in

ქართველი მეფეები და პოეტები ბანქოზე – გიორგი ბიბილეიშვილის და მარინა სარქისიანის ახალი პროექტი 

ეს Georgian National Cards, ანუ ქართული ეროვნული ბანქოა. მასზე გამოსახულია ქართველი მეფეები და პოეტები ძველი წელთაღრიცხვიდან დაწყებული მეოცე საუკუნით დამთავრებული. იდეის ავტორი გიორგი ბიბილეიშვილია. ილუსტრაციები კი მარინა სარქისიანმა შექმნა. პროექტზე ისინი 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

გიორგი ბიბილეიშვილი: მე და მარინა ერთად ვსწავლობდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. ის ილუსტრატორია, მე – UI/UX დიზაინერი. კარანტინის პერიოდში, გაგვიჩნდა იდეა, რომ კარგი იქნებოდა ერთფეროვანი და ყველასათვის უკვე მობეზრებული ბანქოს ჩვენებური ვერსია გაგვეკეთებინა, რომელიც ქართული მოტივებით იქნებოდა გაჯერებული – გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბანქო, რომელზეც გამოსახული იქნებოდა ყველასათვის ცნობილი ქართველი მოღვაწეები. თანაც, გვინდოდა, სათამაშოს გარდა, ინფორმაციულიც ყოფილიო. ამიტომ, ყუთში, ბანქოსთან ერთად, იქნება სპეციალური ფურცელი, სადაც დატანილია ცნობები თითოეული პერსონაჟის შესახებ. შესაბამისად, უფრო სუვენირი გამოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივი სათამაშო. მთავარი მიზანიც ეს იყო – წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია. ბანქო გათვლილია, ძირითადად, უცხოელ ვიზიტორებზე, ამიტომ ინფორმაცია ინგლისურ ენაზეა. თუმცა, ვგეგმავთ გავაკეთოთ ქართული აღწერებიც, რომ ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს მისი წაკითხვა“.

 

ამ ბანქოს ჯოკერი პეტრე ოცხელის „მფრინავი მღებავია“. ავტორები თვლიან, რომ ეს პერსონაჟი ყველაზე მეტად შეესაბამება ვიზუალურად ჯოკერს. ფარნავაზ მეფე, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, ერეკლე II კი ქართული ბანქოს მეფეები არიან.

დედოფალში ავიღეთ მხოლოდ თამარ მეფე, ოთხი სხვადასხვა სახით: როგორც კარგი სტრატეგი, კარგი მეომარი, სილამაზის ეტალონი და სტუმართმოყვარე პიროვნება. რაც შეეხება „ვალეტებს“, აქ გამოსახულია ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველო პოეტები და საზოგადო მოღვაწე – ილია ჭავჭავაძე, შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონი. დანარჩენ კარტებზე კი რიცხვებთან ერთად, სპეციალურად შექმნილი აგურის, გულის, ჯვრისა და ყვავის ფიგურებია გამოსახული“.

გიორგი ბიბილეიშვილი ამბობს, რომ პერსონაჟები დიდი სიფრთხილით შეარჩიეს. მთავარი იყო თითოეულ მათგანს, საქართველოს ისტორიასა და კულტურაში, მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა.

პროექტზე მუშაობის დროს, მაქსიმალურად შევეცადეთ, ილუსტრაციები დადებითი და ყველასათვის ნაცნობი ყოფილიყო. მგონი, ასეც გამოვიდა – ადეკვატური ფორმა მიიღო ყველაფერმა და უარყოფითად არ შეუფასებიათ ნამუშევრები. თავიდან შევქმენით ბევრი ვარიანტი, საბოლოოდ კი ყველაზე სწორი პერსონაჟები და ოპტიმალური ვერსიები შევარჩიეთ.

მართალია, Georgian National Cards ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს, მაგრამ ავტორები მის გამოშვებას აპირებენ, იქნება ეს სხვა კომპანიის დახმარებით, თუ საკუთარი ძალებით. ასე რომ მალე, მის შეძენასაც შეძლებთ.

„გარდა ამისა, ვგეგმავთ, შევქმნათ ქართული სამაგიდო თამაში, სადაც იქნება ჩვენი ისტორიის, კულტურისათვის დამახასიათებელი და მისთვის ავთენტური სტრატეგია თუ პერსონაჟები“.

როგორ გავუმკლავდეთ ბუნდოვან მომავალზე შფოთვას?

„ეძღვნება გია ყანჩელს“ – სანდრო ალექსიძის ახალი პროექტი