რუბრიკაში Made in Georgia კიდევ ერთი საინტერესო კომპანიის გაცნობის დრო მოვიდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ქართულია და ქართულ პროდუქტს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ეს არის კომპანია GeoStyle Wood Art, რომელიც 2018 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. პროდუქტი, რომელსაც კომპანია ამზადებს, ყველაზე საყვარელ, საბავშვო სეგმენტზეა გათვლილი და იმ ადამიანებზე, ვისაც ირგვლივ ბავშვები ჰყავთ და მათი გახარება ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით სურთ.
ბავშვობის სენტიმენტებით დაწყებული ამბავი
დავით გვანცელაძე კომპანიის დამფუძნებელია, რომელსაც სათამაშოებისადმი სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. იხსენებს, რომ მე-7-მე-8 კლასში კლასელთან ერთად სამეცადინოდ რომ დაჯდებოდა, გაკვეთილების მომზადების პარალელურად, მუყაოს მანქანებს ამზადებდნენ და დღეს ის საქმიანობა, რასაც ეწევა, სწორედ ამ თამაშის გაგრძელება, ბავშვობის სენტიმენტებთან დაბრუნებაა.

შესაბამისად, იდეაზე დიდხანს არ უფიქრია. ის თითქოს თავისით მოვიდა.
„მქონდა ანაზღაურებადი სამსახური, თუმცა ვეძებდი საქმეს, რომელსაც მთელ ჩემს დროსა და ენერგიას დავუთმობდი, რომელსაც თავად ჩავუყრიდი საფუძველს. ისეთი საქმე მინდოდა მქონოდა, რომლისთვისაც დილის გათენება გიხარია იმიტომ, რომ იქ მიხვალ და იმუშავებ. ძიებაც არ დამჭირვებია, რადგან ცხოვრების რამდენიმე ეტაპზე ისედაც მქონდა ხესთან შეხება. რაღაც პერიოდი მონასტერში ვიმყოფებოდი, სადაც მოყვარულის დონეზე ხეზე კვეთით ვიყავი დაკავებული. მაშინ კი, როცა უკვე ბიზნესის გაკეთება გადავწყვიტე, გავიარე პროფესიული კურსი და უკვე სპეციალისტის დონეზე შევისწავლე საქმე”, – დავით გვანცელაძე, დამფუძნებელი.
ბატონი დავითი იმასაც გვიყვება, რომ უშუალოდ ამ საქმის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ბავშვების სიყვარული და მათთვის ხარისხიანი სათამაშოების შეთავაზებაც იყო.
„ბაზარზე საკმაოდ ბევრი მდარე ხარისხის სათამაშო იყიდება, რომელზეც კვლევებიც კი არსებობს, რომ არ არის სასარგებლო ბავშვისთვის. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა არსებობს იმაზე, რომ ბევრი იაფფასიანი სათამაშო ტყვიას შეიცავს და ზიანი მოაქვს ბავშვებისთვის, სწორედ ამიტომ, ვიფიქრე, რომ მე შემეთავაზებინა პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი”, – დავით გვანცელაძე, დამფუძნებელი.


წარმოების დაწყება
საქმიანობა ოჯახური ინვესტიციით დაიწყო. თავდაპირველად რამდენიმე საჭირო დანადგარი შეიძინა, რომელის საქმის წამოწყებისთვის სრულიად საკმარისი იყო. გუნდი დიდი არ ჰყავდა და, ფაქტობრივად, მარტოს უწევდა ყველა საქმის შეთავსება, თუმცა მოგვიანებით იპოვა თანამოაზრე ახალგაზრდები, რომლებსაც შეასწავლა და შეაყვარა ეს საქმე და დღეს მათთან ერთად მუშაობს.
კომპანიის ხედვა და მისია
Geostyle wood art-ის სლოგანია „აქ კეთდება ბედნიერება”. დავითი თანამშრომლებთან ერთად დიდი სიყვარულით ამზადებს, უვლის და უფრთხილდება თითოეულ სათამაშოს და სჯერა, რომ ბავშვს არა მხოლოდ ვიზუალურად მოეწონება მათ მიერ დამზადებული ნივთი, არამედ იმ სიკეთისა და ბედნიერების განცდაც შეეძლება, რომელიც მასშია ჩაქსოვილი.


„ხე არის ემოციების გადამტანი. მისგან როგორ დადებითი ემოციის მიღებაა შესაძლებელი, ისე ამ ემოციის სხვისთვის გადაცემა შეიძლება. თითოეულ სათამაშოს სიკეთეს ვატანთ, რომელიც ბავშვამდე მიდის”, – დავით გვანცელაძე, დამფუძნებელი.
სამომავლო გეგმები
ამჟამად კომპანია საგრანტო პროგრამაში მონაწილეობს, რომელში გამარჯვების შემდეგაც ბევრი გეგმა აქვს დასახული. პირველ რიგში, რებრენდინგსა და მარკეტინგის მიმართულებით გაძლიერებას გეგმავს. თანამშრომლობს პლატფორმებთან, რომლის საშუალებითაც პროდუქციის სხვადასხვა არხით გაყიდვას გეგმავს. ასევე სურვილი აქვს, რომ რეგიონებზეც გავიდეს და მეტიც, პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს. როგორც დავითი გვეუბნება, ამ გეგმების შესასრულებლად Geostyle wood art ყოველდღიურად ძალიან ბევრს მუშაობს.




ჩვენ კი ისევ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ კამპანია Made in Georgia წამოიწყო, რომლის მიზანიც საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაა. მის ამ კამპანიაში ჩართული ქართული ბრენდები ბანკისგან სპეციალური პირობებით სარგებლობენ. ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკმა დაამზადა სტიკერების ნაკრები, რომლის გადმოწერაც კომპანიას შეუძლია და ეს სტიკერი მიანიშნებს, რომ პროდუქცია საქართველოშია დამზადებული.












