in

„მეთექვსმეტე“ – როგორ შეიქმნა და რა გზა განვლო ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბმა

სათავეებთან

2012–2013 წლები ეს ის დროა, როდესაც საქართველოში არ გვყავს სარაგბო გულშემატკივრების ორგანიზებული არმია. ამავდროულად, ქვეყანაში რაგბის მიმართ ინტერესი მზარდია. ამ დროს, სარაგბო ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად: ირლანდია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ნახავდით გადავსებულ ტრიბუნებსა და სარაგბო ატრიბუტიკით აღჭურვილ აქტიურ გულშემატკივრებს, რომლებიც ბევრს მღეროდნენ და მშვენიერ ატმოსფეროს ქმნიდნენ.

საფრანგეთის ტოპ-14 ში, PRO-D-2 ში თუ ფედერალებში მოთამაშე გუნდებს ყველას ჰყავთ გულშემატკივართა კლუბები, რომლებიც მრავალ წევრს აერთიანებს. როდესაც მათი ეროვნული ნაკრები თამაშობს, ასეთი კლუბების გაერთიანებით ტრიბუნებზე მშვენიერი ატმოსფერო იქმნება. ჩვენთან, შიდა ჩემპიონატში მსგავსი სიტუაცია არ გვქონდა. ეროვნული ნაკრების მიმართ ინტერესი დიდი იყო. პირველ ეტაპზე, „ბორჯღალოსნების“ სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდების შეკრება იყო საჭირო.

ილიამ, რომელმაც დაარსა კლუბი „მეთექვსმეტე“, სოციალურ ქსელსა თუ მის სამეგობროში დაიწყო თანამოაზრეების ძებნა. კლუბის შექმნამდე, იყო მსჯელობა, როგორ აგვეგო სტრუქტურა, როგორი ყოფილიყო მთავარი სიმბოლო, რომელი ქვეყნის გამოცდილება გაგვეზიარებინა. ასევე, გარდა გულშემატკივრობისა, რა შეიძლება შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის და როგორ გავეზარდა ხალხში რაგბის პოპულარობა.

სოციალურ ქსელში მოკრებილი რამდენიმე თანამოაზრე არა მხოლოდ მატჩებზე ხვდებოდა ერთმანეთს, არამედ ხშირად რიგგარეშე შეხვედრებიც ეწყობოდა. სადაც ყველაფრის მოსინჯვას ვცდილობდით. იყო ბევრი იდეა, როგორ განვითარებულიყავით, როგორ გაგვეზარდა რაგბის პოპულარობა. სრული ენთუზიაზმის ხარჯზე საკმაოდ ძნელი იყო, თუმცა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა და დავიწყეთ.

2014 წლის მარტში შევარჩიეთ მაისურის ფერი – რომელიც ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნულ დროშაზე ჯვრების ფერს შეესაბამება, ასევემ იმ პერიოდში ბორჯღალოსნების სათამაშო ფორმის ფერსაც იმეორებდა. შევქმენით ლოგო და ოფიციალურად დავაარსეთ კლუბი.

პირველ ხანობას, კლუბში ცოტა წევრი ვიყავით, თუმცა არ ყოფილა მატჩი, სადაც ჩვენი კლუბი სულ მცირე ერთი ათეული გულანთებული წევრით არ ყოფილიყო წარმოდგენილი. დროის გასვლასთან ერთად, ჩვენი გზავნილი უფრო მეტ ადამიანამდე აღწევდა. ჩვენი დამოკიდებულება რაგბის მიმართ, მეტოქის და მისი გულშემატკივრის პატივისცემა და სარაგბო ნიუანსების მაქსიმალურად გაზიარება ბევრს მოსწონდა. ჩვენი რიგებიც ნელ-ნელა იზრდებოდა.

აღმავლობა

2015 წლის მსოფლიო თასის წინ, მთელ საქართველოს ვაჩვენეთ – პროექტით „მე და რაგბი“ – რაგბის გოგონები რა მაგრად თამაშობენ და რამდენად კარგად შეიძლება ერკვეოდნენ სარაგბო დეტალებში. შემდგომ წლებში, ვქმნიდით სხვადასხვა მაშტაბის სოციალურ პროექტს, რომლებშიც ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. კლუბი ნელ-ნელა ძლიერდებოდა და იზრდებოდა. 2017 წელს, საქართველოში ჩატარდა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რაც დამატებითი ბიძგი იყო ქვეყანაში რაგბის მიმართ დაინტერესების მხრივ.

ამ პერიოდში, კლუბი საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ახერხებს გაზარდოს სარაგბო აქტივობები. გულშემატკივრებს ვთავაზობთ თიმ-ბილდინგებს და სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც რაგბის პოპულარობასა და სიყვარულს ზრდის.

2017–2018 წლებში, ჩვენი კლუბი იმდენად გაიზარდა, რომ ტრიბუნაზე უკვე მარტივად შეგვამჩნევდით. ამ დროს პირველი ბორჯღალოსანი გახდა ცენტურიონი, რაზეც გულშემატკივართა კლუბს მშვენიერი იდეა დაებადა, ცენტურიონს – ცენტურიონის მუზარადი.  მას შემდეგ, ყველა მორაგბე, ვინაც ნაკრებში 100 მატჩს ჩაატარებს ჩვენი კლუბისგან ცენტურიონის მუზარადს ღებულობს. ამ ტრადიციის დამკვიდრებით, მსოფლიოში უნიკალური გამოცდილება შევქმენით.

ამ პერიოდში განვახორციელეთ სხვადასხვა პროექტი და ძლიერი გამართული სტრუქტურა შევქმენით. კლუბმა მიიღო ისეთი სახე, როგორსაც ვისურვებდით. ერთი მხრივ უამრავი წევრი, მეორე მხრივ, ნამდვილი სარაგბო ატმოსფეროს შექმნა. სწორედ ამ პერიოდში, საქართველო-რიმინეთის მატჩზე, ჩვენს რუმინელ „კოლეგებს“ დავუმეგობრდით და ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ.

პლატო და პრობლემები

საქართველოში რაგბის პოპულარობა მსოფლიო თასიდან მსოფლიო თასამდე იზრდება. ბორჯღალოსნების შედეგები მსოფლიო თასზე დიდწილად განაპირობებს ქვეყანაში სარაგბო ბუმს. მოხდა ისე, რომ 2019 და 2023 წლის მსოფლიო თასებზე წარმატებულად ვერ წარვდექით. ამ ყველაფერს კი ყველაზე დიდი პრობლემა დაემატა 2020 წელს, კოვიდ პანდემია, რის გამოც თითქმის წელიწადნახევარი ტრიბუნები ცარიელი იყო და შემცირდა რაგბის პოპულარობა. ამავდროულადმ ხაზგასასმელია ერთი დეტალი – კლუბი ცოცხალი ორგანიზმია. მუდმივად ემატება და აკლდება წვერები, რაგბის პოპულარობის შემცირებამ – შექმნა მოცემულობა, როდესაც კლუბს უფრო მეტი ადამიანი ტოვებდა, ვიდრე ემატებოდა.

კოვიდ პანდემიის დასრულების შემდეგ, ტრიბუნებზე დაბრუნება იყო საჭირო, ხმაურიანად და შესამჩნევად. ამ პერიოდში, რებრედინგი გავატარეთ და ჩვენი ლოგო განვაახლეთ. სახელწოდებაში ხაზი გავუსვით ტრიბუნაზე გულშემატკივრის როლს, რომელიც მეთექვსმეტე მოთამაშე ხდება გუნდისთვის და დამატებითი ენერგია შეაქვს მოედანზე. ამ მუხტით ენერგეტიკულ სასმელ „მეთექვსმეტესთან“ დავმეგობრდით.

ამ პერიოდში, გარდა ეროვნული ნაკრებისა, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა „შავი ლომი“, რომლის ქომაგობაც ვითავეთ. „შავი ლომი“ არ არის უბრალოდ კლუბი, ეს არის ფრენჩაიზი და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენს. ევროპული  საკლუბო გათამაშებების პარალელურად, ჩვენ გავაგრძელეთ რაგბულ-მეგობრული ურთიერთობების დამყარება სხვა გუნდის გულშემატკვირებთან. სწორედ ასე დავუკავშირდით და გავაფორმეთ მეგობრობის მემორანდუმი ფრანგული გუნდის, „კლერმონის“, მხარდამჭერ კლუბთან. ასეთი კავშირები რუმინელებთან, ფრანგებთან საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ამავდროულად, ნათლად მტკიცდება რაგბის ფასეულობების ერთგულება და ხიბლი. მეტოქეობა მინდორზე, ტრიბუნაზე კი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა, რაც ასე მოგვწონს რაგბის გულშემატკივრობაში.

ამ მხრივ, დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ ბევრ სარაგბო ერთან გადავიკვეთოთ, დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა და მათი გამოცდილება გავიზიაროთ. ამასთან ერთად, ხელი შევუწყოთ რაგბის ფასეულობების საზოგადოებაში გავრცელბას და ვეცადოთ გავზარდოთ გულშემატკივართა არმიის რიგები. რაგბის გულშემატკივრობისა და რაგბის შესახებ უფრო მეტ ახალგაზრდას მივაწოდოთ გზავნილები. და ბოლოს, ჩვენ ვმუშაობთ კიდევ ერთ ციფრულ აქტივზე, კერძოდ, ონლაინ რუკაზე. დეტალებს სულ მალე იხილავს ქართველი გულშემატკივარი.

ციფრული აქტივები და განხორციელებული პროექტები

2015 წელი – „მე და რაგბი“, რომლის მიზანიც იყო მსოფლიო თასზე მოარაგბეების გამხნევება და ამავდროულად ჩვენება, რომ რაგბის გოგონებიც წარმატებით თამაშობენ.

2015 წელი – „მსოფლიო თასის ისტორია“ – ყველა ჩემპიონატის შესახებ ჩანაწერები ერთ სივრცეში, რომლებიც მომზადებული იყო ზაალ გიგინეიშვილის ჩანაწერების მიხედვით.

2017 წელი – ცენტურიონის მუზარადის ტრადიცია დავამკვიდრეთ. მორაგბეს ვინც დააგროვებს 100 კეპს და ცენტურიონი გახდება რომაული 100-ეულის ხელმძღვანელის მუზარადს გადავცემთ. ეს ტრადიცია მსოფლიოში უნიკალურია, თავად რომაელთა შთამომავალ იტალიელებსაც არ აქვთ.

2017 წელი – გადაცემა „რაგბის რენტგენი“ – იმ პერიოდში სარაგბო სივრცეში ოყო ორი ანალიტიკური  გადაცემა რაგბი 15 – და რაგბის რენტგენი. 

2017 წელი – „გულშემატკივრის დრო“ – იმ პერიოდში სარაგბო სივრცეში ერთადერთი პერმანენტული გადაცემა, სადაც მოქმედ თუ ვეტერან მორაგბეებს იწვევდნენ.

2018 წელი – სოციალურ ქსელში რაგბის პოპულარიზების მიზნით, სხვადასხვა გამოკითხვა და ვიქტორინები.

2018 წელი – „#15პოზიცია“ – რაგბის პოზიციების შესახებ დეტალური ინფორმაციის ჩაშლა, თითოეული სათამაშო პოზიციის დასახლება.

2018 წელი – „აირჩიე შენი მორაგბე“ – რაგბის პოპულარობის და მოთამაშეთა ცნობადობის ასამაღლებლად, სოციალურ ქსელში გულშემატკივარი ნაკრებს აკომპლექტებდა.

2019 წელი – „გულშემატკივირის ნაკრები მსოფლიოზე“ – რაგბის პოპულარობის და მოთამაშეთა ცნობადობის ასამაღლებლად, სოციალურ ქსელში გულშემატკივარი სამსოფლიო რაზმს აკომპლექტებდა.

2020 წელი – „ჩვენი სარაგბო ისტორია“ – 2019-2020 წლებში ჩვენს საიტზე ავტვირთეთ საქართველოს სარაგბო ისტორია, წლების მიხედვით, რომელიც მომზადებულია ზაალ გიგინეიშვილის ჩანაწერების მიხედვით.

2021 წელი – „აირჩიე შენი ბორჯღალოსანი და გაამხნევე“ – რაგბის პოპულარობისა და მოთამაშეთა ცნობადობის ასამაღლებლად, სოციალურ ქსელში გულშემატკივარი ნაკრებს აკომპლექტებდა, რადგან ამ პერიოდში შეზღუდული იყო ტრიბუნაზე გულშემატკივრის დასწრება სოციალური ქსელით უგზავნიდა საგულშემატკივრო მესიჯს.

2023 წელი – „გულშემატკივირის ნაკრები მსოფლიოზე“ – რაგბის პოპულარობის და მოთამაშეთა ცნობადობის ასამაღლებლად სოციალურ ქსელში გულშემატკივარი სამსოფლიო რაზმს აკომპლექტებდა

2024 წელი – „დიდი 10-ის რუკა“ – ქვეყნის შიდა ჩემპიონატის პოპულარიზებით შეიქმნა რუკის პოსტერიც და ინტერაქციული ონლაინ რუკა, სადაც დატანილია პირველი ლიგაც.

2024 წელი – „რეგიონ ლიგის რუკა“ – ქვეყნის შიდა ჩემპიონატის ქვედა ლიგების პოპულარიზების მიზნით, შეიქმნა რუკის პოსტერიც და ინტერაქციული ონლაინ რუკა.

2024 წელი – „საქართველოს ჩემპიონების ისტორია“ – პოსტერი, სადაც დატანილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ჩემპიონი.

[R]

წყალი „მთის“ Paris Saint-Germain-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი გახდა!

ელექტრონული კომერცია პროკრედიტ ბანკში უკვე ხელმისაწვდომია