არის იმ ტიპის ბიზნესი, სადაც „დიდი ფულის“ შოვნა არის შესაძლებელი.
M: ასეთი გამოცემები რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობისათვის?
ასეთი ტიპის გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობისთვის, იდეა და მიზანი ამ პროექტისა სწორედ ეს იყო. აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს ჟურნალი – გიდი რომლითაც იხელმძღვანელებს ტურისტი, სადაც ყველა მათთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია იქნება ერთად თავმოყრილი.