27
Dec
2019

საიდან ვიღებთ შთაგონებას?! – ქართველი დიზაინერები საკუთარ ინსპირაციაზე

27 Dec 2019

რა შეიძლება გახდეს დიზაინერებისთვის შთაგონების წყარო? ალბათ, გახსოვთ ჩვენი სტატია, ამ თემაზე. მაგრამ, რაღაც, შორეული და მხოლოდ უცხოური გამოცდილებით რომ არ გვესაუბრა, გადავწყვიტეთ, ქართველი დიზაინერებისვის გვეკითხა, რა არის მათი ინსპირაციის წყარო?! საიდან და როდის იღებენ შთაგონებას ყველაზე მეტად?!

თაკო ჭაბუკიანი

ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მივიღო. იქნება ეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან, თუ წიგნებიდან და დოკუმენტური მასალებიდან. ასევე – მოგზაურობიდან. რაც უფრო მრავალფეროვანია ახალი ინფორმაციების წყარო, უფრო მოულოდნელ კავშირს ამყარებ და ამის გამოხატულება შეიძლება იყოს, როგორც ვიზუალური კომუნიკაცია, ისე ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგი. ჩემ შემთხვევაში, ეს კავშირი, ძირითადად, შხაპის მიღების დროს ხდება. ხშირად, კატალიზატორი სწორედ ეს არის, – ამბობს Pragmatika არტ – დირექტორი, დიზაინერი თაკო ჭაბუკიანი.

შრიფტის დიზაინერის, აკაკი რაზმაძისთვის ინსპირაციის წყარო ძალიან ბევრი ადგილი შეიძლება იყოს. ამბობს, რომ შთაგონებისთვის დიზაინის კარგი და ცუდი მაგალითების გაანალიზება თანაბრად მნიშვნელოვანია.

აკაკი რაზმაძე

„ზოგჯერ, ინსპირაციის წყარო, ისეთი ადგილი შეიძლება გახდეს, სადაც ადამიანი მშვიდდება, ან ისეთი, შთაგონებას საერთოდ რომ არ ვეძებთ – რომელიმე კაფეს მენიუ, აბრა ან სულაც – „ტუალეტი“. იმ ინსპირაციის და მუზის არ მწამს, ძირითადად, ხელოვანი ხალხი ე.წ. არტისტები რომ ასახელებენ. მგონია, ბაღში სეირნობა, ჩიტების ჭიკჭიკი და მდინარის ჩუხჩუხი, დიზაინერებისთვის, ვერ იქნება შთაგონების წყარო. ჩვენთვის, ალბათ, მაგ რაღაცების გარდა ყველაფერი შეიძლება, ინსპირაციად იქცეს. სხვათა შორის, როცა ქუჩაში დავდივარ, ვცდილობ, მუსიკასაც არ ვუსმინო და მაქსიმალურად დავაკვირდე ყველას და ყველაფერს, დაწყებული იქიდან ტროტუარის ფილა როგორ უერთდება სამანქანო გზას – დამთავრებული ქუჩაში გაკრული, თუნდაც, ძალიან „თრეშ“ განცხადებებით, როგორ იბარებენ თმებს ან აყენებენ „ვინდოუსს“. ამ ყველაფერს ფოტოებს ვუღებ. ალბათ, ცოტა შეშლილ ტურისტსაც ვგავარ ხოლმე, რომელიც ყველა უაზრობას იღებს. დიზაინერისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია კარგი და ცუდი მაგალითების გაანალიზება. სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქი, მეორე შემთხვევებით უფრო გვანებივრებს. შედარებით კარგ მაგალითებს ძველ ნამუშევრებზე თუ წავაწყდები. მაგალითად, როგორ აკეთებდნენ, ადრე, წიგნის ყდებს, პლაკატებს. მათზე დაკვირვება ძალიან ბევრის მომცემია. ბუნებრივია, მოგზაურობაც შევიდოდა ამ ჩემს სიაში. არა იმიტომ, რომ მოგზაურობა თავისთავად ინსპირაციაა, არამედ ახალ და უცხო კულტურებში, რა როგორ არის ინტეგრირებული დიზაინის კუთხით, ამის ნახვა, ძალიან ბევრს გვაძლევს. ერთ საინტერესო მაგალითს მოვიყვან ფილმიდან “We’re No Angels”.

 

მთავარი პერსონაჟი, რომელიც ციხიდან არის გამოქცეული და თავს ეკლესიას აფარებს, [საეკლესიო] ცერემონიალის წამყვანის ადგილზე აღმოჩნდება და მოუწევს, ხალხს სიტყვით მიმართოს. ერთადერთი რაც მას ხელთ აქვს, „კოლტის“ რევოლვერის სარეკლამო განცხადებაა. დაიწყებს კითხვას და ეს გახდება მისი ინსპირაცია. არა და, თითქოს, არაფერ კავშირში არ უნდა ყოფილიყო განცხადების ტექსტი მის სათქმელთან. ამიტომ, ვაკვირდები ყველაფერს, ვინ როდის აღმოჩნდება ანაფორაში, არავინ იცის“.

არტ დირექტორი, დიზაინერი და დიზაინ სტუდია ORI-ს დამფუძნებელი გვანცა ჩიჯავაძე ფიქრობს, რომ ინსპირაცია ჩვენს ყოველდღიურობაშია. უბრალოდ, ხანდახან, ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს ვერ ვამჩნევთ.

გვანცა ჩიჯავაძე

„დილით, ოფისში  ყავა რომ უნდა დამელია და ჭიქაში ყავა და შაქარი ჩავყარე, მომეჩვენა, რომ ძალიან უცნაურად დნებოდა მასა. ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ, დღეს კი თვალში მომხვდა. იმის თქმა მინდა, რომ ინსპირაცია ყოველიურობაშია, ყოველ დილით, სახლიდან ოფისში მიმავალ გზაზე, სულ რაღაცას ვეძებ. ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, მუდმივად რაღაცაზე ხარ მიბმული და მუშაობ, ნებისმიერ დეტალში შეიძლება, დაინახო ისეთი რამ, რაც ნამდვილია და რასაც მერე გადმოიტან გრაფიკულად, შექმნი ასევე ნამდვილ დიზაინს. შეიძლება, ელიავას ბაზრობაზე მოვხვდე და ისეთი რაღაც ვნახო, ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი რომ იქნება.  რა თქმა უნდა, მოგზაურობა, ცალსახად, ძალიან მნიშვნელოვანია ინსპირაციისთვის, აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში ხვდები. ზოგადად, მგონია, რომ ყველაფერი განწყობაზე და ადამიანზეა დამოკიდებული. შეიძლება, სრულიად ჩვეულებრივი გარემო ძალიან უცნაური გახადო და შენი ხედვა არაორდინალური იყოს ამ გარემოსთან მიმართებაში“.

დიზაინერი, ილუსტრატორი და MORE Studio-ს თანადამფუძნებელი რუსლან ბერიძე ამბობს, რომ ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტში შეგვიძლია, ვიპოვოთ ინსპირაცია. ოღონდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვუყურებთ კონკრეტულ საკითხს, თუ საქმეს.

რუსლან ბერიძე

„მაგალითად, ორ დიზაინერს იდენტური დავალება მივეცით. ერთს მოეჩვენება, რომ ყველაზე რუტინული და მოსაბეზრებელი საქმე აქვს გასაკეთებელი. მეორე კი ჩათვლის, რომ ყველაზე კრეატიულად შეასრულებს ამ დავალებას და საერთოდ, ძალიანაც გაუმართლა, როცა ასეთი რამ დაავალეს. რადგან მის პორტფოლიოს დაემატება კიდევ ერთი მაგარი პროექტი.  ზოგი ნახევრად სავსე ჭიქას ხედავს, ზოგი – ნახევრად ცარიელს. ახალი მანქანის დიზაინი, უცნაური ფორმის მაგიდა, ცის და ძველი სახურავის შეხამება, ის თუ როგორ ეცემა შუქი ხალიჩაზე ან ძველი ურნა შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო. მთავარია, ეძიო და ჩაუღრმავდე კულტურის იმ სფეროს, რომელიც გაინტერესებს. აუცილებლად აღმოაჩენ რაიმე მნიშვნელოვანს, ჯერ კიდევ გუშინ მისი არსებობაც რომ არ იცოდი. თუ ხარ დიზაინერი, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი შენთვის. მე, პირადად, თანამედროვე ხელოვნება, მე-20 საუკუნის სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნება, უცხო ქვეყნების კულტურები, ძველი, სხვადასხვა ეპოქის ნივთები (ინდუსტრიული დიზაინი და ხელნაკეთი ნივთები), 70-80-იანი წლების გრაფიკული დიზაინი კინოსა და მუსიკაში, მე-20 საუკუნის სხვადასხვა ქვეყნის ამა თუ იმ სოციალური ჯგუფების ტანსაცმელი, მუსიკა და შემსრულებლები (არტისტები) მაინტერესებს . ამ სფეროებში იმდენი შექმნა ადამიანმა, რომ ულევი ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი დიზაინერის, თუ არტისტისთვის“.

 

განხილვა