in

Gepra: 2022 წლის შეჯამება

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიის, ჯეპრას განვლილ თვეებს შევაჯამებთ. მისი დირექტორი, ეკა ჟვანია, მიმდინარე წლის შედეგებსა და მომავალი წლის გეგმებზე თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

რთული წლის გამოწვევებს ვუპასუხეთ და ახალს კიდევ უფრო მომზადებული ვხვდებით

„პანდემიური წლების შემდეგ ბევრი გეგმა და სიახლე გვქონდა, რომელიც, ფაქტობრივად, მზად იყო ბაზარზე გახმაურებისთვის, თუმცა რუსეთის არნახულმა აგრესიამ და ვერაგულმა ომმა უკრაინაში არამარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს გეგმები შეცვალა.

შეიცვალა ჩვენი კლიენტების როგორც მოკლე, ასევე საშუალო და გრძელვადიანი გეგმებიც. ამ გამოწვევების გასამკლავებლად, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯეპრა სრულად მზად იყო. კორონავირუსის საწინააღმდეგო სტრატეგია დაგვეხმარა, მკაფიოდ გაგვეაზრებინა და უმოკლეს ვადებში შეგვეცვალა მოქმედების გეგმა. პირველ რიგში, ფოკუსირებული გავხდით ჩვენ მეგობრებზე უკრაინასა და ბელორუსში, შევთავაზეთ მათ როგორც ტექნოლოგიური, ისე საოფისე და ჰუმანიტარული დახმარება. ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა ჩვენს კოლეგებთან და ბევრსაც დავეხმარეთ ამ კუთხით.

აშშ-ის, ევროპისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების სანქციებმა ოკუპანტი რუსეთის მიმართ, გლობალური ცვლილებები გამოიწვია როგორც ლოგისტიკური და ტვირთბრუნვის ნაკადების ოპერირებაში, ასევე შეცვალა საერთაშორისო ბრენდების მიდგომებიც. მათი საქმიანობა და კომუნიკაცია რეგიონული მართვის პრინციპებიდან სუბრეგიონალურზე გადმოერთო და აქცენტირებული გახდა კონკრეტული ქვეყნების საჭიროებებზე. ეს ჩვენთვის ახალი შესაძლებლობა და ახალი გლობალური კლიენტების მოზიდვა-მოპოვების ხელმისაწვდომობის გაზრდას ნიშნავდა.

ჯეპრას პორტფოლიოს უმსხვილესი სამედიცინო (ფარმაცევტული) საერთაშორისო ბრენდები შეემატა, რითაც ჩვენი გამოცდილება ჯანდაცვის კომუნიკაციის მიმართულებით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მიზანმიმართული გახდა, ხოლო ადვოკატირების კამპანიების ჩატარების კუთხით, მეტად წარმატებული და ორიენტირებული საბოლოო შედეგზე.

სიახლე გვქონდა ფესტივალებისა და კონკურსების ორგანიზებისა და გაძღოლის მიმართულებით: 2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მასშტაბური და ყველაზე ხალხმრავალი იყო „გურჯაანის ღვინის ფესტივალი-2022“. გვაქვს კიდევ ერთი საამაყო სიახლე მიმდინარე წლის შემოდგომის აქტივობებიდან — პარტნიორებთან ერთად წარმოვადგენდით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსს საქართველოში — IWSC Wine Judging in Georgia, რომლის შედეგებიც ფენომენალური და წინასწარ განუჭვრეტელი აღმოჩნდა 50-წლიანი ისტორიის მქონე ავტორიტეტული ბრენდის მესვეურებისთვისაც კი. როგორც ბრენდის ამბასადორმა, მარიამ გუჯაბიძემ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ფაქტობრივად, ღვინის სფეროში მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ და შედეგებიც ყველასთვის საამაყო დავდეთ: ასობით მცირე მწარმოებელი და მეღვინე გავაცანით საქართველოს და მსოფლიოს თუ ღვინის საზოგადოებას. ახალი ღვინოები აღმოვაჩენინეთ, რომელთა უმეტესობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული ღვინის წარმოჩენის სპეციალიზებული ღონისძიებების ჩატარებაზე ახალ ბაზრებზე.

სერვისებისა და პროდუქტების დივერსიფიკაცია და ახალ პირობებზე ადაპტაციის წინა წლებში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარა, ერთი მხრივ, შეგვენარჩუნებინა არსებული კლიენტები, და მეორე მხრივ, გვეზრუნა პოტენციურად საინტერესო კლიენტების მოზიდვაზე. ზევით დასახელებული ბრენდების გარდა, ვთანამშრომლობთ სფეროებისა და კატეგორიების ფართო სპექტრთან — რითეილით დაწყებული, მსხვილი ინფრასტრუქტურული მშენებლობებით დასრულებული.

გავაგრძელეთ ჩვენი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები. პირველ რიგში, შევასრულეთ მარკეტერების წინაშე სფოთლაითზე დადებული პირობა — 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიზნესლიტერატურის 20 ბესტსელერის ქართულ ენაზე გამოცემა (სრულად ან ნაწილობრივ) დავაფინანსეთ და გამომცემლობებთან პარტნიორობით წარვუდგინეთ საზოგადოებას. გაგრძელდა ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კალიგრაფ დავით მაისურაძესთან. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ 2022 წელს შექმნილი ქართული შრიფტების ჩამონათვალში „მარკეტერმა“ ჩვენი კოლაბორაციის 5 ნიმუში დაასახელა.

„სქრინფლეის“ უნიჭიერეს გუნდთან და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (გაუ) ერთად ჩამოვაყალიბეთ საქართველოში პირველი სცენარისტთა სკოლა და კურსდამთავრებულთა პირველივე ნაკადმა გვაჩვენა, რომ პიარსკოლაზე არანაკლები პოპულარობით ისარგებლებს დაინტერესებულ პირებში.

მიზნებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული სხვაობა დაგვიფიქსირდა გეგმებსა და რეალურ შედეგებს შორის. ამის ერთადერთი მიზეზი რუსეთის ომია. ჩვენი პარტნიორების, აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო-ანალიტიკური წრეებისა და შემდგომ უკვე, მთავრობების გაფრთხილებების მიუხედვად, ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ვიმედოვნებდი, რომ აგრესორი რუსეთი და პუტინი კონვენციური ომის წარმოებას ვერ გაბედავდნენ.

ამის მიუხედავად, ზრდა არ შეგვიწყვეტია და ფინანსური შედეგებიც გაუმჯობესებული გვექნება. ახლა ჯერ კიდევ ნაადრევია ზუსტ რიცხვებზე საუბარი, თუმცა მინიმუმ 11-13-პროცენტიანი ზრდა (გამომდინარე კვარტალური ანგარიშებიდან, ტექნიკურ გადაიარაღებასა და მოდერნიზაციაზე დახარჯული ინვესტიციებისა და სოციალურ პროექტებზე დანახარჯების გათვალისწინებით) წინა წელთან შედარებით, მიუღწეველი შედეგი არ უნდა იყოს. ეს ზრდა ჩვენი თანამშრომლების მართლაც დაუღალავი შრომისა და თავდადების შედეგია.

ცოტა გული გვწყდება, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯეპრას 20 წლის იუბილე ზარ-ზეიმით ვერ აღვნიშნეთ. თუმცა, საიუბილეო ჯერ კიდევ ბევრი წელი გვაქვს წინ. მითუმეტეს, პუტინის გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.

ომმა და საიუბილეო თარიღმა, ერთად და ცალ-ცალკე, ბევრი რამის ხელახალი გააზრებისა და მიდგომების ცვლილებისკენ გვიბიძგა.

პირველ რიგში, ეს ჩვენი გამოცდილების რუკის ცვლილებას და გაყიდვების ახალ პარადიგმაზე გადასვლას ეხება. 2022 წელი ჩვენთვის გარდამავალი იყო სააგენტოსა და საკონსულტაციო ფირმას შორის. 2018 წლიდან აღებული გეზი, რომელიც ჩვენი კლიენტის ღირებულებათა ჯაჭვის თითეული კომპონენტის მომსახურებაზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობდა, მოქმედებაშია. აქედან გამომდინარე, ფოკუსირებული ვართ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის ახალ ფორმებზე ჩვენს თანაპლატფორმელებთან.

ძალიან კარგად გვესმის, რომ პოზიციონირების ცვლილება, უფრო მეტიც, შეცვლილი პოზიციონირების დადასტურება და დაცვა სირთულეების ახალ ფენებს ქმნის. მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ჯეპრას მომავალი ამ ახალ ტერიტორიაზეა. ეს არის ჩვენი თვალთახედვა.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს ბიზნეს ლიდერების უმრავლესობის სამომავლო საჭიროებებს ცვლილებისკენ მივყავართ. ბაზრის ლანდშაფტის ტრანსფორმაცია კი კონკურენციის გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციაზე იქნება დამოკიდებული. დღეს არსებული პროცესები (თუნდაც სასურსათო, ელექტროტექნიკისა და სააფთიაქო ახალი ქსელების გაჩენა, პირველი ქართული ვირტუალური ბანკის დაფუძნება, და ა. შ.) კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში.

ცვლილებების აზრი კი ის არის, რომ ჩვენ თავად და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ, გავუძღვეთ ცვლილებების ყველაზე რთულ და არასტანდარტულ პროცესს ნებისმიერი მასშტაბის კომპანიაში — ჩამოვაყალიბოთ დანიშნულება და მიდგომები, სტრატეგიულად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ანიდან ჰოემდე. ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე ეს ნიშა სრულიად თავისუფალია, და რატომაც არა, ზად ვართ, ვიყოთ ლიდერები ამ პროფესიული სერვისების მიწოდების ამ სეგმენტშიც.

და რაც ყველაზე მთავარია, თანამშრომლების კარიერული და პროფესიული განვითარების მიმართულებით, ჯეპრა გაცილებით მეტ რესურსს დახარჯავს, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. ამ საკითხში ამოსავალ წერტილად მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპები გვაქვს და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ქსელის რეკომენდაციებს და ვალდებულებებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვგეგმავთ მსხვილი სტრატეგიული ალიანსების ჩამოყალიბებას პარტნიორებთან. პოზიციონირების ცვლილებამ, შესაძლებლობა მოგვცა, ვითანამშრომლოთ როგორც სტარტაპებთან, ისე დამკვიდრებულ კომპანიებთან, და არამარტო საკონსულტაციოებთან. აქცენტს გავაკეთებთ ახალ ბიზნესებზე, მეტი ფოკუსირებით საშუალო ბიზნესზე. ეს, თავის მხრივ, ახალი პროდუქტების შექმნასა და თანამშრომლების კომპეტენციების მოდელში  გარკვეულ კორექტივებს მოითხოვს. კლიენტის გამოცდილებაზე მორგებული მოდელი (CXM) გარკვეულწილად დანერგილი იყო ჯეპრაში და სრულფასოვანი გამოყენება ჩემს კოლეგებს არ გაუჭირდებათ.

მსოფლიო ტრენდების შესაბამისად, იცვლება კრიზისების ტიპოლოგიაც. ამ სფეროში არსებული გამოცდილების მიხედვით, ჯეპრა კვლავ შეინარჩუნებს პირველობას ანტიკრიზისული კომუნიკაციების მართვისა და გაძღოლის კუთხით.

კალიგრაფ დავით მაისურაძესთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს ქართული ღვინის ფონტების შექმნა. ისე, რომ დააკვირდეთ, ყველა ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ერთი ელექტრონული ფონტიც კი არ გვაქვს ღვინისადმი მიძღვნილი. დავითმა მოიძია უამრავი ინფორმაცია და მასალა. შედეგად, უახლოეს მომავალში, მზად ვიქნებით, ქართული ღვინის ფონტების საზოგადოებისთვის წარსადგენად. როგორ ჩვენი „ფონტების გალერეის“ ყველა ნიმუში, ქართული ღვინის ფონტებიც უფასო იქნება მომხმარებლისთვის.

ეს და სხვა სოციალური პროექტები წარმართული იქნება ქალთა გაძლიერების პრინციპების შესაბამისად. წელსაც ჩვენი ხელშეწყობით არაერთმა მიკრო და მცირე საწარმომ ისარგებლა, რომელთა სათავეშიც ქალები არიან.

სიახლე გვექნება საგანმანათლებლო კუთხითაც. „ედბრენდი“ და ანდრო მეტრეველი ჯეპრასთან ერთად სრულიად ახალი სასერტიფიკატო კურსით წარდგება მსმენელების წინაშე. ჯერ საბოლოო სათაურზე არ შევჯერებულვართ, თუმცა, ზაფხულიდან მოყოლებული თემას ვამუშავებთ და ლოიალურობის, წახალისებისა და სტიმულირების პროგრამის სილაბუსიც შევადგინეთ. ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მძაფრ კონკურენციაში ჩართული სუბიექტებისთვის. მითუმეტეს, როცა კურსის ყველა მოდული ე. წ. Data driven, ანუ მონაცემებით მართულ მოქმედებებზე იქნება დაფუძნებული.

რადგან მონაცემებზე და ციფრულ მოქმედებებზე ვსაუბრობთ, აქაც გვინდა ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად ახალი ერთობლივი პროდუქტებით და სერვისებით წარვდგეთ კლიენტების, უფრო სწორედ, პოტენციური კლიენტების წინაშე. ამჯერად მარკეტინგისა და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი შესაძლებლობების წარმოჩენით. ვმუშაობთ რამდენიმე პროდუქტის იდეაზე, რომელიც CRM-ისა და წახალისების სისტემების (ტრიგერების) ჰარმონიზაციაში დაეხმარება მომხმარებელს.

დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო განვითარებისა და საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაგრძელება, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, იუს-ეი-აიდი, ჯი-აი-ზეტი, აზიის განვითარების ბანკი და ა. შ. ვფიქრობთ, რომ დაგროვილი გამოცდილება სპეციფიკურ სფეროებში, მათ შორის, ჯანდაცვაში, პროფესიულ განათლებაში, ურბანულ განვითარებაში, აგროსფეროსა და ენერგეტიკაში, კონკურენტული უპირატესობა იქნება ჩვენთვის ადგილობრივ ბაზარზე“.

როგორ ქმნიდნენ არტისტები TikTok-ისთვის ვირუსულ კონტენტს, 2022 წელს?

რა იყო დასამახსოვრებელი 2022 წელს, სარეკლამო კომუნიკაციების მხრივ?