ქართველებს, როგორც ნებისმიერი სხვა კულტურის წარმომედგენლებს, ჩვენთვის დამახასიათებელი, უნიკალური მეხსიერება გვაქვს. როგორ შეგვიძლია ამ ინფორმაციის გახსენება, ან სხვა კულტურებისთვის გაცნობა? ამის სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა მეგობრებმა, ბიზნესის მართვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა – ნინო ჯარიაშვილმა, თეონა გაგნიძემ და ლიკა ლაცაბიძემ, ქართული მეხსიერების ვიზუალიზაცია, ყელსახვევებზე დატანა და ამ გზით გავრცელება გადაწყვიტეს. Georgian Memory-ს პროდუქცია თვენახევრის წინ გახდა ხელმისაწვდომი და როგორც ამბობენ, რამდენიმე დღეში, მისი სტენდი უკვე „თბილისი მოლში“ დაგხვდებათ. ბრენდის შექმნასა თუ განვითარებასთან დაკავშირებულ დეტალებზე მარკეტერი Georgian Memory-ს თანადამფუძნებელს – ნინო ჯარიაშვილს ესაუბრა:
M: როგორ შექმენით ყელსახვევების ბრენდი Georgian Memory?
ჩემს ერთ-ერთ მეგობარსა და თანადამფუძნებელს საჩუქარი უნდა ეყიდა თავისი თანამშრომლისთვის. გადაწყვიტა, რომ ეს ყოფილიყო შარფი, თუმცა, ვერ იპოვნა ისეთი, რომელიც გარკვეულ ამბავსაც მოყვებოდა და სიმბოლური დატვირთვაც ექნებოდა. მაშინ დაგვებადა იდეა, გვეწარმოებინა ქართული თემატიკის ყელსახვევები. დღეს კი ჩვენი თითოეული ყელსახვევი ყვება მცირე ისტორიას, რომელიც კავშირშია საქართველოსთან და ამასთან, აქვს ბრენდირებული შეფუთვა.
M: რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის კეთების კუთხით და ვისთვის შექმენით Georgian Memory?
ბიზნესის დაწყების გამოცდილება არ გვქონია. მაგისტრატურაზე ვსწავლობთ, ბაკალავრიატიც ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით დავამთავრეთ. გვქონდა საკმაოდ კარგი თეორიული საფუძველი, თუმცა, პრაქტიკული გამოცდილება არ გვქონია. მიუხედავად ამისა, ჩვენ სამმა გავაკეთეთ აბსოლუტურად ყველაფერი. Georgian Memory არ არის არამხოლოდ ქართველებისთვის, რომლებსაც ქართულ კულტურას, ტრადიციასა და ისტორიას ვახსენებთ, არამედ ტურისტებისთვისაც. ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი, ერთგვარი სუვენირი საქართველოდან.
M: როგორც ვხედავთ, თქვენს პროდუქციას მოყვება წარწერები…
დიახ, თითოეულ ყელსახვევს საკუთარი ისტორია მოყვება, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასე, ვფიქრობთ, უფრო კარგ სიმბოლურ და ინფორმაციულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი პროდუქცია.
M: როგორია Georgian Memory-ს პროდუქციის წარმოების პროცესი, ან როგორ არჩევთ ილუსტრაციებს, რომლებიც დატანილია თქვენს ყელსახვევებზე?
ილუსტრაციებს ვარჩევთ ქართული თემატიკის გათვალისწინებით. დიზაინს ვქმნით თვითონ, ჩვენს იდეებსა და ჩვენი გრაფიკული დიზაინის შესრულებაზე დაყრდნობით. შემდეგ მიგვაქვს სამკერვალოში, სადაც სპეციალური საღებავით, მაღალი ტემპერატურის ქვეშ დააქვთ ჩვენი დიზაინი ყელსახვევზე.
M: როგორც ვიცით, მალე „თბილისი მოლში“ გაიხსნება თქვენი სტენდი. ამ ეტაპზე, სად არის თქვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი და ამასთან, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია ჩვენი ფეისბუკ გვერდის მეშვეობით. ასევე, სუვენირების რამდენიმე მაღაზიაში ვართ წარმოდგენილი, გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოშიც“. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან გეგმებს, „თბილისი მოლში“ სტენდის გახსნის შემდეგ, გაზაფხულიდან, ვგეგმავთ ბათუმი და სხვა ქალაქებიც მოვიცვათ.