10
Jun
2019

ციფრულ ტექნოლოგიაზე ადაპტირებული ქართული საფოსტო მარკები

10 Jun 2019

დიზაინერმა მურთაზ ფურცხვანიძემ ახალი საფოსტო მარკების კონცეფცია შექმნა, სადაც AR [Augmented Reality,  დამატებითი რეალობა] ტექნოლოგიაა ჩაშენებული. პრინციპი ასეთია: სპეცილაური აპლიკაციით, ასკანერებთ მარკას და მასზე დატანილი ვიზუალის შესახებ ეცნობით დეტალებს. მაგალითად, გამოსახულია პეტრე ოცხელის „მფრინავი მღებავი“, აპლიკაცია გიჩვენებთ ავტორის ბიოგრაფიას, ცნობებს ამ კონკრეტული ან სხვა ნამუშევრების შესახებ.

 

„საფოსტო მარკა, როგორც წესი, გარკვეულ ინფორმაციას ატარებს, აჩვენებს ამა თუ იმ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პიროვნებებსა და მოვლენებს. იქიდან გამომდინარე, რომ მარკა სტატიკურია, ხშირად ეს ცნობები ძალიან მწირია. მეც ფილატელისტი [საფოსტო მარკების კოლექციონერი] ვარ და როგორც წესი, დატანილი მონაცემები არ არის ხოლმე ამომწურავი. ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა საფოსტო მარკები, სადაც ჩაშენებული იქნებოდა AR [Augmented Reality,  დამატებითი რეალობა] ტექნოლოგია და ჩვეულებრივი მარკებისაგან განსხვავებით, მეტი ინფორმაცია გახდებოდა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მინდოდა AR ტექნოლოგიის ათვისება და რაც შეიძლება ფართოდ გამოყენება. რამდენიმე წელიწადში, დამატებით რეალობას ყველა სფეროში აქტიურად გამოიყენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პერიოდისთვის, რაც შეიძლება ბევრი მასზე ადაპტირებული და მორგებული პროექტი გვქონდეს. ამ მიმართულებით განვითარება აუცილებელია. მსოფლიო სწორედ აქეთკენ მიდის“.

საფოსტო მარკები და შესაბამისად, აპლიკაცია რამდენიმე კატეგორიას აერთიანებს. თემატიკა საქართველოს ისტორიასა და ქართულ კულტურას უკავშირდება. პროექტისთვის მზად არის ვებგვერდის პროექტიც. პეტრე ოცხელისა და მისი შემოქმედების გარდა, შეიქმნა კონცეფციები კომპოზიტორ გია ყანჩელის, ფილმ „შერეკილების [ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციაა] “, ხინკლის [დარია სარგეევას ილუსტრაცია] და ქართული ანბანის გამოსახულებებით. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი კატეგორიების ილუსტრაციების უმრავლესობა თავად მურთაზ ფურცხვანიძეს ეკუთნის.

„თუმცა, მისი ერთადერთი ფუნქცია ვრცელი ინფორმაციის მიღება არ არის – შესაძლებელია მარკების როგორც ფიზიკურად, ისე ციფრული სახით შეგროვება. თანაც, თემების გარდა, აპლიკაციაში ჩანს, კონკურეტულ კატეგორიაში სულ რამდენი მარკაა გამოსული. მისი ატვირთვის შემდეგ კი აჩვენებს, რამდენი დარჩა შესაგროვებელი. ოღონდ, მომხმარებელი წინასწარ ვერ ხედავს იმ ვიზუალებს, რომლებიც ჯერ არ აქვს“.

ფილმ „შერეკილების“ ილუსტრაციის ავტორი – ანანო მიმინოშვილი

თუ ამ საფოსტო მარკას საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიძენენ, პირობითად გერმანიაში, აპლიკაცია მათთვის გერმანულ ენაზე იქნება.

„ეს ნიშნავს, რომ მიიღებენ აბსოლუტურად ამომწურავ ინფორმაციას დატანილ ვიზუალზე. შესაბამისად, მოხდება ქართული კულტურისა და საქართველოს ისტრიის პოპულარიზაცია“, – ამბობს მურთაზ ფურცხვანიძე.

მისივე თქმით, აპლიკაცია ადაპტირებული იქნება, როგორც  iOS, ისე Android სისტემებისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ კონცეფციაა. ახლა ავტორი ამ იდეის განხორციელებაზე მუშაობს.

„პროექტი, რეალობად რომ იქცეს, მთავრობის მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება. მათ გარეშე ვერ განხორციელდება, რადგან, საფოსტო მარკას, ისევე როგორც ფულადი ერთეულს, მხოლოდ სახელწიფო უშვებს“.

 

განხილვა