”დღეს საქართველოში არ არსებობს შოუბიზნესი. რაც ამ სფეროში ხდება, მასთან კავშირი არ მაქვს”, – ამბობს თიკა ჯამბურია.
მომღერალი, რომელიც შოუბიზნესის ”ორომტრიალში” ბავშვობიდან იყო ჩართული, ამბობს, რომ დღეს საქართველოში მისი პროფესიის ადამიანებს გასაქანი არა აქვთ და რეალიზებისთვის ერთადერთი საშუალება კლუბებში სიმღერაა.
”პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს საპროდიუსერო ჯგუფი, ცენტრები. ხალხი, ვინც იზრუნებს ყველაფერზე და მომღერალს მხოლოდ სიმღერაზე მოუწევს ფიქრი. ყველა ქვეყანაში ასეა, ჩვენი პროფესიის ადამიანები მხოლოდ თავიანთ საქმეზე ფიქრობენ. პროდიუსერები, მენეჯერები მართავენ კონცერტებს და აგვარებენ სხვა საორგანიზაციო საკითხებს.
მეორე მომენტიცაა, სახელი აქვს გაფუჭებული თანამედროვე ქართულ სიმღერას, თითქოს სათაკილოა მისი მოსმენა. არა და ამ სფეროში ”ფულის გაკეთება” შეიძლება, ანუ, ის რომ იქცეს ბიზნესად. უბრალოდ, დღეს შოუბიზნესში ფულს არავინ დებს. ასეთ მდგომარეობაში აღარც მომღერლებს გვაქვს მოტივაცია, რაიმე ვაკეთოთ. რამდენი სიმღერა ჩავწერე და ”დევს თაროზე”, რადგან არაფერი ხდება, კონცერტები არ იმართება, არ გვაქვს გასაქანი” – ამბობს თიკა ჯამბურია.
მუსიკოსი დათო ფორჩხიძე კი საქართველოში შოუბიზნესის არარსებობას რამდენიმე მიზეზით ხსნის და მიაჩნია, რომ სანამ არსებული სირთულეები არ მოგვარდება, სიტუაცია არ შეიცვლება.
”პრობლემა ისაა, რომ ხალხს ფული არა აქვს. იმდენი ნიჭიერი მომღერალია საქართველოში. სახსრები და ინვესტიციები რომ იყოს, შოუბიზნესი არ იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში. არიან ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ვისაც შეუძლია აკეთოს მუსიკა საკუთარი გემოვნებით, იმ ხალხზე მაქვს საუბარი ვინც სტუდიაში სხედან. ფული აკუმულირებული უნდა იყოს მუსიკოსებში. სამწუხაროდ, დღეს ბევრი პროდიუსერია, ვისაც ელემენტარული სმენა არა აქვს. მგონია, რომ ასეთები საერთოდ უნდა გაქრნენ მუსიკალური სამყაროდან.
შოუბიზნესი საქართველოში მაშინ იყო აქტიური, როცა ქვეყანაში არაფერი ხდებოდა. სამაგიეროდ მაშინ იყო სახე. მანამდე ქართულ თანამედროვე სიმღერას ყველა დასცინოდა, შემდეგ ნელ-ნელა მოტრიალდა საზოგადოება. ფულსაც ხარჯავდნენ ამ სფეროში, დაწესებულებებიც იყო, სადაც იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები. დღეს კი რა ხდება? არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ბენდების სახით სხვადასხვა ბარებში უკრავენ ცნობილი სიმღერების ”ქავერებს”.
არც ერთ ტელევიზიაში არ გადის ქართული ვიდეო-რგოლები. თვლიან, რომ უხარისხოა. ერთი სიტყვით, მედია არ უწყობს ხელს. ამიტომ, შემდეგ მომღერლებსაც აცრუებული აქვთ გული აკეთონ თავიანთი საქმე. რამდენი ხანია ერთი მუსიკალური არხი ვერ გაიხსნა, მაგალითად, რამდენი ხანია საუბარია საქართველოში MTV-ის გახსნაზე. ასე პოპულარიზაციას გავუწევდით ქვეყნის შიგნით ქართულ სიმღერას, თან კონტაქტი გვექნებოდა უკრაინასთან, აღმოსავლეთ ევროპასთან , სადაც ეს არხი არის. არა და როცა ხალხი უსმენს, მაშინ ხდება მომღერალი მოთხოვნადი და გაყიდვადი.
ახლა ნიჭიერი ადამიანები მხოლოდ სატელევიზიო შოუებსა და კონკურსებზე ჩნდებიან. გამარჯვების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ მოღვაწეობა განაგრძონ, ახალ ალბომზე იმუშაონ და ა. შ. სხვა კონკურსებზე მიდიან და ფაქტობრივად მეტი არაფერი ხდება” – ამბობს დათო ფორჩხიძე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, პოლიტიზირებული შოუბიზნესია. მუსიკოსი თვლის, რომ ხშირად მომღერლები საზღვარგარეთაც უჭერენ ამა თუ იმ პოლიტიკოსს მხარს და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, მხოლოდ პოლიტიკა არ უნდა იყოს, ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი და ესა თუ ის პოლიტიკოსი არ უნდა წყვეტდეს, სად რა კონცერტი გაიმართოს ან ვინ იმღეროს.
”მაგალითისთვის რომ გითხრათ, შესაძლოა, პოლ მაკარტნი, პრემიერის მხარდასაჭერად მღეროდეს. მაგრამ მღეროდეს Yesterday-ს და არა კონკრეტული პოლიტიკოსის საქებარ სიმღერას”.