5
Apr
2019

ტოკიოში პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მიმდინარეობს

5 Apr 2019

იაპონიაში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მეორე გამოფენა იმართება. ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 2019 წლის 7 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები კომპანიების Sony  Music Communication და Toppan-თან  პარტნიორობით ტარდება.

„15 მარტს გამოფენის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და საქართველოსა და იაპონიის მთავრობის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დიდი იყო ინტერესი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილისა და პროექტის პარტნიორების Sony Music Communications-ისა და Terrada Republic-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი პრეს-კონფერენციის მიმართ, რომელსაც 60-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრო“.

ტოკიოში გამოფენილი ექსპოზიცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით მომზადდა და იმ არქეოლოგიურ ექსპონატებს აერთიანებს, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობას წარმოაჩენს. 

„გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ თანამედროვე ინტერაქციული ტექნოლოგიების დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა“.

პროექტის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი იაპონელი ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის დეგუსტაცია – სემინარი თემაზე „საქართველო – ღვინის სამშობლო“, „ქართული სუფრის“ რამდენიმე მასტერკლასი, რომელსაც იაპონიის იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი და მწერალი ზურაბ ქარუმიძე სხვადასხვა დროს წარუძღვებიან. ასევე, ქართული ღვინის კომპანიების ჩართულობით, გაიმართება რამდენიმე  ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის განსაკუთრებულობას გაუსვამს ხაზს.

„საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშორისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და სწორედ ამ მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა. საქართველოს ღვინის სამშობლოდ პოზიციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის, ჩვენი ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდისთვის“.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

[R]


განხილვა