in

ბელარუსში, ექსპორტისთვის, „ქართული სახლი“ იხსნება

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „ქართული სახლი“ იხსნება. მთავარი მიზანი ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა.

პროექტს კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ახორციელებს, რომლის დამფუძნებელიც „საპარტნიორო ფონდია“. „ქართული სახლი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საგამოფენო სივრცე, ქართული რესტორანი, მარანი, თონე, VIP ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის. თითოეული მათგანის მიზანი, როგორც ფონდში ამბობენ, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენაა.

„ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქში, საქართველოდან, სპეციალურად გაიგზავნება ქვევრი, საწნახელი და თიხის ჭურჭელი. ქართული რესტორანი, მარანი და თონე კი ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ დააგემოვნონ, არამედ შეისყიდონ ქართული პროდუქცია.  „ქართული სახლის“ გახსნის ცერემონიალისთვის საქართველოდან ბელარუსში გაიგზავნება ქართული წარმოების ყველა ის ღვინო, რომელსაც აკრედიტაცია აქვს  მიღებული „ღვინის ეროვნული სააგენტოსგან“. ასევე, სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, „ქართული სახლში“ განთავსდება მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები“.

„ქართული სახლი“, ოფიციალურად, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, „ქართული ნატურალური პროდუქტების“ დახმარებით, ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, 6-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, რომელიც მინსკში, გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, „ქართული სახლში“ განთავსდება.

McDonald’s გარემოზე ისე ვერ ზრუნავს, როგორც გეგმავდა

ქართველები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იბრძოლებენ