19
აპრ
2017

Georiders – ქართული ველოტურისტული კომპანია

19 აპრ 2017

საქართველოში, ველოტურიზმის განვითარებას, ლანდშაფტისა და ბუნების მრავალფეროვნება უწყობს ხელს. მიუხედავად დიდი პოტენციალისა, ჯერ-ჯერობით, ჩვენს ქვეყანაში, ეს მიმართულება სათანადოდ ათვისებული და განვითარებული არაა. Georiders არის ქართული ველოტურისტული კომპანია, რომლის მიზანი ამ პოტენციალის გამოყენება და საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების მიღწევაა. კომპანიის საქმიანობის დეტალებზე და თანამედროვე ქართული ველოტურიზმის გამოწვევებზე, მარკეტერი Georiders-ის დამფუძნებელს – დათო ჩოხელს ესაუბრა:

BOG PLUS

M: როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება ველოტურიზმით?
ველოსიპედი 5 წლისას შემიყვარდა, როდესაც 1989 წელს, სამთვლიანი ველოსიპედიდან ორთვლიანზე გადავედი, ეს იყო რუსული წარმოების АИСТ. პაპასთან და ბებოსთან ჩავდიოდი ზაფხულში, დასასვენებლად, მთიულეთის  სოფელ ჩოხელთაში. როდესაც საშინაო საქმეებს ვრჩებოდი, მაშინვე მოვახტებოდი ჩემს საყვარელ ველოსიპედს და სხვა ბავშვებთან ერთად დავქროდი არაგვის ხეობაში, ხან გუდამაყრის ხეობას შევუყვებოდით, შავ არაგვზე ვთევზაობდით, ხან ხევს მივადგებოდით, ჯვრის უღელტეხილიდან. ბევრჯერ დამღამებია გზაში ველოსიპედზე, წვიმაშიც მოვყოლილვარ. განსაკუთრებით მახსენდება ერთი დილა, როცა მე და ჩემს მეგობრებს გზად რუსეთის მხრიდან მომავალი ველოტურისტები შეგვხვდნენ, მივესალმეთ და მოგვესალმნენ. მანამდე არ გვენახა მსგავსი რამ, ძალიან აღვფრთოვანდით ნანახით, გაგვიკვირდა – ადამიანს შეეძლო ემოგზაურა ველოსიპედით და თან ბევრი ჩანთა ეტარებინა. შემდეგ უკვე სტუდენტობისას, ველოსიპედით ავდიოდი ლისის და კუს ტბებზე. დავიწყე ვარჯიში და ჩემი ცხოვრებაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა.

M: როდის იპოვნეთ თანამოაზრეები და როგორ შექმენით კომპანია Georiders?
2005 წელს დამებადა იდეა უცხოელებისათვის შემეთავაზებინა ველოტურები, რადგან ველოსიპედით შემოვლილი და დანახული ქვეყანა სულ სხვანაირად გამოიყურება. ამ დროისთვის უკვე გამოჩენილი იყვნენ დამწყები ველომოყვარულები და დაგეგმილი გვქონდა რამდენიმე ლაშქრობა სხვადასხვა მხარეში (ხევსურეთი, სვანეთი, თუშეთი). რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ, 2007 წელს, მივიღე პირველი ველოტურისტები.

M: რა პერსპექტივა აქვს ველოტურიზმს საქართველოში და რა მდგომარეობაა დღეისათვის, ამ მიმართულებით?
საქართველო, სამთო ველოსიპედით სიარულის მოყვარულთათვის, საუკეთესო ტურისტული ადგილია, რადგანაც გვაქვს უამრავი ბილიკი და სანახაობრივი ადგილი. ჩვენს ქვეყანას, ხშირად, ადარებენ შვეიცარიას, ტურისტები ხშირად მეუბნებიან, რომ ეს მთები და ეს ბუნება, სადაც ცივილიზაციის კვალიც კი არ ჩანს, ბევრად მიმზიდველია მათთვის, ვიდრე შვეიცარიის ინფრასტრუქტურულად განვითარებული მთები. რამდენიმე წლის წინ, მივმართეთ ტურიზმის დეპარტამენტს, ჩაესვათ ველოსიპედი ქვეყნის საიმიჯო კლიპში, მაგრამ არავინ დაგვკავშირებია, რატომღაც მხოლოდ ღვინოს, სამზარეულოსა და ზღვას იღებენ, არადა ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ველოტურიზმი ძალიან პოპულარულია. ამ საქმიანობით, ოფიციალურად, საქართველოში, ჩვენ გარდა, არავინაა დაკავებული.

M: როგორ გზებს იყენებთ ველოლაშქრობისთვის და რის მიხედვით ქმნით მარშრუტებს?
სამთო ველოსთვის ძირითადად ვიყენებთ საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკებს, სადაც, ხშირად, მწყემსებს დაჰყავთ პირუტყვი საძოვრებზე. ველომარშრუტებს თვითონ ვქმნი, სანახაობრივი ადგილების მიხედვით. ამჟამად შედგენილი მაქვს 100-მდე მიმართულება. 
M: როგორ იძიებთ მომხმარებელს? რა არის ველოტურის ფასი და რა ინტენსივობით გაქვთ ლაშქრობები?
ტურისტული სააგენტოებთან თანამშრომლობის შედეგად, გვყავს უცხოელი მომხმარებელი. გარდა ამისა, საძიებო სისტემებში, საქართველოში ველოტურების ძებნისას, პირველი ჩვენი საიტი გვხვდება, რადგან ქვეყანაში კონკურენტები არ გვყავს. თვეში, დაახლოებით, 2 კვირას ტურში ვატარებთ. 35-40 ლარი ჯდება ერთი ადამიანის წამოსვლა, თავისი ველოსიპედით, ეს თანხა ხმარდება კვებასა და სხვა სატრანსპორტო ხარჯებს. იმ შემთხვევაში, თუ თავიანთი ველოსიპედი არ ჰყავთ, შეგვიძლია ჩვენც მივაქირავოთ, დღეში 24 ლარად. ხანდახან, ქართველებს ვთავაზობთ ხოლმე, უფასოდ წამოვიდნენ ჩვენს ტურში.

M: Georiders-ის გუნდის წევრებზე და მომხმარებლებზე მოგვიყევით..
გუნდში გვყავს ორი ველოგიდი. Georiders-ის ყველა წევრი ექსტრემალი სპორტსმენია, თითოეული ჩვენგანი ფლობს სპორტის რამდენიმე ექსტრემალურ სახეობას, მაგალითისთვის, მე ვფლობ: სამთო ველოს, სამთო მოტოს, სამთო კვადროციკლს, სამთო თხილამურებს, სამთო ექსტრემალურ ოფროუდ ჯიპებს, ვმონაწილეობთ შეჯიბრებებში და ბევრჯერ გავმხდარვართ ჩემპიონები. მომხმარებელს რაც შეეხება, ძირითად შემთხვევაში უცხოელები არიან. უნდა აღვნიშნო უცხოელი ქალები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან ჩვენს ტურში და იდეალურ ფორმაში არიან, ბევრ მამაკაცს ჯობნიან ფიზიკურ სიძლიერესა და გამძლეობაში. ქართველი ველომოყვარულები ნელ-ნელა ჩნდებიან, თუმცა ისინი, ხშირად, თვითონ დადიან და მარშრუტებს თვითონ ნახულობენ, თანხას არ იხდიან ველოტურებში. 

M: რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას?
ვფიქრობ, მომხმარებლისთვის სხვა სერვისების შეთავაზებას. საქართველოში, სამთო სპორტის მიმართულებით, არც ერთი სკოლა ფუნქციონირებს. ვგეგმავ სამთო სკოლის გაკეთებას, სადაც ნებისმიერ ბავშვს შეეძლება სწავლა, უსაფრთხო გადაადგილება, ტურისტული მარშრუტების შესწავლა. ასევე გვექნება ველოსიპედების შეკეთების სერვისიც.

 

განხილვა