Gepherrini MC ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის ჩანთებს სთავაზობს. კომპანია 2014 წლის 7 აგვისტოს დაარსდა და ქართული წარმოების პროდუქტი უკვე ექსპორტზე გააქვს. პროდუქტის ხარისხის დასამტკიცებლად, კომპანია თავის ჩანთებზე 6 თვიდან 1 წლამდე ვადით გარანტიასაც გასცემს. როგორ შეიქმნა ახალი ქართული ბრენდი და რა პროდუქციას აწარმოებს, ამის შესახებ მარკეტერთან Gepherrini-ს დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ ისაუბრა.
M: როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა და როგორ განვითარდა ბრენდი?
ჩანაფიქრი იყო, რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც არ იწარმოებოდა საქართველოში. საბოლოოდ, არჩევანი შევაჩერეთ ჩანთებზე. ეტაპობრივად, ქალის ჩანთებს, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთები დავამატეთ, ასევე, დავიწყეთ ნატურალური ტყავის სამაჯურებისა და მამაკაცის საფულეების წარმოება. კომპანიის დაარსებისთანავე, ჩვენი მიზანი იყო, გამოგვეშვა ხარისხიანი პროდუქცია მისაღებ ფასად. თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ამ სფეროში მუშახელი არ იყო. შემდგომ კი, ეტაპობრივად დავიწყეთ მაღაზიების გახსნა. ამჟამად საქართველოში 3 მაღაზია გვაქვს, 2015 წლის სექტემბრიდან გავედით ექსპორტზე რუსეთში და იქ 3 მაღაზია გავხსენით. 2016 წლის აპრილიდან ჩვენი ჩანთები იყიდება ა.შ.შ.-ში, ნიუ იორკში: მანჰეტენზე, ბროდვეისა და მედისონზე არსებულ ბუტიკებში.
M: რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის დაწყებისას?
სირთულე იყო წარმოების პროცესი, ვინაიდან, ამ კუთხით, საქართველოში კვალიფიციური მუშახელი არ არსებობდა. ხალხი ფეხსაცმლის საწარმოებიდან ავიყვანეთ, რადგან მათ ტყავზე მუშაობა შეეძლოთ. ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა საწარმოში და ვაკვირდებოდით, თუ როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ერთი სრულყოფილი ჩანთის მომზადებას 8 თვე მოვანდომეთ, თუმცა, საბოლოოდ, დავიხვეწეთ და ხარისხიანი ჩანთების წარმოება ქართველი მუშახელის დახმარებით დავიწყეთ.
M: რა განგასხვავებთ სხვა ბრენდებისგან?
ჩვენი მოდელები არაა სტანდარტული. ვინც ჩვენს პროდუქტს ნახულობს, აფასებენ, როგორც განსხვავებულსა და უცხოს. სწორედ პროდუქტის უნიკალურობა გამოგვარჩევს სხვა ბრენდებისგან. ასევე, მისაღები ფასია და ხარისხიც მაღალია. ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია, ერთი მოდელის მცირე რაოდენობით წარმოება. აღსანიშნავია, რომ ჩანთის მოდელებისთვის გეომეტრიულ ფორმებს ვიყენებთ. გვაქვს გარანტიაც: ტყავის შემცველ ჩანთებზე ვრცელდება 6 თვიანი გარანტია, ხოლო ტყავისაზე – 1 წლიანი.
M: რა სეგმენტზე გაქვთ გათვლა და რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი პროდუქტი?
გათვლა გვაქვს საშუალო და საშუალოზე მაღალ სეგმენტზე. ჩვენთან დაბალფასიანი პროდუქცია არ იყიდება, თუმცა, გვაქვს საშუალო სეგმენტზე გათვლილი, სრულიად მისაღები ფასები. ვაწარმოებთ მაღალი კლასის პროდუქტსაც, რომელსაც ამერიკაში ვყიდით და საკმაოდ დიდ ფასად. ამერიკაში გაგზავნილი პროდუქტი ნედლეულის ხარისხითაც განსხვავდება და ტრანსპორტირების ხარჯებიც ემატება. შესაბამისად, ფასები მერყეობს 198$ – 999$-ის ფარგლებში. ა.შ.შ.-სა და საქართველოს ბაზრები ერთმანეთისგან განსხვავდება და არსებული ფასები შესაბამისადაა მორგებული. ჩვენთან სასურველი ნივთის ინდივიდუალური შეკვეთაც შესაძლებელია.
M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ჩვენი ძირითადი მიზანია ექსპორტის გაზრდა და გვინდა დსთ-ის ქვეყნები მოვიცვათ. ახლახანს დამთავრდა მოლაპარაკება და 2 კვირაში უკრაინაშიც შევალთ. აქტიურად ვგეგმავთ პრომო აქციებს და ვმუშაობთ რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიასთან. გადავიღეთ ა.შ.შ.-ის ბაზრისთვის სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც აქტიურად ჩაეშვება ერთი თვის ვადაში. ვიდეოში მონაწილეობს იღებენ “მის საქართველო 2015”, ნუკა კარალაშვილი და Elit Model Look-ის გამარჯვებული, თათია ახალაია. ქართულ ბაზარზეც ვაქტიურობთ და სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებს ვგეგმავთ, თუმცა ამ ეტაპზზე ექსპორტით უფრო ვართ დაინტერსებული, რადგან ქართულ ბაზარზე დიდ გათვლებს ვერ გააკეთებ.