Eurobest 2024-ის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში ქართული გუნდი ფინალისტებს შორის მოხვდა. კონკურსზე მსოფლიო პირველობისთვის საქართველოს სახელით შემოქმედებითი სააგენტო Quick-ის ნაკრები იბრძოდა, თეკლა კოპლატაძისა და გოჩა ვანაძის შემადგენლობით. გუნდს კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე მოუხდა. აქციებზე გათენებული არაერთი ღამის მიუხედავად, თეკლამ და გოჩამ საკუთარი კონკურსის რჩეულებს შორის შეძლეს მოხვედრა. ისინი Eurobest 2024-ზე მონაწილეობის გამოცდილების შესახებ გვიყვებიან.
M: ასეთ რთულ პერიოდში, სწორედ თქვენ აღმოჩნდით ის გუნდი, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიოს წამყვან კრეატიულ ფესტივალზე პირველობისთვის იბრძოდა – რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
პერიოდი ნამდვილად რთული აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენთვის. კონკურსში მონაწილე ყველა ქართული გუნდი მსგავს მდგომარეობაში იყო. უამრავი ჩვენი მეგობარია უკანონო დაკავებისა და წამების მსხვერპლი. ამიტომ დასაფასებელია ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად მაინც შეძლო ყურადღების მოკრება და გონების კონკურსისკენ მომართვა.
აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მიუხედავად ჩვენი სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო ტალღის ცენტრში ყოფნისა, განცდა გვაქვს, რომ ინდუსტრიის ერთიანი ხმა კარგად არ ისმის და გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. პოზიციები უკვე ნათლად დაფიქსირდა, რაც ძალიან კარგია, თუმცა გარკვეული მესიჯები უკვე შაბლონად იქცა. ინდუსტრიას აქვს ყველა რესურსი, იმისთვის, რომ ამაზრზენი საინფორმაციო ომის წინააღმდეგ თავისი სიტყვა თქვს და როლიც იკისროს. კარგი იქნება თუ ამ რესურსებს უკეთ გამოვიყენებდით. სწორედ იმიტომ გვიყვარს ეს სფერო, რომ აქვს უნარი ბრენდების და ადამიანების ხმა მანამდე მიუწვდომელ ადგილებსაც მიაწვდინოს.
M: როგორ ემზადებოდით საკონკურსოდ და თქვენი დაკვირვებით, რა იყო ამ სამზადისში ყველაზე მნიშვნელოვანი?
ყველაზე სასარგებლო მაინც წინა წლების ნამუშევრების ანალიზი და ძველი კონკურსანტებისგან გამოცდილების გაზიარებაა, თუმცა ბევრი ვერაფერი მოვასწარით. ქუჩაში მიმდინარე წარმოუდგენელი მოვლენების გამო იმდენად დაძაბულები ვიყავით, რომ კონკრეტულად კონკურსზე აღარ გვინერვიულია და ძალიან მსუბუქად მივუდექით. შეიძლება სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ზედმეტი ფიქრით არ „გავაფუჭეთ“ იდეა და რაც მოგვეწონა და შეგვიყვარდა, მალევე ჩავკეტეთ. თან გავუზიარეთ და აზრი ვკითხეთ სფეროში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანებს, მშობლებსა და ოჯახის წევრებს – ვისაც პირდაპირი შეხება არ აქვს სფეროსთან. როცა აღმოვაჩინეთ, რომ უმრავლესობას ერთნაირი ემოცია გაუჩნდა, მივხვდით, რომ რაღაც კარგს ჩავავლეთ და ბევრი ფიქრიც აღარ იყო საჭირო.
M: როგორი იყო თქვენი ფესტივალის ბრიფი და როგორ მიხვედით მის გადაწყვეტამდე?
ბრიფი ეხებოდა მიგრანტების კრიზისს ევროპაში. ყოველწლიურად, საზღვაო პოლიციის გვერდის ავლით, ათასობით ადამიანი, ბავშვებთან ერთად, ცდილობს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას, ევროპაში მოსახვედრად, თუმცა ამ მძიმე გზას, ძალიან ხშირად, ახლავს მსხვერპლი. ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა Fundraising კამპანია პატარა ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც ადამიანების გადასარჩენად, მისიებს ასრულებს ამ წყლებში და ხმა მიგვეწვდინა გულისხმიერი ადამიანებისთვის, ევროპის მასშტაბით.
თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ამბის მოყოლა სიმბოლური ნივთების გამოყენებით გვინდოდა. ბევრი ვუტრიალეთ სხვადასხვა კონტექსტს და ფორმას, თუმცა საბოლოოდ შევჯერდით სველ სათამაშოებზე, მიგრანტი ბავშვების უმძიმესი გზის მეტაფორის სახით. სამიზნე აუდიტორიად კი მშობლები ავიღეთ, რადგან მათ ბუნებრივად აქვთ სენტიმენტი ბავშვების მიმართ. სავარაუდოდ, სწორედ ეს ემოციური კომპონენტი აღმოჩნდა საინტერესო ჟიურისთვისაც.
აქვე გვინდა ვახსენოთ ჩვენი სააგენტოს სხვა წევრებიც, ალექსი და მაია, რომლებიც მოგვეხმარნენ იდეის დახვეწასა და კარგად გადმოცემაში. მათაც აუცილებლად ეკუთნით კრედიტები.
M: როგორ ახერხებდით კონკურსზე კონცენტრირებას, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე?
ვერ ვახერხებდით. ამიტომ ძალიან ცოტა დრო დავუთმეთ. სულ ორჯერ შევიკრიბეთ, ისიც აქციიდან აქციამდე შუალედში და ორჯერვე ეკლებზე ვიჯექით, რადგან ჩვენი ოფისიდან 500 მეტრში გაურკვეველი წარმომავლობის ნიღბიანი დაჯგუფებები ჩვენს მეგობრებს და თანატოლებს დასდევდნენ. უბრალოდ იდეა, რომელიც მოგვეწონა მალევე შევაკოწიწეთ და ბევრი ფიქრის გარეშე გავუშვით.
M: თქვენი ნამუშევარი ფინალისტებს შორის მოხვდა – როგორ შეაფასებდით ამ შედეგს?
შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა საერთო განწყობაში ისიც აშკარაა, რომ მეტი შეგვიძლია და მეტსაც ვუმიზნებთ. ჩვენს პატარა სააგენტოში დიდი შიდა სტანდარტები გვაქვს. იმედია, დღეიდან, ყველა სხვა კონკურსს, ყველა ქართული გუნდი, ისე შეხვდება, რომ მინიმუმ საკონკურსო დღეებში სხვა, მძიმე, საფიქრალი არავის ექნება.
M: ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რას შეცვლიდით მომდევნო წელს და რას ურჩევდით სხვა მონაწილეებს?
მომდევნო წელს შევცვლიდი რეჟიმს, დემოკრატიული მთავრობით და იმავეს ვურჩევდით სხვა მონაწილეებსაც.