in

რა ზიანი მიადგა ქართულ თანამედროვე სახელოვნებო სფეროს და როგორია გამოსავალი?

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ძალიან ბევრი ხელოვანისგან თუ ხელოვნებათმცოდნისგან გვესმის, რომ ამ სფეროს სერიოზული ზიანი მიადგა. ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას, თუმცა, ქართულ რეალობაში თვლიან, რომ ხელოვნების სფერო სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, პრიორიტეტული არ არის. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ამ სფეროში მუდმივი მოძრაობაა – არსებობენ არტისტები და გალერეები, რომლებიც არამხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ მასშტაბებში მუდმივად ცდილობენ ქართული პოტენციალის გამოვლენას და დაფასების მოპოვებას. თუკი ორი თვის წინ, ერთხელ მაინც შეავლეთ თვალი ღონისძიებათა განრიგს, გემახსოვრებათ, გაზაფხულზე რამდენი გამოფენა, არტ-ღონისძიება თუ ბაზრობა იყო დაგეგმილი. თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ რამდენიმე კვირაში განაახლებდნენ იმას, რაც გადადეს, თუმცა, ასე არ მოხდა.

ქართულ სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანები ცდილობენ, მოერგონ არსებულ რეალობას, თუმცა, რამდენად შეუძლია, თავად ხელოვნებას, მოერგოს სოციალურ დისტანციას? დღევანდელ მდგომარეობაზე სასაუბროდ ოთხ რესპონდენტს: ირინა პოპიაშვილს, თამუნა ღვაბერიძეს, უტა ბექაიასა და ბაია წიქორიძეს დავუსვით კითხვები.

როგორ ფიქრობთ, რა ზიანი მიადგა ქართულ სახელოვნებო სფეროს ამ პერიოდის განმავლობაში, რა შეიცვალა და სამომავლოდ რა შეიცვლება, თუ ამგვარად გაგრძელდა?

თამუნა ღვაბერიძე – არტ გალერეა “Window Project-ის” დამფუძნებელი

რამდენიმე წელია, უკვე სახელოვნებო სივრცეში კარგი დინამიკა შეიმჩნევა, ქვეყნის განვითარების ზოგად დინამიკას ეს სფერო საერთაშორისო სტანდარტებით არ ჩამოუვარდებოდა. არტისტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,  შემდეგ გალერეები წარადგენენ მათ ნამუშევრებს და ყოველ წელს ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მივდივართ. თანამედროვე სახელოვნებო ბაზარი, ვგულისხმობ სრულ ჯაჭვს, მაინც დაწყებით ეტაპზეა, პანდემიამ კი ეს რითმი დროებით შეაჩერა.

კონკრეტულად ჩამოგითვლით რა მოხდა: გადაიდო ან გაუქმდა ყველა დაგეგმილი გამოფენა გაურკვეველი პერიოდით. გადაიდო მაისში სახელოვნებო ბაზრობა, რაც შემოსავლის წყარო იქნებოდა როგორც არტისტებისთვის, ასევე გალერეებისთვის. გარდა ამისა, პრესა, რომელიც ამ დროს ჩამოდიოდა და წერდა საქართველოზე თანამედროვე ხელოვანების წყალობით და ჩვენი მუშაობით, რა თქმა უნდა, ვეღარ გააშუქებს.. მარტში ველოდებოდი კოლექციონერების ჯგუფს. შოთიკო აფციაური, ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი, მაისში აპირებდა ნიუ-იორკში Residency Unlimited-ში 3 თვით გამგზავრებას და რეზიდენციის გაკეთებას – ესეც გადაიდო, მაგრამ  სხვა გზა არ გვაქვს, მივიღეთ რეალობა. გარდა ამისა, ის ხელოვანები, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში მუშაობდნენ დამატებითი შემოსავლის მისაღებად, ვეღარ მუშაობენ და ეს მართლა მტკივნეულია. საკუთარ თავზე ვისაუბრებ და გეტყვით, რომ ჯერჯერობით ამ ორმა თვემ ჩემი გალერეის ბრუნვა დიდად არ შეამცირა, რაც შარშან იყო მეტ-ნაკლებად იგივეა, რადგანაც მე ვხედავ რომ პრობლემა ამ პანდემიამ კი არ გამოიწვია არამედ პრობლემა დიდი ხანია არის ამ სფეროში და მთავარი პრობლემა პირველ რიგში ამ სფეროს გამართულ მუშაობას ძლიერი ეკონომიკა სჭირდება.

პანდემიას ექნება გრძელვადიანი ეფექტი ყველა სფეროში, ასევე ხელოვნებაშიც, მაგრამ კრიზისმა შეიძლება ისეთი ახალი იდეები დაბადოს, რაც სფეროს მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს. კრიზისები და კატაკლიზმები ყოველთვის ახალს ბადებდა. ასე მოხდა, მაგალითად, ამერიკაში – 60-იანი წლების სოციალურმა ძვრებმა ჩაუყარა საძირკველი იმას, რასაც დღეს ჩვენ თანამედროვე ხელოვნებას ვუწოდებთ. 1980 წლების შიდსის ეპიდემიამ ახალი თაობის არტისტების ტალღა მოიტანა. არტისტებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციებში, ჰქონდათ იდეოლოგია და ისინი ამბობდნენ, რომ  შეიძლება, არტი არ კურნავს, როგორც მედიცინა პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ სანამ მეცნიერები იპოვნიან წამალს და პასუხს, მანამდე არტისტები ხელოვნების  საშუალებით შექმნიდნენ იმ გზავნილებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სასოწარკვეთილი საზოგადოებისთვის. ამიტომ დღეს არტისტებისთვის არის საინტერესო შემოქმედებითი პერიოდი. ჩემი აზრით, ზუსტად ამ პერიოდს გავდივართ და ის რომ ხელოვნება უკვდავია, ამაზე არ ვიდავებთ. გარემო ძალიან პოლიტიზირებულია, ადამიანები პოლიტიკური ამბიციების მიღმა რჩებიან, სახელოვნებო სივრცე კი სწორედ დემოკრატიული საზოგადოების თვითგამოხატულების პლატფორმას წარმოადგენს. თანამედროვე ხელოვნება თავისუფალი სიტყვის, თანამედროვეობის აღწერის უნივერსალური სფეროა.

ირინა პოპიაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის დიზაინისა და ხელოვნების სკოლის დამფუძნებელი, კურატორი და გალერისტი

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული სახელოვნებო სფერო რაღაც ერთიანი ფენომენი არ არის. აქ მრავალი და ხშირად ძალიან საპირისპირო შრე არსებობს. მე თანამედროვე და ახალ ხელოვნებაზე და ხელოვანებზე შემიძლია, ვისაუბრო.

ხელოვანებს სჭირდებათ სამუშაო სივრცე, ერთმანეთთან და გარემოსთან ურთიერთობა. ამ კარანტინის დროს შემთხვევით გადავაწყდი ქართულ ფილმს “მზე შემოდგომისა”, რომელშიც მთვარი გმირი მხატვარია. მისი შემოქმედებითი ცხოვრება გაყინულია და სჭირდება ინსპირაცია, რომ ხატავდეს ძველი თბილისის ხედებს, ცხოვრობდეს “ნამდვილი” ადამიანების გვერდით. ბოლოს, მოდიან სტუმრები მასთან სახელოსნოში და ულოცავენ და აფასებენ მის შემოქმედებას. ასეთი იმიჯი ჯერ კიდევ ბევრ მხატვარს აქვს შენარჩუნებული და ფართო საზოგადოებაც ასე ხედავს ხელოვანს. ახალგაზრდა ხელოვანების უმრავლესობას სახელოსნოები არა აქვთ, ამის საშუალება არ არის და არც საამისო ადგილებია თბილისში მცირე გამონაკლისი, კერძო პირების მიერ გაცემული სახელოსნო სივრცეების გარდა.

ხელოვანს სჭირდება გალერეა და საგამოფენო სივრცე. თანამედროვე და უახლესი ხელოვნების ბაზარი, შეიძლება ითქვას, გასული 5 წლის განმავლობაში ცოტა მოძლიერდა, გაიხსნა ახალი გალერეები. საზიანო და სამწუხარო იქნება თუ ეს გალერეები ვერ შეძლებენ ბიზნესის შენარჩუნებას და დაიხურებიან.

უტა ბექაია – მულტიმედია არტისტი

ძალიან უცნაურ დროში ვცხოვრობთ – როცა ვერაფერს დაგეგმავ. ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში ხელოვნება პირველ დარტყმას იღებს, იმიტომ, რომ ადამიანები ფიქრობენ, ხელოვნება ფუფუნებაა და ვერ შეჭამ. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. ხელოვნება არის, ასე ვთქვათ, აბსტრაქტული სარკე, რომლიც ეპოქას ირეკლავს. ხელოვნება არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ადამიანებად გვხდის და გვასხვავებს ამ პლანეტაზე სხვა ბინადრებისგან. საქართველო ერთგავრი ექპერიმენტული ზონაა, სადაც ქვეყანა ახლა იქმნება. ხელოვნების ყველანარ დარგში მომუშავე ადამიანები, ეს იქნება მოდა, მწერლობა, არქიტექტურა, მუსიკა და კლუბური ანდერგაუნდიც კი, არის ის უდიდესი ფაქტორი, რაც საქართველოს იმ “ბოჰემურ “ იმიჯს უქმნის, რაც ასე აინტერესებს და ასე იზიდავს ხალხს. ეს სლოგანი “თბილისი, ახალი ბერლინი”, რომელიც ასე განგვასხვავებს სხვა განვითარებადი ქვეყნებისგან, ზუსტად ამის დამსახურებაა. ახლა თბილიში უნდა ჩატარებულიყო უამრავი ფესტივალი და გამოფენა, მაგალითად, მერსედესის მოდის კვირეული, თბილისის არტ ბაზრობა და კიდევ უამრავი ფესტივალი თუ ჯგუფური გამეფენა, რომლებიც ჩაიშალა. ეს ძალიან მძიმედ დაარტყამს სახელოვნებო სფეროს საქართველოში ფინანსურად. საუბედუროდ, არანაირი დახმარებით, ძალიან დიდი შანსია, აქ მოქმედი ადამიანები ისევ გაიქცნენ სადმე, სადაც უფრო ადვილი იქნება ცხოვრება მათთვის. ძალიან ბევრი უნიჭიერესი ადამიანი გვყავს დაკარგული ასე, უდიდესი პოტენციალის მქონე ხალხი, რომლიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანნენ ქვეყნის განვითარებაში.

ბაია წიქორიძე –  “გალერეა ბაიას” დამფუძნებელი

თუ ამ საკითხს განვიხილავთ შემოქმედებითი კონტექსტის თვალსაზრისით, ხშირად კრიზისი ქმნის განვითარების დიდ შესაძლებლობებს და ამის მაგალითი ძალიან ბევრია ხელოვნებაში, როცა განვითარების და კულტურული გარდატეხის აღმავალი პროცესი მიმდინარეობდა ომების და ეპიდემიების დროს. ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდებოდა ხელოვნების მისია, შეექმნა არსებული რთული და სახიფათო რეალობის უკეთესი ვიზუალური ალტერნატივა, საინტერესო მსოფლმხედველობითი და ემოციური კონტექსტით. ხელოვნების თერაპიულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით ფუნქციებს თუ გავითვალისწინებთ, საყოველთაო პანიკისა და კრიზისის პირობებში მის არსებობას, ინფორმატიულობას და შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რადგან თუ გადავარჩენთ ტურიზმის სფეროს და სათანადო ყურადღებას ვერ მივაქცევთ კულტურას, ამ ქვეყანაში, ტურისტებისთვის საჩვენებელი და მიმზიდველი არაფერი აღარ იქნება. ამიტომ, ყველა სფეროს, მისი მნიშვნელობის შესაფერისი ყურადღება უნდა მიექცეს.

ამ თვალსაზრისით , როგორ განვითარდება მოვლენები და რა ცვლილებებს გამოიწვევს ქართულ სახელოვნებო სისტემაში პანდემიის პრობლემა, მხოლოდ მომავალში ვნახავთ და ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ამ სფეროს პრობლემები, რასაკვირველია ეხება ხელოვნების ბიზნესის სფეროსაც და მსოფლიოში არსებული სიტუაციის შესაბამისად, საქართველოში ის უფრო მწვავეა, რადგან ჯერჯერობით უცნობია ის რეგულაციები, ფონდები და დოტაციები, რომელიც ამ პირობებში მხატვრებს და სახელოვნებო ბიზნესის და ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებს დამხმარე პროგრამებს ან შეღავათიან საკანონმდებლო პირობებს შესთავაზებს და შეუქმნის. პროდუქტს კულტურის სფეროში ქმნიან მხატვრები, რომლებიც მიმდინარე ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილებით და პროფესიული მოღვაწეობისათვის აუცილებელი მასალით და პირობებით. ეს ან თვითონ უნდა მოიპოვონ თავისი ნამუშევრების გაყიდვით, რაც შეზღუდული და წარმოუდგენელიც კი არის მიმდინარე პირობებში ან მიიღონ, დახმარების სახით სახელმწიფოსგან ან ფონდებისგან. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი, ნამუშევრების გაყიდვაა, რაც მთლიანად შეიზღუდა. გალერეებს ონლაინ ვაჭრობის უფლება შეჩერებული გვაქვს და მოთმინებით ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ, გარკვეული და განსაკუთრებული საშეღავათო ცვლილებები შეეხოს ხელოვნების ბიზნესის და ინფრასტრუქტურის სფეროს, რომ მან შეძლოს სტატუსის შენარჩუნება და არსებობისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსის მოპოვება. გასათვალისწინებელია, რომ გალერეების უკან დგას თანამედროვე ქართული კულტურა, რომლის პროდუქტიულობა, ხარისხი და განვითარება დამოკიდებულია ამ სფეროში განხორციელებულ სწორ და სისტემურ რეფორმებზე.

ძირითად შემთხვევებში, სხვა ქვეყნების მაგალითზე, ამ სფეროსთვის იქმნება ფონდები.. თქვენ როგორ ხედავთ ქართულ რეალობაში გამოსავალს? რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამ კუთხით?

თამუნა ღვაბერიძე: ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონიმიურად განვითარებულმა ზოგიერთმა ქვეყანამ კონკრეტულად ამ სფეროს დახმარების პაკეტები შესთავაზა. ჩვენს სახელმწიფოს დღეს არ გააჩნია გერმანიის ან კიდევ სხვა, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების რესურსი, რომ მე,  როგორც ამ სფეროს წარმომადგენელმა დაუფიქრებლად მოვითხოვო ამ სფეროს სუბსიდირება არსებულ რეალობაში. ამას სჭირდება ჩვენი მხრიდან  სწორი, სტრატეგიული მოქმედება, მექანიზმების შექმნა, შრომატევადი, მაგრამ აუცილებელი მუშაობა და შემდეგ კი პოლიტიკური ნება, რის გარეშეც ვერც სახელოვნებო სფერო და ვერც თუნდაც  ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო ვერ გვექნება.

მაგალითად ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, შევქმნათ გალერეების ასოციაცია, სადაც ყველა გალერეა გაწევრიანდება. შეიქმნება ჯაჭვი, სადაც არტისტიც დაცული იქნება და გალერეაც. გამართული რეგულაციებით კი ყველა კეთილსინდისიერად ვიმუშავებთ. მოვიდა დრო, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტული, რადგან ეს არის დიდი აქტივი და იქნებ ამ პანდემიის შემდეგ, როდესაც ეკონომიკის ამუშავებას დავიწყებთ, ხელოვნებაც განვიხილოთ პრიორიტეტად  და მისი ხელშეწყობა გახდეს ქვეყნის ეკონომიური განვითარების  გეგმის  ნაწილი.

ხელოვნების ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი პერიოდი არ უნდა გამოგვრჩეს და ეს ის დროა, როდესაც ხელოვნება ბევრი სასარგებლო საქმიანობის კატალიზატორი შეიძლება, გახდეს. გადაიფარება მაინც მუდმივად პოლიტიკური განცხადებები. კიდევ გავიმეორებ, რომ დღეს ამ სფეროში ბევრი იქმნება, ძალიან ბევრი არტისტი  აგრძელებს მუშაობს საინტერესო პროქტებზე, მაგრამ არ არსებობს პლატფორმა, სადაც ხელოვნებათმცოდნეები მუმივად ღრმა ანალიზის საფუძველზე  შეაფასებენ, გაარჩევენ და გააკრიტიკებენ მოვლენებს, რადგანაც კრიტიკა ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.. ამ დროის ეფექტურად გამოყენება შეიძლება – მაგალითად ონლაინ დისკუსიებისთვის, რათა აქამდე დაგროვებული დიდი მასალა გაირჩეს და იმსჯელონ მათზე. ეს საინტერესო იქნებოდა და სასარგებლოც.

ირინა პოპიაშვილი:

რაც შეეხება მომავალს, ჩემი აზრით, მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების ბაზარი უცვლელი იქნება. ის ვინც გუდიაშვილს ყიდულობდა, ისევ იყიდის მას და, ალბათ, ფასებიც გაიზრდება. პრობლემა ექნებათ ახალგაზრდა გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებს. რადგან ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ არტბაზრობებსაც გაუჭირდებათ. ამიტომ, გრანტების გაუქმების ნაცვლად, რაიმე დახმარების პაკეტი რომ შეიქმნას ასეთი ორგანიზაციებისა და ბიზნესებისთვის იქნება ძალიან კარგი. თუ ეს არ გაკეთდა, რაიმე პერსპექტივა არ შეიქმნა, მაშინ, სამწუხაროდ, დაიწყება ისევ ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ემიგრაცია და ეს ძალიან საინტერესო პერსპექტიული თაობა დაგვეკარგება უცხოური არტბაზრისა და სახელოვნებო სივრცეში.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Avon, $ 4.76 მილიარდიანი შემოსავლით, პირდაპირი გაყიდვების კომპანიების მსოფლიო სამეულშია 

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარდგენილია – დოკუმენტს სპეციალისტები აფასებენ