in

ქართული რესტორანი ნიუ-იორკის შუაგულში – Cheeseboat

Startauperi
Startauperi

Cheeseboat ქართული რესტორანია, სადაც ნიუ-იორკელები აჭარულ ხაჭაპურსა და ქართულ კერძებს მიირთმევენ. ოჯახური ბიზნესის იდეა ნეთი დავითაშვილს მაშინ გაუჩნდა, როდესაც მიხვდა, რომ პროფესიით მუშაობა ნიუ-იორკში საცხოვრებლად საკმარის შემოსავალს ვერ მოუტანდა. პროფესიით მარკეტერმა და დიზაინერმა კონცეფციაზე თავად იმუშავა და გადაწყვიტა, რომ “ყველის ნავს” სუშისა და პიცის მოყვარული ამერიკელების გული უნდა მოეგო. Cheeseboat უილიამსბურგის ცენტრში მდებარეობს და ტრადიციული ქართული სამზარეულოს გარდა, სტუმრებს ექსპერიმენტული კერძებითაც ხიბლავს. დეტალებზე ნეთი დავითაშვილს ვესაუბრეთ.

M: უფრო ვრცლად, რას უკავშირდება Cheeseboat-ის შექმნის იდეა?

27 წლის ვიყავი, Cheeseboat-ის კონცეფციის აწყობა რომ დავიწყე. სანფრანცისკოს ხელოვნების აკადემიაში ვსწავლობდი მარკეტინგს, იქამდე დიზაინს ვეუფლებოდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მივხვდი, დიზაინერის ხელფასით ბევრს ვერაფერს გავაკეთებდი მანჰეტენზე. ძვირია ნიუ-იორკი. სხვა გეგმა მჭირდებოდა. ასე რომ, ფული  და წარმატების ამბიციები არის ორი მიზეზი რატომაც დავიწყე Cheeseboat.

Cheeseboat-ისთვის არასდროს შემიხედავს რესტორნის მხრიდან, ჩემთვის ეს პროექტია, ადგილის ძიების მომენტით დაწყებული, ახალ აჭარულში კრევეტ- ნიორწლის დამატებით დამთავრებული. პროფესიული კუთხით ვუყურებდი. ზუსტად ვიცოდი, რას ვყიდდი და ვინ იყო ჩემი მომხმარებელი – ამ დროს იწყებ ბრენდის ჩამოყალიბებას, რაც უხეშად რომ ვთქვათ, “შეფუთვაა”. ჩემ შემთხვევაში, ეს იყო პროდუქტი – აჭარული ხაჭაპური, რომელიც უნდა მიმეყიდა ახალგაზრდა ნიუიორკელებისთვის. გავაკეთე რესტორნის დიზაინი და შეფუთვა და მივიღეთ ქართული ჰიპსტერული რესტორანი Cheeseboat.

M: როგორ შეარჩიეთ სახელწოდება?

Times -მა ქვევრის ღვინოზე რომ დაწერა სტატია, ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, გაგვესინჯა. წავედით და გავსინჯეთ ფორთოხლისფერი ღვინო, ჩვენს ტანინიან, თეთრ ღვინოს აქ ასე უწოდებენ. საჭმელი ბევრი არ შეგვიკვეთავს, მაგრამ იქიდან, რაც გავსინჯეთ, აჭარული ძალიან დაამახსოვრდათ. მე ვიჯექი და ვუყვებოდი ჩვენს კუჭმაჭსა და აჭარულზე. შემდეგ, ჩემმა მეგობარმა სადღაც წვეულებაზე მოყვა ქართულ ღვინოსა და ხაჭაპურზე. როცა კითხეს, პიცაა თუ რა არის ხაჭაპური, ჩემმა მეგობარმა დარწმუნებით უთხრა: არა! არ ყველის ნავი არისო. ნათქვამმა დიდი აღტაცება გამოიწვია (მათ შორის, ჩემშიც). ასე დაიბადა სახელი და გაჩნდა ყველასთვის ახალი Sunday Brunch (ნაბახუსევის კერძი) ბრუკლინში.

M: რესტორნის განსაკუთრებული თავისებურება, რაც მას ადგილობრივი კვების ობიექტებისგან განასხვავებს…

Cheeseboat ნიუიორკელ ხალხს არამხოლოდ უძველესი სამზარეულოს გაცნობის საშუალებას აძლევს, არამედ თითოეული კერძის ჰიპსტერულ ვარიანტსაც სთავაზობს. მენიუ იქმნება ყოველთვის არა მარტო ქართული გემოს გათვალისწინებით, არამედ მისი უნივერსალური გემოებთან შეთავსებით. Cheeseboat-ში შეგიძლიათ მიირთვათ ძველ კერძი ან ძველი კერძი თანამედროვე შესრულებით.

ამავდროულად, ესაა ქართული სამზარეულოს პირველი პრომოუტერი მსოფლიოში (იმის მიუხედავად, რომ ბევრი წერილი მომდის, თუ როგორ ართმევს Cheeseboat ვიღაცას ქართველობას). როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი ჰიპსტერული, კარგად დავიწყებული კლასიკაა.

ხალხს მოსწონს, რომ ჩვენი მთელი ოჯახი ჩართულია რესტორნის მართვაში. ჩემი და, მარიამ დავითაშვილი შეფია, ძმა, შაკო დავითაშვილი – მენეჯერი. მთავარი აღმასრულებელი შეფი არის დედაჩემი ქეთი გოჩაშვილი, დიდი ჰიპსტერი ქალი თბილისიდან, რომელიც კერძების ყველაზე პოპულარული ვარიაციების ავტორია, მათ შორის: Bubba Boat (Shrimp Cheeseboat) და მამა მია! ტკბილი მასკარპონეს “ნავი” ალუბლის ჩირით. მისი ოსური ხაბიძგინა ყველაზე მოთხოვნადი კერძი იყო ამ სექტემბერში.

ჩვენ გვინდა, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიომ გაიცნოს და დაიმკვდროს ადგილი იმ გიგანტების გვერდით, სადაც იმსახურებს ყოფნას! მაგრამ ამისთვის ხალხმა ჯერ უნდა გაიგოს, რა არის ქართული საჭმელი და რით განსხვავდება სხვებისგან.

M: რა სირთულეებს წააწყდი ბიზნესის შექმნისას?

ყველაზე დიდი სირთულე ალბათ ის იყო, რომ ვიყავი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა სარესტრონო ბიზნესში. ეს დიდი რისკია, მითუმეტეს, ნიუ-იორკში, რომელიც რესტორნების მექად ითვლება. ბევრი სერიოზულად არ აღმიქვამდა, იყო ეს ფართის ძებნა თუ ლიცენზიების გადაფორმება. პატრიარქალური ინდუსტრიაა და ორმაგი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ სახელი დამემკვიდრებინა და მომეპოვებინა აღიარება. თუმცა, ქალი გამძლე ტიპია, მიჩვეულია საზოგადოებისგან სტერეოტიპულ სირთულეებს. იყო დიდი ფინანსური რისკი, რაც ასევე თავისებური სტრესია.

წარმოიდგინეთ, ვიდექი გოგო ჯინსებსა და დაგლეჯილ მარტენსებში, 40+ მამაკაცების გვერდზე და ვათვალიერებდი ფართებს. მაკლერები და “ლენდლორდები” (უძრავი ქონების მეპატრონე) იმათ თუ 3 საბუთს ავსებნებდნენ – მე ვავსებდი 5-ს. ჰო, თითქოს ეგრე იყო საჭირო. დაუშვათ, ვიღაც ჯონი ნახულობდა იმავე ფართს, რომელსაც მე, ჯონი ავსებდა აპლიკაციას და წარუდგენდა ბიზნეს გეგმას, მე დამატებით მთხოვდნენ ბანკის ანგარიშებსა და საცხოვრებელ ინფორმაციას. ეს იყო ჩუმი დისკრიმინაცია.

მე მყავდა ორი მაკლერი, ერთი იყო კაცი 33 წლის. მივდვართ შეხვედრაზე, გვხვდება მამაკაცი – ართმევს ხელს მას და იწყებს ლაპარაკს. მე ვუყურებ. ვუსმენ. დავსვი კითხვა, რითიც უნდა მიხვედრილიყო, რომ მე ვუხდიდი ამ მაკლერს ფულს და მყიდველიც მე ვიყავი. მაიგნორებს. მომიწია ამეხსნა, თუ რატომ არ შედგებოდა ეს გარიგება.

M: რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა, რომელსაც ნიუ-იორკში ბიზნესის დაწყება უნდა?

ბიზნესში ასევე მეორე თემაა, კაცი მოლაპარაკებაზე თუ არ იღიმის, ე.ი. სერიოზული ტიპია. ქალს შეიძლება ჰკითხონ, რატომ არ იღიმის, არადა, სასაცილო არაფერია. “You should smile more” თემა არის დიდი პრობლემა. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი ქალი, ჩემი ჩათვლით, უფრო მკაცრია პრიმტიული მიზეზის გამო, რომ ის სერიოზულად აღიქვან.

ნიუ-იორკში (და ნებისმიერ სხვა უცხო ქალაქში) უნდა დაიწყო გარემოცვიდან და კარგად შეისწავლოს ხალხი, საზოგადოება, მყიდველი, კონკურენტი, უბანი. გარემო უნდა შეისწავლოს შიგნითაც და გარეთაც (inside and out). ასევე, არ დაგეზაროთ შრომა, ისე მდგრადი არაფერი გამოდის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მუზეუმების გაერთიანება საგანმანათლებლო ცენტრს ხსნის

მუშტაიდის ბაღიდან ჰოლივუდამდე – ინოვატორი დავით ჩეჩელაშვილი