24
May
2018

ქართული ცეკვა, როგორც კულტურის განცდის საშუალება – ერთჯერადი გაკვეთილები ტურისტებისთვის

24 May 2018

Startauperi
Startauperi


„ვუყურებდი ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც ერთი უცხოელი აფასებდა საქართველოს, როგორც ტურისტულად საინტერესო ქვეყანას და თქვა, რომ თუ ჩამოვიდოდა ამ ქვეყანაში, აუცილებლად ისწავლიდა ქართულ ცეკვას. ამ მომენტმა დამაფიქრა, ჩვენთან არ იყო მსგავსი სერვისი და ამიტომ, გადავწყვიტე მე შემექმნა ტურისტებისთვის ეს შესაძლებლობა“, – გვიყვება ყოფილი ბალერინა, პროფესიით ფსიქოლოგი და გატაცებით მოგზაური თათუ ჩორბაჩიძე, რომელმაც 2018 წლის თებერვალში Georgian Dance Club-ს შექმნა.

თათუ ჩორბაჩიძე

ქართული ცეკვის კურსები უცხოელებისთვის ერთჯერადია და მსურველებს, აჭარული და რაჭული ცეკვის ილეთებს, პროფესიონალი მოცეკვავე თამუნა, 2 საათის განმავლობაში ასწავლის. მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია სხვა ცეკვების ილეთების შესწავლაც, თუმცა ტურისტებისთვის განსაკუთრებით სახალისო და ქართული სულის გადმომცემი სწორედ ეს ორი ცეკვაა. გაკვეთილების ჩატარების სივრცე საჭიროების მიხედვით იცვლება, კურსი ძირითადად მაინც, მარჯანიშვილის. მეტროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სტუდიაში ტარდება.

ერთი გაკვეთილის ღირებულება ერთი ტურისტისთვის 20$-ია. ცეკვის შესწავლის მსურველი ადამიანების ჯგუფი კი მინიმუმ 5 ადამიანს უნდა შეადგენდეს, თუმცა, მოლაპარაკების საგანია უფრო მცირე რაოდენობის ჯგუფებში გაკვეთილის ჩატარება. ტურისტების გამოხმაურებები კი Tripadvisor-ზე შემგეგნაირია:

როგორ უნდა შეიგრძნო და გამოცადო კულტურა საკუთარ თავზე, თუ არა ცეკვით. ქართული სულის, ტრადიციის შეგრძნობა თითოეულ ვიზიტორს სურს, ცეკვა კი მათთვის ერთ-ერთი ხელშესახები, საკუთარ თავზე განცდადი აქტია. „იმისათვის, რომ შეიგრძნო რა არის ქართული სული, უნდა გამოსცადო ქართული ცეკვა, არაჩვეულებრივი მუსიკა, სუნთქვისშემკვრელი მოძრაობები“, – წერენ ისინი.

„თავიდან, რაღაც სხვა წარმომედგინა, ვიფიქრე, რომ მარტო ცეკვა არ იქნებოდა საკმარისი და დამატებითი აქტივობები მქონდა მოფიქრებული, თუმცა შემდეგ, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მარტო ცეკვა საკმარისია. გვაქვს ქართული ცეკვის აქსესუარები და ტურისტებს ვაძლევთ საშუალებას მოირგონ ისინი, ფოტოები გადაიღონ და ა.შ. თუმცა, ძირითადად, მაინც ცეკვით არიან დაკავებულები“, – გვითხრა თათუმ.

კითხვაზე, თუ რა საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებს ტურისტებისთვის ამ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად, თათუ გვპასუხობს: „ჯერჯერობით, აქტიურად არ გვაქვს დაწყებული ინფორმაციის გავრცელება. ინტერესი იყო, ბევრი გვწერს, საკმაოდ შორეული მომავლისთვისაც ჯავშნიან წინასწარ. ძირითადად, პირდაპირ გვიკავშირდებიან უკვე შეკრებილი ჯგუფები და დაინტერესება დიდია, თუმცა, ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ვიწყებთ რეალურ მოძრაობას. მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ სოციალური ქსელებისა თუ სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების პარალელურად, ვაპირებთ, დავბეჭდოთ საინფორმაციო ფლაერები. გავავრცელოთ ისინი ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმროებში, ტურისტულ ინფორმაციის ცენტრებშიც“.

განხილვა