2026 წლის 15-16 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, კრეატივისა და ეფექტიანობის საერთაშორისო ფესტივალს, Baku Flames-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესოა ქართული სარეკლამო და მარკეტინგული სფეროსთვის, რადგან ფესტივალზე საქართველო ფართოდ იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორებმა ჟიურისა და სპიკერების ვინაობა უკვე გაასაჯაროვეს, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის 50-მდე პროფესიონალთან ერთად, ქართველებიც არიან. საქართველო კონკურსის ოთხივე მიმართულებაშია წარმოდგენილი.
ხელოვნური ინტელექტი და ადამიანური ფაქტორი
ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს აერთიანებს. ღონისძიების მთავარი გზავნილია “Human After All”, რაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანური კრეატიულობისა და როლის გადააზრებას ემსახურება.
ქართველები Baku Flames-ის ჟიურის გუნდსა და სცენაზე
ფესტივალის მთავარ სცენაზე სპიკერის როლში წარდგება თბილისში დაფუძნებული Pocket Studio-ს დამფუძნებელი, ანიმატორ-ილუსტრატორი და Stop-Motion არტისტი ანა ჩუბინიძე. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სპეციალურ ვორქშოფს გაუძღვებიან კრეატიული სააგენტო Holy Motors-ის დამფუძნებელი გიორგი ავალიანი და ამავე სააგენტოს თანადამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი, დიზაინერი და ილუსტრატორი ნიკ კუმბარი.

რაც შეეხება საკონკურსო ნამუშევრების შეფასებას, ჟიურის შემადგენლობაში ოთხი გამორჩეული ქართველი პროფესიონალია. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე მარკეტინგის, ციფრული ბანკინგისა და მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულებით, ლევან გომშიაშვილი კონკურსის ძირითადი ტრეკის ჟიურის წევრი იქნება. თიბისი ბანკის მარკეტერი ნინა მოდებაძე Connect & Engage მიმართულების ნამუშევრებს შეაფასებს. Design Excellence კატეგორიაში სააგენტო WINDFOR’S-ის კრეატიული დირექტორი და კონსულტანტი მარი სუხიშვილი იმუშავებს, ხოლო Effective Change ტრეკს სააგენტო Supermarket-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი სანდრო ციცქიშვილი შეაფასებს.
კონკურსის სტრუქტურა და საერთაშორისო პრეზიდენტები
წლევანდელი კონკურსი 4 ძირითად ტრეკსა და 14 კატეგორიას მოიცავს. ძირითად ტრეკში სარეკლამო კამპანიები, ფილმი, ფილმის კრაფტი, ბეჭდური და გარე რეკლამები ერთიანდება.
გამარჯვებულები ტრადიციულად ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ალების – Flames – მფლობელები გახდებიან. ოქროს ჯილდოს მფლობელებს შორის კი საუკეთესოს გრან-პრი, ანუ „ლურჯი ალი“ გადაეცემა. SDG კატეგორიისთვის დაწესებულია სპეციალური ჯილდო – „მწვანე ალი“. ღონისძიებაზე ასევე დასახელდება ფესტივალის საუკეთესო სააგენტო და ბრენდი.
როდის და როგორ
ფესტივალზე მონაწილეობის მსურველებისთვის ნამუშევრების წარდგენის საბოლოო ვადა 2026 წლის 10 აპრილია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროექტებს, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 აპრილამდე პერიოდში განხორციელდა. შორთლისტები 12 მაისს გამოქვეყნდება, უშუალოდ ფესტივალი 15 მაისს ჩატარდება, ხოლო გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 16 მაისს გაიმართება.
თითოეულ კატეგორიაში განაცხადის შეტანის საფასური 10 აპრილამდე 400 აზერბაიჯანულ მანათს (დაახლოებით 200 ევრო) შეადგენს. ფესტივალის ორგანიზატორებმა ასევე გაითვალისწინეს მცირე ბიზნესების ხელშეწყობა – 10-ზე ნაკლები თანამშრომლის მქონე სააგენტოები, ფრილანსერები და არაკომერციული ორგანიზაციები სტანდარტულ ფასზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება, კატეგორიებისა და წესების გაცნობა, ასევე ნამუშევრების ატვირთვა ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ: bakuflames.az. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საკონტაქტო ელფოსტაა: [email protected].















