in ,

ქართული სააგენტოების დიდი წარმატება Golden Drum-ზე

Golden Drum საერთაშორისო კრეატიული ფესტივალია, რომელიც 18-21 ოქტომბერს სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდა. რიგით 23-ე დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობას 38 ქვეყანა იღებდა, მათ შორის საქართველოც. ფესტივალზე წარდგენილ ათასზე მეტ ნამუშევარს შორის ქართული სააგენტოებიც გამოირჩეოდნენ, –  3 ოქრო Saatchi & Saatchi-ს, 1 ოქრო და 2 ვერცხლი Leavingstone-ს, 1 ვერცხლი კი, ABK-ს ხვდა წილად. აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე ქართველების წარმატება იმის დასტურად ნამდვილად გამოდგება, რომ საქართველოს სარეკლამო ინდუსტრია საერთაშორისო ბაზარზე თანდათან იმკვიდრებს თავს.

კომპანიამ Saatchi & Saatchi 3 ოქროს ჯილდო მოიპოვა ნამუშევრით Abused Presenter კატეგორიებში: მედია, PR და Branded Content. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, რუსო გიგინეიშვილის თქმით, მათთვის ეს გამარჯვება ფესტივალების სეზონის ერთგვარი შემაჯამებელი შედეგია:

-„Abused Presenter-მა ჯამში 7 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს ჯილდო მოგვიტანა სხვადასხვა ფესტივალებზე. Golden Drum-ის შედეგი ერთ-ერთი საუკეთესო და განსაკუთრებული სტიმულის მომცემია ჩვენი გუნდისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველოს სააგენტოებმა ასეთ კარგ შედეგს მივაღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრის განვითარებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება და ჩვენი ნამუშევრები კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე.“

 

Leavingstone-ის კამპანიამ Old Irish, რომელიც სხვადასხვა ფესტივალებში გამარჯვებით უკვე 17 ჯილდოს ითვლის, ოქროს დრამი მოიპოვა ციფრულ (დიჯიტალის) კატეგორიაში, ხოლო ერთი ვერცხლი OOH კატეგორიის სასმელების ჯგუფში და ასევე, ვერცხლი აქტივაციის პროგრამაში.

leavingstone

ABK-ს მიერ კომპანია Alpina-სთვის შექმნილმა ვიდეორგოლმა 1 ვერცხლი მოიპოვა ფილმის კატეგორიაში. კლიპი ახალგაზრდა წვილის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებსაც სათამაშოები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან.  ABK-ს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი მიშა თოდუა ამბობს რომ, თითოეულ პროექტზე მთელი გუნდი მუშაობს და პატარა კომპანიისთვის ეს წარმატება დიდი მიღწევაა, რომელიც ყველას ერთნაირად უხარია:

-„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა კომპანიამ, ფილმის კატეგორიაში შეძლო საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლის ჯილდოს მოპოვება. ასეთ ფესტივალებზე კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა ფილმის იმ სამ კატეგორიაში, სადაც ჩვენ გვქონდა გაგზავნილი, მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით short list-ში. როგორც ჩანს, ჟიურიმ ჩათვალა, რომ ჩვენ პროექტს ღირსეული კონკურენტი არ ჰყავდა. ამ პროექტმა, ასევე, მოგვაგებინა Best Of Contest ფილმ და კრაფტის კატეგორიაში AD Black Sea – ზე.“

 

გამარჯვებულთა სია.

ადამიანების მენეჯმენტი – პროფესიული განვითარების განუყოფელი ნაწილი

პომადის ფასია 15 წუთი – დრო, რომელიც ძუძუს კიბოს შესამოწმებლად არის საჭირო