წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო ჯეპრას 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.
რაც დრო გადის, სულ უფრო რთული ხდება საკონსულტაციო კომპანიის 1 წლის საქმიანობის მოკლედ, მაგრამ ამავდროულად, საინტერესოდ წარმოჩენა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სინამდვილეში ჩვენს საკმაოდ რუტინულ საქმეში შეიძლება, ერთი შეხედვით გასაოცრად აღმაფრთოვანებელი ძნელად იპოვნო, მეორეც, პანდემიის მერე ცხოვრება ისე აჩქარდა და იმდენი მოვლენა ხდება მოკლე დროში, რომ მათი დახარისხება და მთავარი ამბების გამოყოფა ძალიან გართულდა.
ჰოდა, კონსულტანტი რისი კონსულტატია, მარტივი გამოსავალი რომ არ ეპოვნა, და ჩვენც ჩვენ ამბავს ნათლად და გასაგებად, ქართულად – პუნქტობრივად, საერთაშორისო ენაზე კი – ბულეთებად მოგიყვებით.
- ეკასთან [1] ერთად ახლა დავითვალეთ და 80 კლიენტი/ პროექტი გამოვიდა წელს, რაც წინა წელთან შედარებით, ჩვენთვის თითქმის 25%-იანი ზრდაა და ასეთი მუშაობა არ გვქონია არასდროსო.
- წლიურ ბრუნვას რომ გადახედა, ეკას სახე გაუბრწყინდა და წინა წელზე მეტი იყოო, გვითხრა. მეტი აღარც გვიკითხავს.
- გვქონდა ძალიან საყვარელი და საამაყო პროექტები სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, სვანეთში, რაჭაში და ბევრიც კახეთში. მთელ საქართველოზე [2] გვქონდა ჩვენი საქმიანობა გაშლილი და სასიამოვნო იყო ეგ ყველაფერი.
- ამდენი ვიდეო, რაც წელს გავაკეთეთ, წინა წლებში ნამდვილად არ გვიკეთებია და შეგვიძლია უკვე ჩვენც ვთქვათ, რომ ვიდეოკონტენტი ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის უმნიშვნელოვანესია. დაივიწყეთ [3] ტექსტები. უფრო სწორედ ბევრი ტექსტი.
- სასიამოვნოა ახალი, აქამდე არნახული [4] კლიენტებიც. მაკდონალდსთან, მაგალითად, პირველად ვიმუშავეთ და ვამაყობთ რაღაცნაირად. ისეთ ახალ სექტორებს შევეხეთ, როგორიც სამუზეუმო საქმიანობა, ციტრუსების წარმოება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სხვ.
- ახლები ხომ კარგია, მაგრამ დიდი ხნის უნახავი [5], ძველი, მაგრამ დავიწყებული კლიენტების და პარტნიორების დაბრუნებაც გაგვიხარდა. ასე რომ, გუდვილის შემობრუნებას მივესალმეთ და გუდვილიც მიესალმა მომხმარებელს სიახლეებით.
- ტრადიციულად გვქონდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები ადვოკატირების მიმართულებით და ჩვენი მეცადინეობით და ჩართულობით, დაფინანსება მიიღეს იშვიათი დაავადების მქონეებმა, ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა და სხვა მოწყვლადმა ჯგუფებმა.
- ღვინის თემაში საბოლოოდ გადავიჭერით და გურჯაანის ღვინის ფესტივალი ხომ ისევ უმასშტაბურესი [6] და უდასამახსოვრესებელი გამოვიდა, მაგრამ უფრო სასიამოვნო იყო IWSC-ის [7] მეორედ ზედიზედ გამართვა, სადაც მართლაც რეკორდული რაოდენობის [8] მეღვინემ მიიღო მონაწილეობა.
- არ დაგვითვლია, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 10-ზე მეტი ახალი ლოგოტიპი და შესაბამისი ბრენდბუქი გავაკეთეთ და 10-ზე მეტ ორგანიზაციას შევუქმენით ახალი ვარცხნილობა და ლუქი.
- ვითანამშრომლეთ მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკებთან. დაგვრჩა აფრიკის, ოკეანიისა და სამხრეთ ამერიკის განვითარების ბანკები. თუმცა, ეს 2 უკანასკნელი ჯერ არც არსებობს, მგონი.
- განათლების მიმართულებითაც ვიაქტიურეთ მაგრად. ლექტორები რომ ვართ და პიარსკოლა რომ საქვეყნოდ ცნობილია, ეგ ხომ კარგი, მაგრამ დაახლოებით 100 მცირე მეწარმეს და 300-მდე ფერმერს ჩავუტარეთ სხვადასხვა ტრენინგი და სემინარი.
- საქართველოში სცენარისტთა პირველი სკოლა – სქრინფლეი, ისევ აგრძელებს სცენარისტებისა და კოპირაიტერების ხელოვნების დახვეწაზე ზრუნვას. წელს უკვე მეორე ნაკადი გვყავდა. ყველა კმაყოფილი და ბედნიერია.
- გვყავდა უსაყვარლესი 6 ახალი სტაჟორი და იმის გარდა, რომ მაგრად გამოვწურეთ ახალგაზრდები, მათაც ბევრი რამე ისწავლეს ჩვენგან.
- USAID HICD [9] პროგრამა ხომ ჩვენი ყველაზე გამორჩეული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდაჭერა [10] ჯეპრაში ბიზნესპროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგების მხრივ. თან სამმა ჯეპრელმა HICD აკადემია დაამთავრა და თავს იწონებენ სერტიფიკატებითაც.
- რომ არ გამოგვრჩეს კეთილი საქმეებიც, მცირე მეწარმეებს დავეხმარეთ [11] რამდენიმე მიმართულებით, როგორც საკუთარი პროდუქციის შეფუთვის, ისე საცალო ვაჭრობის ქსელებთან დაკავშირებასა და პოტენციური კლიენტების მოზიდვაში.
- როგორც იქნა, გვყავს საოცარი და უსაყვარლესი HR მენეჯერი, რომელიც კი სულ რაღაცებს გვავალებს და გვწნეხავს (თავიდან აქ ეწერა გვტისკავს), მაგრამ ყველას ძალიან გვიყვარს [12].
და ბოლოს, ყველამ ერთხმად გავაპროტესტეთ კანონი აგენტების შესახებ და გვგონია, რომ ამით, და კიდევ ბევრი კარგი საქმეებით ევროინტეგრაციასაც [13] შევუწყვეთ ხელი!
[1] ეკა ჟვანია – „ჯეპრას“ დირექტორი
[2] 2024-ში უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ შიდა ქართლსა და იმერეთში ვიქნებით წარმოდგენილი
[3] უფრო დაიკიდეთ
[4] ვისთანაც აქამდე პროექტი არ გვქონია
[5] ვისთანაც აქამდე გვქონდა პროექტი
[6] 30 ათასი დამსწრე
[7] IWSC Wine Judging in Georgia 2024 – აღიარებულია მსოფლიო ჩემპიონატად ღვინოში
[8] სულ 175 მეღვინე, მათ შორის 20 მეღვინე სომხეთიდან და 1 აზერბაიჯანიდან – 508 ღვინის წარმოდგენით
[9] 2016 წლიდან ვართ ამ პროგრამის ექსკლუზიური პარტნიორები/ მიმწოდებლები
[10] HICD-ის შეფასებით, საბოლოოდ ძალიან მაღალი ქულა მივიღეთ
[11] უსასყიდლოდ
[12] არ გვეყვარება და ჩვენი აჯობებს
[13] 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.