in ,

ბევრისთვის უცნობი ქართული საიუველირო სახლი – “მარილისი”

Startauperi
Startauperi

საიუველირო სახლი “მარილისი” 2008 წელს ნათია გოცირიძემ დააარსა. პროფესიით იუველირი, ასევე მეტალებისა და მინერალების სპეციალისტია. კომპანიის სახელის იდეა, როგორც თავად ამბობენ, სპონტანურად, კეთილჟღერადობიდან გამომდინარე გაჩნდა.

ყელსამაბი ოქროს ლომი

2009 წელს საკუთარი ნამუშევრები საქართველოში გამოფინეს. 2012 წელს კი „მარილისი“ (ერთადერთი კომპანია საქართველოდან) “ფეშენ ვორლდის” ოფიციალური სტუმარი იყო. ამის მიუხედავად, მათი წარმომადგენელი ანნა სიდამონიძე ამბობს, რომ ბრენდს საქართველოში ყველაზე ნაკლებად იცნობენ.

„ამას თავისი ობიქტური მიზეზიც აქვს – განსაკუთრებული და პროფესიონალი მომხმარებელი, რომელიც აქ იშვიათია. საქართველოსთვის სპეციალურად ახალი ხაზი შევქმენით. იმედი გვაქვს, ქართველი საზოგადოების გულსაც მოვიგებთ. მართლა გული გვწყდება, რომ ასეთ საქმეს ვაკეთებთ და ყველაზე ნაკლებად ჩვენთან გვიცნობენ. საქართველოს უზარმაზარი საიუველირო ისტორია აქვს, ამაზე ვერავინ იდავებს. დღეს ადგილობრივი ბაზარი ძირითადად იმპორტით და უმეტესად, არასახარბიელო ხარისხის ადგილობრივი პროდუქციითაა წარმოდგენილი. “მარილისი” რეალურად ჩვენი ისტორიიის come back-ია თანამედროვეობაში. ჩვენ საკუთარი წარმოება გვაქვს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სამკაულს ვთავაზობთ, რომელიც ძველი ოქრომჭედლობის ფილოსოფიასა და თანამედროვე ხასიათს აერთიანებს.

M: რა მასალებით ამზადებთ აქსესუარებს?                                ბეჭედი ოქროს საწმისი

მასალები, რომლისგანაც სამკაულები მზადდება – იქნება ეს ოქრო, ვერცხლი, ტყავი, აბრეშუმი, ძვირფასი ქვები თუ მინერალები – ყველაფერი ბუნებრივია და მაღალი ხარისხის. ძირითადად, ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ეს არის ოქროსა და ვერცხლის ხაზი. ოქროს ხაზი Haute joaillerie კატეგორიაშია, რაც გულისხმობს, რომ ყოველი სამკაული სრულად ხელითაა დამუშავებული და ერთადერთია. ოქროს ხაზი არის დახურული და მხოლოდ „ვიპ“ კლიენტებზეა ორიენტირებული. მას კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ყოველი სამკაული ამ ხაზში ნამდვილი სამუზეუმო ექსპონატია. ოქროს სამკაულების დამზადებაში მაღალი ხარისხის დიდი მოცულობის მასალები, ადამიანური რესურსი და დრო იხარჯება. ოქროს სამკაულები, შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან წელიწადსაც მზადდებოდეს. ეს სამკაულები ოჯახური რელიქვიებია.

ჯვარი ვაზი მოოქროვილი ელემენტებით

რაც შეეხება ვერცხლის ხაზს, ეს საიუველირო სახლის სრულიად ახალი ხაზია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ოქროს ხაზისგან. თუმცა, მისგან წარმოიშვა. ვერცხლის ხაზი ინარჩუნებს   ქართულ ფორმებს და თანამედროვე ხასიათს, რაც „მარილისი“-ს ხელწერაა. ვერცხლის სამკაული, საიუველირო სახლის დიზაინერების ესკიზების მიხედვით მზადდება და მასზე   მხატვრების იგივე ჯგუფი მუშაობს, რომელიც ოქროს   სამკაულზე. თუმცა, მათი საბოლოო სახემდე მიყვანა ხელით ხდება და თითოეული სამკაული, მართლაც რომ, ადამიანის ხელში იქმნება. ოქროს ხაზისაგან განსხვავებით, ვერცხლის სამკაული სერიულად მზადდება და ეს ფასზეც აისახება. ვერცხლის ხაზი კონკურენტუნარიანი და ხელმისაწვდომია ქართული ბაზრისთვის. გარდა ამისა, განსხვავდება ხასიათიც. თუ ოქროს სამკაული იქმნება დედოფლებისთვის, ვერცხლის სამკაულები, შეიძლება ითქვას, რომ პრინცესებისთვისაა. აქ უფრო მეტად გათვალისწინებულია თანამედროვე, ახალი თაობის ინტერესები, ფორმები. ჩვენი კომპანია ნამდვილი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენი დანიშნულება სამკაულების მხოლოდ შექმნა არ არის , ადამიანებს ვამკობთ და სიხარულს ვჩუქნით. ჩვენ კიდევ ერთ საჭირო და საინტერესო ინოვაციას ვთავაზობთ მომხმარებელს: “უსარგებლო” ოქროულისგან ულამაზესი, თანამედროვე მხატვრული ნივთის შექმნას დაზიანებების გარეშე. ზოგადად, ნივთის გადაკეთება საკმაოდ პოპულარული ტენდენციაა მსოფლიოში და საქართველოშიც. მაგალითად, თუ თქვენ რამდენიმე ბეჭედი გაქვთ და გსურთ მისგან ახალი ნივთი შექმნათ, ოქრომჭედელი მას აუცილებლად გადაგიდნობთ, თვლებს ამოიღებს, რაც აზიანებს როგორც თვალს ისე გიკარგავთ მთლიანობაში მეტალის წონას.

M: რაც შეხება დამზადების ტექნოლოგიას..                 

“მარილის”-ში დიდი ხანია სამუზეუმო რანგის ექსპონატები იქმნება, უძველესი საოქრომჭედლო ტექნოლოგიებით. საიუველირო სახლი ფლობს იშვიათ ტექნოლოგიას, რომელსაც მხოლოდ ჩვენთან იხილავთ და პატენტიც ჩვენი საკუთრებაა. საუბარია უთხელესი ოქროს ძაფისგან ხელით მოქსოვილ ოქროს მაქმანზე. ჯერ კიდევ ევროპაში მუშაობისას შეიმუშავა ეს ტექნოლოგია კომპანიის დამფუძნებელმა. “მარილის”-ში კი ეს ინოვაცია უკვე სამკაულის ნაწილი გახდა. ეს მიღწევა უცხოელი ექსპერტების მიერ სათანადოდაა შეფასებული. ჩვენთვის ბევრს ნიშნავს კოლეგების ასეთი დაფასება.

ბეჭედი სემირამიდა ზედხედი

M: სად იყიდება თქვენი აქსესუარები?

მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სახლიდან გაუსვლელად ჩვენი კატალოგი და უნაღდო ანგარიშსწორებით შეიძინონ სასურველი ნივთი ან მობრძანდნენ ჩვენთან და სამკაულები ადგილზე აირჩიონ. საყურადღებოა განვადება, რომელსაც ვთავაზობთ სასურველ ნივთზე. გვყავს ჩვენი გაყიდვების აგენტები. ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ სინჯის და მინერალის სახეობის დადგენის უზუსტეს, თანამედროვე მეთოდს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი დონის ლაბორატორიული სერვისია. საქართველოში, ძირითადად, მოძველებული, კუსტარული მეთოდით ხდება ძვირფასი ლითონების და მინერალების სინჯის დადგენა, რაც ხშირს შემთხვევაში არ არის ზუსტი. ეს მეთოდები სამკაულს მექანიკურად აზიანებს და მომხმარებელსაც ხშირად ებადება კითხვა მეთოდის სანდოობაზე .

M: რა ღირს „მარილისი“-ს სამკაულები?                 ზოდიაქო მერწყული

ვერცხლის ხაზის სამკაულების ფასი დაახლოებით 10 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია სამკაულზე, მის ხარისხზე, წონასა და მოდელის დიზაინზე. დაწყებული მცირე ზომის „კულონებით“, სამაჯურის საკიდებით, ფეხის სამაჯურებითა და დასრულდებული მასიური ყელსაბამებით, რომელიც სწორედ 250 – 500 ლარის ფარგლებშია.

M: დღეს ხელნაკეთი სამკაულები საკმაოდ პოპულარულია. კონკურენცია რამდენად დიდია ?

სინამდვილეში მეტწილად თავად სახელწოდებაა პოპულარული, ვიდრე ხელნაკეთი ნივთი. “ხელნაკეთს” და “უნიკალურს ” დღეს უწოდებენ ყველაფერს, იმასაც კი რაც „ნახევრად-ფაბრიკატებით“ ეწყობა. ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს სრულად ხელნაკეთი და უნიკალური სამკაული. ჩვენი აზრით, ასეთი მიდგომა თავად ამ ცნებებს უკარგავს ფასს. ჩვენ არ ვიყენებთ ე.წ. „ნახევრადფაბრიკატებს“, არ ვაწყობთ სამკაულებს მზა მასალებისგან. “მარილისში” ესკიზიც კი საავტოროა, რომელზეც მხოლოდ ჩვენი მხატვრები მუშაობენ. იუველირები კი ხარჯავენ ძალისხმევას მათ განსახორციელებლად. კომპანიაში ნამდვილ ნედლ მასალასთან ვმუშაობთ, დაწყებული ლითონის დამუშავებით, მისთვის ფორმის მინიჭებით, ძვირფასი ქვების დამუშავებით და შემდგომ მათი გაერთიანებით დასრულდებული. ერთადერთი, რასაც ვიძენთ ეს ნედლი მასალაა. მხოლოდ მინერალებისა და ლითონის მოპოვებას არ ვანხორციელებთ. დანარჩენი სამუშაო სრულად ჩვენი ხელითაა შესრულებული. ეს ნამდვილად არის ხელნაკეთი სამკაულები, რომელიც ყველანაირ კონკურენციას უძლებს და არა მარტო საქართველოში. ჩვენი იდეა, ფილოსოფია და ღირებულებები რომ გვერდზე გადავდოთ, მხოლოდ ტექნიკური მონაცემებითაც კი “მარილისის” სამკაულები უკონკურენტოა ქართულ ბაზარზე.

სასაჩქრე ყუთი

M: თქვენი გამოცდილებით, როგორ შეიძლება ასეთი საქმე აქციო ბიზნესად? რა არის ამისთვის მთავარი?

მთავარი ნებისმიერ საქმეში და არა მხოლოდ ბიზნესში, კეთილსინდისიერება და ზნეობაა. არ ვატყუებთ კლიენტს, როდესაც ვამბობთ, რომ უმაღლესი ხარისხის სამკაულებს ვთავაზობთ. ჩვენი ფილოსოფია ასეთია: პროფესიონალიზმი, დისციპლინა, სისტემურობა, სწორი მენეჯმენტი, მაგრამ ამავდროულად, საქმეს ვეკიდებით სიყვარულით. რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ასეა და სწორედ ჩვენი საქმის სიყვარული გვეხმარება გუნდის თითოეულ წევრს, არ ვაქციოთ ბიზნესი ბიზნესისთვის. ჩვენ გვსურს ადამიანებმა დაინახონ ის მნიშვნელობა, რასაც ჩვენი სამკაულები ატარებენ და რასაც „მარილისი“ ემსახურება. ეს არის ნამდვილად ღირებული, ხარისხიანი სამკაულის შექმნა, რომელსაც ვერ შეიძენს ვერცერთ ბირჟაზე და მაღაზიაში. ისინი სრულიად განსხვავებულია ფორმებითა და შესრულებით.

M: სამომავლოდ რას აპირებთ?

სამომავლოდ ჩვენი სურვილია, საქართველოში „მარილის“-ს კარგად იცნობდნენ, გვინდა ქუჩაში უბრალო ხალხი ატარებდეს და მოსწონდეს ჩვენი სამკაული. ამისთვის მუდმივად ვმუშაობთ სიახლეებზე, ახალ კოლექციებზე. „მარილისი“-სთვის ძალიან ბუნებრივია მუდმივად ახალ კოლექციებზე ფიქრი, ახალი ხაზის შექმნა, ახალი ფორმები. იმედი გვაქვს, ძალისხმევა და შრომა რომელსაც თითოეულ სამკაულში ვდებთ დაფასებული იქნება ქართველი მომხმარებლის მიერ და ისინი სულ მალე სიამაყით ატარებენ „მარილისი“-ს სამკაულებს.

ყველაზე საშინელი სამუშაო ადგილები.

EastPoint თბილისი – ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი 2015 წლის გაზაფხულზე გაიხსნება !