სათამაშოს დიდი ზეგავლენა აქვს ბავშვის განვითარებაზე. შინაარსობრივი დატვირთვის გარდა, აუცილებელია, რომ ჩვენი შერჩეული სათამაშო იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული. ბაზარზე მრავალფეროვანი პროდუქცია არსებობს, რაც არჩევანის გაკეთებას სუფთა პროდუქციის სასარგებლოდ ართულებს. ხის სათამაშოები ყოველთვის ყველაზე ჯანსაღად ითვლება, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალია. მარკეტერი “ჯეოთოიზ”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით კაციტაძეს ესაუბრა. კომპანია ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს.
M: რატომ გადაწყვიტეთ ხის სათამაშოების წარმოება?
ჯერ კიდევ 2005 წელს მეგობრებთან ერთად დავაარსეთ კომპანია, რომელიც ბავშვების განმავითარებელ სათამაშოებს აწარმოებდა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო კომპანიის აქტივობა შევაჩერეთ. ეს თემატიკა არასდროს დამვიწყებია და ჩემდა საბედნიეროდ, არ დავიწყებია ჩემს მეგობარს და გენიალურ დიზაინერს, გოგა თანდაშვილს. მასთან ერთად გადავწყვიტეთ დაგვეწყო იგივე თემატიკის სათამაშოების წარმოება, ოღონდ ხის, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის დამუშავებით.
M: რამდენად იყო თქვენი გადაწყვეტილება, გეწარმოებინათ ხის სათამაშოები, განპირობებული ბაზარზე არსებული მოთხოვნით?
ნაწილობრივ იყო, თუმცა ბაზარზე ვერ იქნება მოთხოვნა იმაზე, რაც აქამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ხის სათამაშოებზე მოთხოვნა არის, მაგრამ შეიძლება ითქვას ასე: მიწოდების სიმცირის გამო, მოთხოვნის ფანტაზიაც შეზღუდილია. ჩვენ ვცდილობთ ეს ფანტაზია გავუღვივოთ ქართველ მომხმარებელს და დავანახოთ, რომ თურმე ქართული ხის სათამაშოც შესაძლებელია იყოს მაღალი ხარისხის და ჰქონდეს შინაარსობრივი დატვირთვა.
M: უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ თქვენი პროდუქციის შესახებ, რა ტიპის სათამაშოებს აწარმოებთ ?
ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ერთ მიმართულებას – გეომეტრიულ ფიგურებს, რომლებიც ჩაშლილი გვაქვს რამდენიმე პროდუქტად. გვაქვს კუბები – ზედ გამოსახული ანბანით, ასოებით, უბრალოდ ფერადები, გვაქვს სამშენებლო ნაკრები სასახლე და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს 2 განსხვავებული პროექტი – ჭანჭიკელა (ვირტუალურ-სივრცითი აღქმისა და წარმოსახვითი უნარების განვითარებისათვის) და კოშკი (ანალიტიკური უნარების განვითარებისათვის). ვაპირებთ თებერვლიდან ყოველთვიურად თითო მიმართულების ახალი სათამაშოს დამატებას, რომელიც აგრეთვე ჩაიშლება რამდენიმე სახეობად.
M: სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
ამჟამად პროდუქცია იყიდება მაღაზიების ქსელებში “ბიბლუსი” და “ბანა”. აგრეთვე, მონაწილეობას ვიღებთ “ქარვასლაში” საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში და 25 დეკემბრიდან წარმოდგენილები ვიქნებით ჩვენი გაყიდვის წერტილით სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთშიც”.

M: სად მზადდება სათამაშოები?
დამზადების ყველა ეტაპს სათამაშოები გადის საქართველოში, ჩვენს საწარმოში.
M: მას შემდეგ რაც “ჯეოთოიზ” ბაზარზე გამოჩნდა, წამოვიდა თუ არა დაინტერესება კლიენტების მხრიდან?
კი საკმაოდ, ჩვენ არც კი ველოდით ასეთ მაღალ ინტერესს, ამიტომ ვეცდებით გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის მრავალფეროვნება და ავწიოთ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე პროდუქციის ხარისხი.
M: როგორც წესი, ნატურალური მასალებისგან დამზადებულ პროდუქციას ფასი ხარისხის შესაბამისი აქვს, ანუ არც ისე ხელმისაწვდომია. თქვენს შემთხვევაში საფასო კატეგორია როგორია?
ვცდილობთ ფასი ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისათვის. ფასის კონტროლის საშუალებას გვაძლევს პირველ რიგში საკუთარი წარმოება, ხოლო შემდგომ ის სიახლეები (დანადგარების კუთხით), რომელიც გვიმცირებს ზედმეტ მუშა ხელს და პროდუქციის დამუშავებას თვითონ ახერხებს (იგულისხმება კუთხეების არ ქონა პროდუქტზე და ა.შ.), ამასთან, ჩვენ არ შევდივართ არც ერთ მაღაზიაში, რომლის პოლიტიკაცაა თვითონ მოახდინოს პროდუქტზე ფასნამატი, პირიქით, ჩვენ ვადგენთ პროდუქტის გასაყიდ ფასს და შემდგომში, პროცესი თუ გვაჩვენებს რეალობას, ბუნებრივია ვეცდებით მოვახდინოთ ფასის კორექტირება. ამჟამად, პრინციპში ბაზრის შედეგების ლოდინის პროცესში ვართ, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები.
M: როგორ გეგმავთ თქვენი ბრენდის პოპულარიზაციას?
გვაქვს კარგი, მხიარული გეგმები, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამ ეტაპზე ჩვენს ბიუჯეტს უფრო მეტად ვხარჯავთ არა სარეკლამო აქტივობაში, არამედ სხვა მიმართულებით, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ბავშვს უბრალოდ ვაჩუქოთ ჩვენი სათამაშო.
M: არის თუ არა ქართულ ბაზარზე, თქვენს სფეროში კონკურენცია?
კი, ნამდვილად არის. კონკურენცია კარგია, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და ქმნის უფრო მაღალი ხარისხის და ნაკლები ფასის პროდუქტს, რომლითაც გამარჯვებული მხოლოდ მომხმარებელია და ჩვენ კი მოხარულები, რადგან მომხმარებლის კმაყოფილება პროდუქტის გაყიდვებზეც აისახება ბუნებრივია.
M: რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი ბრენდი?
საინტერესოა და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული;
ეკოლოგიურად სუფთა (მასალიდან დაწყებული, საღებავებით და შეფუთვით დასრულებული);
ხის დამუშავებაა ალბათ ყველაზე მაღალი ქართულ პროდუქტებს შორის;
M: უახლოესი გეგმების შესახებ გვიამბეთ
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გეგმა არის CE მარკირების მიღება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ხოლო მეორე გეგმაა საწარმოს გაფართოება და ახალი დანადგარების ჩამოტანა, რაც უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს მომხმარებელს პროდუქციის უფრო მეტი ნაირსახეობა შევთავაზოთ. საბოლოო ჯამში, ეს ხომ სათამაშოებია და ჩვენს შვილებს სჭირდებათ.












