6
Sep
2019

„გვფრცქვნი“ – ქართულ ენაზე შექმნილი ანიმაცია ამერიკელი იუთუბერის არხზე

6 Sep 2019

„გამარჯობა, ენების ანიმაციების კეთებით ვარ დაკავებული და სწორედ ამიტომ უნდა შემომიერთდეთ“ – გვატყობინებს NativLang-ის არხის ავტორი, ჯოშუა არი, რომელიც ქართველების გულს იმით მოიგებს, რომ ირანულ, ჩინურ, მაიას ტომების, იაპონიის და სხვა ენების შესახებ ანიმაციური ვიდეოების შემდეგ, აუდიტორიას ქართულის შესახებაც მოუყვა.

ქართული ენისთვის მიძღვნილი ვიდეო იწყება სიტყვით: „გვფრცქვნი“ – სადაც ჯოშუა მაყურებლებს უხსნის, რომ ასობგერები შემთხვევით არ აუკრეფია და რომ ამ სიტყვას სემანტიკა აქვს.

ჯოშუა ქართულ ენას ხისტს უწოდებს და განმარტავს, რომ სწავლა საკმაოდ რთულია. მისი ინფორმაციით, აშშ-ის უცხოური სააგენტოების რეიტინგში, სირთულის მიხედვით, ქართულს 5-დან 4* ვარსკვლავი აქვს.

შვიდი ბრუნვის ნიშანი, თვლის ათობითი სისტემა, წერის ძალიან ძველი სტილი… ერთ სიტყვაში რვა თანხმოვანი და მხოლოდ ერთი ხმოვანი – „გვფრცქვნი“ და „გააადვილებს“, სადაც ხუთი ხმოვანია. ხუთი.

მისი აზრით, შეიძლება, ესპანურის, ფრანგულის, გერმანულის სწავლაც კი მოისურვოს ვინმემ, თუმცა ქართულისთვის ნამდვილი თავგანწირვა მოუწევს მას, ვინც ამ გამოწვევას მიიღებს.

და რატომ შეიძლება ქართულის სწავლა მოუნდეთ სხვებს? – ჯოშუა ამბობს, რომ მაგალითად, შესაძლოა, ვინმეს მოწონების გამო, ან იქნებ, ქართულმა პოლიფონიამ მოხიბლა ადამიანი და ამის გამო გადაწყვიტა ამ ენის შესწავლა. თუმცა, არაა გამორიცხული, მიზეზი ქართული სამზარეულოც იყოს.

ჯოშუასთვის, ასევე, გასაოცარია ის, რომ საქართველო ქვეყანაა, სადაც Mom არის დედა და Dad არის მამა.

მოკლედ რომ ვთქვათ, მისი რეკომენდაციით, ქართული ენა იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ვინმეს აქამდე რამე გამოუცდია.

თამარ მეფისა თუ დავით აღმაშენებელის, ქართული სამზარეულოს, ბუნებისა თუ მუსიკალური გაფორმების ფონზე, ჯოშუა „მადლობას“ გვიხდის და არხის გამოწერისკენ მოგვიწოდებს.

 

განხილვა