საქართველოში სწრაფი კვების ბაზარი საკმაოდ აქტიურია და კვლავაც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ციფრული ტექნოლოგიები, ახალგაზრდა მომხმარებელთა მზარდი ბაზარი და ფასის მიმართ მგრძნობიარობა ქმნის გამოწვევებსა და შესაძლებლობების უნიკალურ კომბინაციას. ამ დინამიკურ გარემოში ვისოლ ჯგუფის ბრენდები – Wendy’s, Subway და Dunkin’ – დიდ ყურადღებას აქცევენ გლობალური ტენდენციების ადგილობრივ ბაზართან ადაპტაციას. ამ ცვლილებებს, ქართულ გუნდთან ერთად, სტრატეგიული მრჩეველი ჯორჯი თომასი უძღვება, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საცალო გაყიდვებისა და სწრაფი კვების სექტორებთან.
„სტრატეგია შედეგებად უნდა გარდაიქმნას“ – ეს პრინციპი ჯორჯის პროფესიული მიდგომის საფუძველია. მისი მთავარი გამოწვევა ადგილობრივ მომხმარებელში ბრენდების მიმართ არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაა, რასაც ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო ჯილდოს მიღებაც მოჰყვა.
Marketer.ge-თან ინტერვიუში თომასი გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და მიდგომებს, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების – Wendy’s, Subway და Dunkin’ – ქართულ ბაზარზე წარმატების საფუძველი გახდა.
M: თქვენი საკმაოდ დიდი საერთაშორისო გამოცდილება გაქვთ. გვიამბეთ, რა გზა განვლეთ სფეროში და რატომ აირჩიეთ საქართველოს ბაზარზე მუშაობა?
ჩემი გამოცდილება 25 წელზე მეტს მოითვლის და 6 კონტინენტზე მუშაობას უკავშირდება. მივიღე მონაწილეობა გლობალური ბრენდების შენებაში, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე სწრაფი კვების (QSR) ინდუსტრიაში. ჩემი საქმიანობის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო მრავალფეროვანი გუნდების ხელმძღვანელობა, სტრატეგიული ბიზნეს გეგმების შექმნა, უმაღლესი ხარისხის აღსრულების უზრუნველყოფა და ფრენჩაიზის მრავალმხრივი ურთიერთობების ეფექტურად მართვა მოგებიანობის გასაზრდელად.
ჩემი კარიერის დიდი ნაწილი სტრატეგიის შედეგებად გარდაქმნას მივუძღვენი. სწორედ ეს უნარი არის ის, რასაც ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი – სოსო ფხაკაძე Wendy’s-ის, Subway-ს და Dunkin’-ის აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე ყველაზე მეტად აფასებენ. სტრატეგიის შემუშავების გარდა, გუნდს სასურველი შედეგების მიღწევაში უნდა დავეხმარო. სოსო შთამაგონებელი ხელმძღვანელია და ჩემთვის დიდი პატივია, მასთან რომ ვთანამშრომლობ.
M: ახლახან, Dunkin’ Georgia-მ ევროპის „წლის ფრენჩაიზის“ პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. რა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა ეს წარმატება?
ეს აღიარება რამდენიმეწლიანი მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ჩვენი წარმატების საფუძველი ქართველი მომხმარებლის საჭიროებების ღრმა გაგება და მათზე მორგებული გადაწყვეტების შეთავაზებაა.
ვამაყობ, რომ ვქმნით ეკოსისტემას, სადაც საუკეთესო ყავას, დონატების უნიკალურ ასორტიმენტს, ინოვაციურ პროდუქტებს, ყოველდღიური ურთიერთობების ღირებულ გამოცდილებას, თანმიმდევრულობასა და მსოფლიო კლასის მომსახურების სტანდარტებს ვთავაზობთ. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციას, ზეტ თაობის საჭიროებებზე აქცენტით. სწორედ ამ კომპონენტების სინერგიამ მოგვიტანა გაყიდვებისა და ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ზრდა.
საქართველო გამორჩეულია თავისი ციფრული ტრანსფორმაციით – უკონტაქტო გადახდები, მიწოდების აპლიკაციები და თვითმომსახურების კიოსკები აქ უკვე ნორმაა და არა ფუფუნება. ქართველი მომხმარებელი ასევე ძალიან მგრძნობიარეა ფასის მიმართ, რაც მოითხოვს ზუსტ ფასწარმოქმნისა და კატეგორიების მართვის სტრატეგიებს. განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს ახალგაზრდა, ენერგიული ზეტ თაობა, რომელიც ბიზნესის მხრივ, უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს.
M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვა Wendy’s- ის, Subway-ს და Dunkin’-ის ბრენდების საქართველოში განვითარების თვალსაზრისით?
Wendy’s, Subway და Dunkin’ უკვე წამყვანი ბრენდებია საქართველოში, მაგრამ ჩვენი მიზანი მათი შემდგომი ტრანსფორმაციაა. ჩემი მისია არა მხოლოდ შემოსავლისა და მოგებიანობის ზრდაა, არამედ ადგილობრივ მომხმარებელში ამ ბრენდების მიმართ ემოციური კავშირის გაძლიერება.
დიდი განსხვავებაა ბრენდის ფუნქციურ გამოყენებასა და ემოციურ დამოკიდებულებას შორის. ეს გრძელვადიანი მოგზაურობაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სწორი „ინგრედიენტების“ გამოყენებით, აქაური მომხმარებლის სიყვარულს კიდევ უფრო გავაღრმავებთ.
ინოვაციების მხრივ, Dunkin’-ში ვაფართოებთ ცივი სასმელების ასორტიმენტს როგორც ყავის, ისე სხვა კატეგორიებში. Wendy’s გააგრძელებს ლიდერობას პოპულარული “Baconator”-ის ბურგერების ხაზით. პარალელურად, ვავითარებთ ქათმის კატეგორიას. Subway-იში ვგეგმავთ შეზღუდული დროით შეთავაზებების სერიას სენდვიჩების კუთხით და ვამრავალფეროვნებთ საუზმის მენიუს.
ამ ინოვაციების გარდა, ჩვენი სამომავლო ფოკუსია ხელოვნური ინტელექტი. ჯგუფი მნიშვნელოვან რესურსებს დებს ციფრულ ტექნოლოგიებში, კონკრეტულად კი AI-ში, რათა ყოველთვის ვიყოთ ტექნოლოგიების წინა ხაზზე და მეტი ღირებულება შევქმნათ მომხმარებლისთვის.
M: როგორ იყენებთ ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიას თქვენს სტრატეგიაში?
ციფრული და სოციალური მედია ჩვენი ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ მედიას, როგორიცაა გარე რეკლამა, აქვს თავისი ადგილი მარკეტინგულ კომპლექსში, ციფრული არხები უდავოდ წამყვან როლს ასრულებენ ჩვენს კომუნიკაციაში.
Meta-ს, Google-ისა და YouTube-ის გარდა, ბრენდის კაპიტალის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა TikTok, სადაც ჩვენი ციფრული გუნდი განსაკუთრებულ შედეგებს აღწევს ბრენდების ცოცხლად და მიმზიდველად წარმოჩენაში.
როგორც უკვე ვახსენე, ქართველი მომხმარებელი ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებულია. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მათი ცნობისმოყვარეობა, მოტივაცია და ინტერესი ჩვენი ბრენდების მიმართ.
M: როგორ შეცვალა პანდემიამ სწრაფი კვების ინდუსტრია საქართველოში და რა მნიშვნელობას ანიჭებთ მდგრად განვითარებას?
პანდემიის პერიოდი, რომელიც ახლა უკვე შორეულ წარსულად გვეჩვენება, ფუნდამენტური ცვლილებების კატალიზატორი გახდა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც მნიშვნელოვნად შეიცვალა ადამიანების ქცევა, გემოვნება, პრეფერენციები და მოლოდინები. უკონტაქტო შეკვეთა და გატანა, მიწოდების სერვისი და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა – ნორმაა.
ჩვენ არა მხოლოდ გავითავისეთ ეს ცვლილებები, არამედ მდგრადობა ჩვენი ზრდის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ. ნარჩენების შემცირება, ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია, ლოკალური მომწოდებლების მხარდაჭერა, თანამშრომლების კეთილდღეობაში ინვესტირება და სოციალურ პროგრამებში ჩართულობა – ყველაფერი ეს ქმნის იმ ბრენდებს, რომლებსაც საქართველოში ხალხი პატივს სცემს და ენდობა.
M: რა რჩევას მისცემდით ქართველ მარკეტინგის პროფესიონალებს, რომლებიც საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობენ ან კარიერის ამ მიმართულებით არიან დაინტერესებულები?
პირველ რიგში, რეალურად მოუსმინეთ და გაიგეთ მომხმარებლის საჭიროებები და სურვილები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში. მეორე, განავითარეთ ჯანსაღი სტრატეგიული აზროვნება და შექმენით გეგმა, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს.
მესამე, უზრუნველყავით უმაღლესი ხარისხის შესრულება. როგორც ამბობენ, მომხმარებლისთვის ხილული ერთადერთი სტრატეგია აღსრულებაა. კრეატიულობა იწვევს ცნობისმოყვარეობას და იპყრობს ყურადღებას, მაგრამ სწორედ მისი რეალურად აღსრულება ზრდის მოგებას.
ასევე, დაიცავით საერთაშორისო სტანდარტები, მაგრამ ყოველთვის იყავით ლოკალურად რელევანტური. ამას გარდა, რა თქმა უნდა, მიიღეთ ტექნოლოგიური სიახლეები და მუდმივად განაახლეთ თქვენი ცოდნა. მომავალი მათია, ვინც ინოვაციებს ესწრაფვის და ახალი ტენდენციების ავანგარდში დგას.
[R]










