28
Feb
2018

Georgian Airways-ის რეისებს კიდევ 11 პირდაპირი მიმართულება დაემატა

28 Feb 2018

„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისებს 11 ახალი მიმართულება დაემატა. 25 მარტიდან პარიზში, ბარსელონაში, ბრიუსელში, ბოლონიაში, ბერლინში, კიოლნში, ხარკოვში, სალონიკში, ბრატისლავაში, ათენსა და ყაზანში ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.

mBank QR
mBank QR

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინერნეტ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა მჭედლიშვილის თქმით, „ჯორჯიან ეარვეისი“, მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ აგრძელებს მუშაობას, რომ მათ რეისებს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი მიმართულება დაემატოს.

ბექა მჭედლიშვილი:  ჩვენი მარკეტინგის და კომერციული სამსახურების თანამშრომლებმა ჩაატარეს შესაბამისი კვლევა, რომლის საფუძველზეც კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო ზემოთ ჩამოთვლილი 11 ახალი მიმართულების დამატების გადაწყვეტილება.

M: ახალ მიმართულებებზე კონკურენტუნარიანი ფასები იქნება?

ფასები უკვე კონკურენტუნარიანია ახალ მიმართულებებზე. გაყიდვები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ორი გზის ავიაბილეთის ყიდვა 199 ევროდ არის შესაძლებელი. პრომო ფასები გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე. ამასთან, 2017 წელს არაერთი აქცია შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს, მათ შორის, „თიბისი ბანკთან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, თბილისი-ვენა-თბილისის ბილეთები 300 ლარი ღირდა. მსგავსი შეთავაზებები, სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, მომავალშიც აუცილებლად გვექნება.

M: რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრისთვის შეთავაზებული სიახლე?  

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ერთადერთი ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისია“. ამასთან, ქართველი მგზავრი არ არის განებივრებული თბილისიდან პირდაპირი ავიარეისების სიმრავლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წელს დავამატეთ პირდაპირი ფრენა ლონდონში, პრაღასა და კიევში, დღეს ჩვენ დავფრინავთ 10 მიმართულებით და 2018 წლის 25 მარტიდან უკვე 11 ახალი რეისი გვემატება. ანუ, ჯამში, გვექნება 21 პირდაპირ რეისი თბილისიდან. დამეთანხმებით, ეს ჩვენი ქვეყნისა და საავიაციო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა.

M: ასევე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს განახლდება Georgian Airways-ის ავიაპარკი. კონკრეტულად რა ტიპის თვითმფრინავები შეემატება ავიაპარკს?

2017 წელს ჩვენს ავიაპარკს 3 ახალი Embraer 190-ის ტიპის თვითმფრინავი დამეატა. 2018 წელს კიდევ დაემატება Boeing 737-800-ის და Embraer 190-ის ტიპის საჰაერო ხომალდები.

M: ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ავიაკომპანიის ამ ბაზარზე არსებობა?

ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული ავიაკომპანიის არსებობა, ვფიქრობ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკურენციას, მთავარია, კონკურენცია იყოს ჯანსაღი და სამართლიანი.

M: რა გამოწვევები არსებობს დღეს ბაზარზე და როგორ მუშაობს Georgian Airways ამ მიმართულებებზე?

მგზავრთა მოთხოვნები ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ყველა მოთხოვნა, შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ და დავაკმაყოფილოთ. 2018 წელს გარდა იმ სიახლეებისა, რომელზეც უკვე ვისაუბრე, დაგეგმილი გვაქვს სერვისის გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, მათ შორის ბორტზე.

განხილვა