საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ვერსალის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 21 სექტემბერს უნივერსიტეტს საფრანგეთის, ვერსალის უნივერსიტეტის პროფესორები ჟილ რუე, სტელა რაიტჩევა, ტიერი კომი და სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის CNRS, ასევე კომუნიკაციის მეცნიერებათა ინსტიტუტის ISCC და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჰერმესის“ დამფუძნებელი დომინიკ ვოლტონი ეწვივნენ. თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა ახალი სამაგისტრო პროგრამა „ევროპული მედია და კომუნიკაციის სწავლებები“. მაგისტრატურის პირველ და მეორე კურსზე სტუდენტები მიიღებენ სპეციალიზირებულ განათლებას როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ და სამეცნიერო შესაბამისი სასწავლო კომპონენტების მოცულობით.
„სტუდენტებს ყოველდღიურად ექნებათ ევროპული მედიის ეთიკის გამოყენებით, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობა, ვინაიდან პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას, ისინი სოციალურ მედია პლათფორმაზე განათავსებენ, რომელსაც თავად შექმნიან ბელგიელი ჟურნალისტის გიომ მულაურტის ხელმძღვანელობით. სტუდენტებს ყველა საჭირო პირობა და ტექნიკური აღჭურვილობა ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტების მედია სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში“ – დიანა ჭანკოტაძე, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამაგისტრო პროგრამის „ევროპული მედია და კომუნიკაციების სწავლებები“ ხელმძღვანელი.
“ჩვენს მიერ შემუშავებული „ნოუ ჰაუს“ სპეციალურ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს სტუდენტები აითვისებენ პროფესიული პრაქტიკის პროცესში, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია იმ კომპანიების თუ ორგანიზაციების სამუშაო პირობებთან, რომლებშიც მათ მოუწევთ საქმიანობა. ამრიგად, ე.წ „სიტუაციური სწავლება“ საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს, დაეუფლონ პროფესიულ ელემენტებს ყოველდღიურად.“ – ტიერი კომ, სამაგისტრო პროგრამის “ევროპული მედია და კომუნიკაციების სწავლებები“ პროფესორი.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა, დომინიკ ვოლტონმა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, საკუთარი სამეცნიერო ჟურნალის „ჰერმესის“ ფილიალის ექსკლუზიური ქარტია დაუდო საფუძვლად. საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება ჟურნალის სამეცნიერო საქმიანობას და როგორც ქართველი პროფესორები, ისე სტუდენტები, განსაკუთრებით დოქტორანტები მოამზადებენ სტატიებს, გამოსაქვეყნებლად. „ჰერმესი“ გვთავაზობს აგრეთვე საკუთარ ელექტრონულ ვერსიას.
[R]