11
Oct
2019

Juno Q Beat – პირველი ქართული Soundsystem-ის გზა ლონდონიდან თბილისამდე

11 Oct 2019

„ერთადერთი კარგი სისტემა, საუნდსისტემაა – ამ ფრაზას ხშირად შეხვდებით ინტერნეტ ნიუს ჯგუფებში, ფორუმებსა თუ  სოციალურ ქსელში. თუმცა ხშირად რთულია გამოვარკვიოთ, ზუსტად რას ნიშნავს ტერმინი „საუნდსისტემა“, რომელიც სათავეს დაბ/რეგი კულტურიდან იღებს.

2003 წლისთვის კინგსტონში იშვითად თუ მოუსმენდით დაბ რიდიმებს, და ამისთვის ბრიტანეთში ვიზიტიც კი დაგჭირდებოდათ. თუმცა ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა. სტილის გაცოცხლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და ამაში უკვე არც საქართველო ჩამორჩება.

2015 წლიდან სამშობლოდან შორს, ლონდონში მცხოვრებმა ქართველმა DJ-მ, ლევან ხურცილავამ (Juno Q Beat) თანამოაზრეებთან ერთად, სრულყოფილი საუნდსისტემის შექმნა დაიწყო – Sioni Hi-Fi სპეციალურად საქართველოსთვის.

#თაობა ლევანს საკუთარ მუსიკალურ წარსულზე, Sioni Hi-Fi-ის შექმნის პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

პირველი შეხება მუსიკასთან

თინეიჯერობის ასაკში უკვე კარგად ვერკვეოდი მუსიკაში. დაახოლოებით 1993-94 წლიდან აქტიურად დავიწყე მუსიკის მოსმენა, ჩემი მეგობრისგან გადაწერილი კასეტების წყალობით. ახალი მუსიკა თბილისში მაშინ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა. კლასში რამდენიმე ადამიანი ვიყავით ვინც ჰიპ-ჰოპ მუსიკას ვუსმენდით, 2 კასეტიანი Boombox-ის საშუალებით. მაგრამ ძირითადად მაინც მამაჩემის ფირფიტებით ვსაზრდოობდი, მასვე გააჩნდა ასევე კასეტების კოლექციაც, დაწყებული ბიტლზით, დამთავრებული ბევრად უფრო იშვიათი ჩანაწერებით, რომლებსაც მოსკოვიდან უგზავნიდნენ.

სახლში ფონად ყოველთვის გვქონდა მუსიკა, შესაბამისად ამ ატმოსფერომ უფრო მეტად გამოიწვია ჩემი დაინტერესება ამ სივრცით. ფირფიტებზე ასევე გვქონდა ინგლისურის გაკვეთილები, რომლებიც იმ დროისთვის ძალიან დამეხმარა. არ მქონდა მიქშერი, თუმცა მაინც ვჩხირკედელაობდი. ძირითადად ახალი მუსიკა იმ დროისთვის ჰიპ-ჰოპი იყო და მამაჩემმა მასწავლა, თუ როგორ გადამეწერა ორიგინალი კასეტებიდან ისე, რომ ხარისხი არ დაკარგვოდა ჩანაწერს.

Sioni Hi-Fi-ის წარმოშობის ისტორია

Hip-Hop-ის მოსმენა როცა დავიწყე, 8-9 წლიდან უკვე მოვხვდი სიონში, სადაც ჩემი ტოლი ბიჭები ჰიპ-ჰოპს უსმენდნენ, დადიოდნენ Boombox-ით – აქვე იყო სხვა მუსიკაც ცოტა რეგი, ფანკი და ა.შ. მუსიკის გაცვლის პროცესიც სწორედ ამ დროს დაიწყო, დაახლოებით 1995 წლიდან. შეიძლება ითქვას ამ პერიოდში მშრალ ხიდზე ვცხოვრობდი, ხშირად დავდიოდი, ხალხიც მიცნობდა და მათთან სახლშიც ხშირად ავსულვარ ფირფიტების კოლექციის დასათვალიერებლად. უბანში თუ სკოლაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო მუსიკით დაინტერესებული, ძირითადად მე ვიყავი ვინც ექსკურსიებზე ახალ მუსიკას ასმენინებდა თანატოლებს.

ჰიპ-ჰოპი პირველი ეტაპი იყო, რამაც DJ-ინგით დამაინტერესა. თბილისში ძირითადად ორი მუსიკალური არხი აჩვენებდა – VIVA და MTV, მე ეს უკანასკნელი არ მქონდა, შესაბამისად ძირითადად VIVA-ზე ტრანსლირებულ პოლონურ ჰიპ-ჰოპს ვადევნებდი თვალს და ვბაძავდი მათ სკრეჩინგის ტექნიკას. ასევე ჩემი კლასელი უსმენდა პროდიჯის და მისგან გავიგე სხვა Big Beat არტისტების შესახებ.

სიონის ჯგუფიდან, მუსიკალურად დღეისთვის აქტიურები ნაკლებად არიან, უფრო ალბათ ჰობის დონეზე იტაცებთ ეს ყველაფერი. თუმცა რამდენიმე მათგანი უნივერსიტეტის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჰიპ-ჰოპ მუსიკაში, კითხულობდნენ რეპს სხვადასხვა ფესტივალებზე და ა.შ. გავიხსენებ პირველ რეპ ფესტივალს რომელიც ჩატარდა 2000-იანი წლების დასაწყისში, წამყვანი იყო კაბუ, ხოლო ფესტივალზე გამოდიოდნენ ჯგუფები: 213, ცხოვრებით ჯარისკაცები, ბედინა, ჯერონიმო და ა.შ. მეც მოვხვდი ამ ფესტივალზე და თვალს ვადევნებდი სკრეჩინგის ტექნიკას.

პირველი ნაბიჯები DJ-ინგში

DJ Dark – კლუბ „პარიზის ვარსკვლავებში“ უკრავდა, რაც იმ დროისთვის ერთადერთი ადგილი იყო თბილისში სადაც ფირფიტებზე უკრავდნენ. არსად არ იყო პროფესიონალური CDJ აპარატურა. სწორედ ამ კლუბში ვადევნებდი თვალს თუ როგორ მიქსავდა DJ ერთმანეთზე ტრეკებს.

ჩემი მეგობარი, DJ Chaos ამ პერიოდში ტრანს წვეულებებს აწყობდა და “პარიზის ვარსკვლავიდან” მიჰქონდა აპარატურა, იგი DJ Dark-ის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე იყო. ამის შემდეგ უკვე გაიხსნა კლუბები Adjara Music Hall, Sixty Round – სადაც ერთ-ერთი “ოლდ სქულ” DJ Buka უკრავდა ხოლმე.

ვცდილობდი, რომ სადმე მივსულიყავი და ჩემი ტრეკები ჩამერთო. გენა მამედოვი, ფილარმონიის ხმის ინჟინერი, ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც მთელი ეს სისტემა გააჩნდა და სწორედ ამიტომ დავდიოდი ხშირად კონცერტებზე. არ მაინტერესებდა ვინ მღეროდა, ძირითადად აპარატურას ვათვალიერებდი და ამ პერიოდში დავინტერესდი მუსიკალური ტექნიკით.

პირველი ტრანს წვეულება იყო, სადაც ვნახე თუ როგორ უკრავდნენ ხარისხიან აპარატურაზე. 2002-03 წლებში კომპანია Shadowcat-მა ჯეოსელის ხელშეწყობით პირველი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩაატარაა. თურქი DJ Cash იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. მახსოვს, რომ CDJ-ეები მე ვათხოვე მათ, რადგან ქალაქში თითქმის არ იშოვებოდა აპარატურა, თან ავტოგრაფიც გამოვართვი

ამ პერიოდამდე, Joy-ში ან Lemon Club-ში უკრავნდნენ ძირითადად პოპთან შერეულ მუსიკას, მოკლედ, უმეტესად პაპასას. რამდენიმე ფირფიტა იყო, რასაც უკრავდნენ და მაგაზე შეგეძლო გესწავლა რამე. მათ სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში ნახეს თუ როგორ ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში ჰაუს მუსიკის მიქსინგი. საღამოს შემდეგ DJ Cash-მა ქართველ დამწყებებს მუსიკა გადმოგვცა MP3 ფორმატში, ეს კი ის პერიოდია როდესაც ტრეკების გამო ბრძოლებიც კი იყო, ვინაიდან რთული იყო მათი მოძიება.

პირველი მუსიკალური ღონისძიება

ჩემი პირველი გამოსვლები ალბათ მაინც სიონში იყო, საკმაოდ მელოდიურად ვმიქსავდი იმ პერიოდშიც. პროფესიონალურად ალბათ უფრო 2002 წელი იქნებოდა. მსმენელი ჯერ კიდევ ვერ ერკვეოდა მუსიკაში მანამ, სანამ ალბათ დიდი კლუბი არ გაიხსნა. ამის შემდეგ უკვე  დაიწყეს მოძიება და მუსიკის მოსმენაც და ბოლომდე დილეტანტიზმიც არ ყოფილა.

სადღაც 2003-04 წლიდან უკვე მსმენელი აქტიურად იყო ჩართული მუსიკაში, კონკრეტული DJ-ეების მოსასმენადაც დადიოდნენ. ბერლინ კლუბიც ამ პერიოდში გაიხსნა, სადაც გიორგი ბაქანიძე უკრავდა. კაფსულა პირველი ფირფიტების მაღაზია, პლანეტა იქსი სადაც კარგი სელექცია ჰქონდათ ასევე და შეგეძლო მუსიკის შეძენა.

ეს ის პერიოდია როდესაც Soulseek-ის დახმარებით ვცდილობდი ახალი მუსიკის მოძიებას, პრობლემას ისიც აღვივებდა რომ ინტერნეტი თითქმის არ იყო, ამიტომ ინტერნეტ კაფეებს ვაკითხავდი, რომ ტრეკები მომეძიებინა Napster-ის და სხვა პლატფორმების დახმარებით ალბომების გადმოწერაც კი შეგვეძლო.

კაფსულაში DJ-ინგს DJ Baba ასწავლიდა. ამ პერიოდში Juno.Uk-დან ვიწერდით ფირფიტებს და თვეების განმავლობაში ველოდებოდით მის ჩამოსვლას, რაც ძალიან დამღლელი თუმცა საბოლოოდ გასაოცარი გამოცდილება იყო.

მუსიკალური ინსპირაციები

ამ პერიოდში Lexicon Avenue მომწონდა და მათ ტრეკებს ვუკრავდი. შემდეგ უკვე BreakBeat-მა გამიტაცა. უნდა ითქვას რომ Guga.Housemusic-ის დახმარებით ამ სტილის საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ ქალაქში. ამის შემდეგ უკვე კიდევ ერთი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა თბილისის ზღვაზე – DJ Buka, Crazy, Jorjick, DJ Dark – ყველანი უკრავდნენ, თუმცა დღეისთვის ბევრი მათგანი სცენაზე აღარ არის წარმოდგენილი.

ამ დროს რამდენიმე ადგილზე ვურავდი: ბერლინში, კუს ტბაზე, ზაფხულში მიუზიქ ჰოლში. ამ პერიოდში უკვე ამას, როგორც ჩემს კარიერას ისე ვუყურებდი. მამაჩემს ვთხოვე დახმარება და გვერდში დამიდგა და აპარატურა შევიძინე, სახლში მქონდა და ძალიან დამეხმარა. ამ პერიოდისთვის, უკვე შემოსავალიც მქონდა. პარალელურად განათებაზეც ვმუშაობდი და როცა თავისუფალი დრო მქონდა, ვუკრავდი და ვხვეწდი ჩემს ტექნიკას, მუსიკაც – ჰაუსი, პროგრესივ ჰაუსი და ბრეიქი.

ბრიტანეთში წასვლის მიზეზები

ჩემი მომავალი მეუღლე უკვე მუშაობდა ბრიტანეთში და გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად გვეცადა ბედი ამ ქვეყანაში. მუსიკალურად იქ სადმე კლუბში დაკვრა საკმაოდ რთულად შესასრულებელი მისია იყო, ვინაიდან სრულიად სხვა ქვეყანაში ხარ და შენთვის სრულიად ახალი გარემო და ადამიანებია. ჩემი მეგობარი ლაშა ჟორჟოლიანი იქ ცხოვრობდა და ხშირად თავად უწევდა დაკვრა სხვადასხვა ადგილებში, მეც ამ ღონისძიებებს ვესწრებოდი ხოლმე.

ერთხელაც Sounsystem საღამოზე მოვხვდით მე და ჩემი მეუღლე და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ მუსიკასაც უკვე სხვა ყურით ვუსმენ. ის ტრეკები, რომლებსაც ბავშვობაში ვუსმენდი, თავიდან მოვისმინე ისეთ სისტემაზე რომლისთვისაც ისინი იყო განკუთვნილი.

პირველი Soundsystem საღამო

ეს იყო ლეგენდარული Channel One-ის ღონისძიება Village Underground-ში. მუსიკა, რომელსაც მესიჯად სიყვარული და მშვიდობა გასდევს, ყველა რჯულის და რწმენის ადამიანს აერთიანებდა. როცა მეგონა მუსიკაში რაღაც გამეგებოდა, აღმოჩნდა რომ სულ სხვაგან ვყოფილვარ.

ამის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი რომ საუნდსისტემა თბილისშიც გვჭირდებოდა რასაც მოჰყვა ღამისთენებები სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმებზე, რომ სისტემის აწყობის დეტალების შესახებ ინფორმაცია მომეძებნა და ადამიანებს დავკავშირებოდი, ვინც ამაში დამეხმარებოდა. დავდიოდით სხვადასხვა ფესტივალებზე და ვეცნობოდით უფრო ახლოს ამ კულტურას.

ბევრი ადამიანისთვის საუნდსისტემა სახლში დაყენებულ Hi-Fi სისტემასთან ასოცირდება, ზოგისთვის ეს სტუდიური მონიტორებია, ზოგისთვის კონცერტზე დაყენებული. ამ  (რეგი, დაბ…) კულტურაში კი ყველაფერი განსაკუთრებულ და უნიკალურია. საუნდსისტემებები რამდენიმე განყოფილებისგან შედგება, რაც უფრო მეტი განყოფილება აქვს, მით უფრო მეტი კონტროლის ელემენტი გაგვაჩნია. შესაბამისად საუნდსისტემის ოპერატორს გააჩნია სხვადასხვა შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს თუ როგორი ჟღერადობით მოისმენს აუდიტორია კონკრეტულ კომპოზიციას.

ვინაიდან ეს კულტურა ბრიტანეთში უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის, ჩვენი სისტემა თავიდანვე საქართველოსთვის იყო განკუთვნილი, ვინაიდან წლების განმავლობაში ამ მუსიკას აუდიტორია არასწორ აპარატურაზე უსმენდა და მუსიკოსის თავდაპირველი ჩანაფიქრი ინგნორირებული რჩებოდა.

Sioni Hi-Fi-ის ისტორია კი შემდეგია: მე და ლაშა ჟორჟოლიანი (Voicedrone) წავედით შეფილდში Sinai Soundsystem HQ-ში, სადაც ავაწყვეთ სისტემა და გავტესტეთ, შემდეგ ლონდონში ჩამოვიტანეთ და აქ უკვე მეორედ ავაწყვეთ. ეს ორი ადამიანისთვის საკმაოდ რთული შესასრულებელი მოცემულობაა და ძირითადად 4-5 ადამიანი აკეთებს ხოლმე. 1000 კგ მასალა დაახლოებით 4 ჯერ ავაწყვეთ 24 საათის განმავლობაში. ლაშას კლუბში, FOLD-ში გავაკეთეთ პირველი 2 სესია, საიდანაც დავიწყეთ მზადება საქართველოში გასამგზავრებლად. მეგობრებმა დავტვირთეთ სატვირთო მანქანა ლონდონში და გამოვუშვით თბილისში. აღსაღნიშნია, რომ ლაშა ამჟამად დიდ საქმეს არის შეჭიდებული, ლონდონის ქლაბინგის ისტორიაში, პირველი 24 საათიანი კლუბი ააშენა და მის მართვაზეა კონცენტრირებული, რაც ძალიან კარგად გამოსდის.

Sioni Hi-Fi საქართველოში

საქართველოში პირველ ორ ღონისძიებას დაახლოებით 1000 მდე ადამიანი დაესწრო, რასაც ნამდვილად არ მოველოდი. რატომღაც ქართული აუდიტორია ვერ არის მიჩვეული დღისით მუსიკის მოსმენას და ვიმედოვნებ, რომ ეს ნაწილი მალე გამოსწორდება.  საუნდსისტემა ზოგადად მოძრავია და ერთ ვენიუში არ არის გამოკეტილი, შესაბამისად ჩვენც გაგვიმარტივდება რომ სხვადასხვა ლოკაციებსა და ფესტივალებზე დავფიქსირდეთ.

ხალხის მზაობა Soundsystem-ისთვის

უკვე საკმაოდ ინფრომაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ და მგონია რომ ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ადამიანებისთვის გაიგონ ამ კულტურის საფუძვლების შესახებ და შემდეგ უკვე რეალურ სივრცეში დატესტონ ის ეფექტი და ვიბრაცია რაც საუნდსისტემას გააჩნია.

ამასთან საუნდსისტემის გააქტიურება დაგვეხმარება, რომ სცენაზე არსებული მუსიკა გავამრავალფეროვნოთ და აუდიტორიას ალტერნატივის საშუალება მივცეთ. Sioni Hi-Fi-ის საშუალებით მსმენელს შესაძლებლობა ექნება სრულ ეფექტში მოისმინოს სხვადასხვა მუსიკალური სტილები, როგორიცაა: Reggae, Dub, Dub-Techno, Jungle, UK Garage, Steppa და სხვა ბას მუსიკის ელემენტები.

„ურბანული ხელოვნების ფესტივალი“

12-13 ოქტომბერს, „ფაბრიკაში“ ტარდება ურბანული ხელოვნების ფესტივალი სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმართულებები. გრაფიტისთან, ბრეიქდანსთან ერთად იქნება საუნდსისტემაც, დავუკრავთ სხვადასხვა სტილის მუსიკას და ვეცდებით შემოვიერთოთ სხვადასხვა ქართველი ჰიპ-ჰოპ MC-ებიც. ველოდებით ჩვენს მსმენელს და კარგ მუსიკალურ დღეებს ვპირდებით,



განხილვა