in

ჯეპრა ეჯაილ ტრანსფორმაციას იწყებს

BOG
BOG

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ ეჯაილ ტრანსფორმაციას იწყებს. ქართული საკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი პიონერი კომპანია სერვისების გაფართოებას პროექტების მართვის ინოვაციურ მეთოდოლოგიაზე გადასვლას უკავშირებს. „ჯეპრას“ დირექტორის განცხადებით, კომპანია პროექტების მართვის თანამედროვე, მოქნილ სისტემაზე გადასვლას იწყებს. ეჯაილი (Agile) – მართვის მოქნილი მეთოდოლოგიაა, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, გაზარდოს საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტი და შეამციროს პროექტების განხორციელების, გადაწყვეტილებების მიღების ვადები, ეფექტიანი გახადოს ინოვაციური სერვისების და პროდუქტების შემუშავების და მიწოდების გზები და ხერხები.

„ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს, რამდენიმე ჯგუფთან ეჯაილის მეთოდოლოგიის კონკრეტული მიმართულების დანერგვაზე. არჩევანი ჯერჯერობით სქრამისა და კანბანის გამოყენების შესაძლებლობებზე შევაჩერეთ. ოქტომბერში მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“- აცხადებს ეკა ჟვანია.
ომპანიაში მიმდინარე ცვლილებები „ჯეპრას“ ტრანსფორმაციის სტრატეგიის ნაწილია. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ლიდერი საქართველოში პროფილის ნაწილობრივ ცვლილებას გეგმავს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილებები კარდინალურია და 2007 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტრანსფორმაცია ეხება არა რომელიმე სერვისს ან პროდუქტს, არამედ მთლიანობაში კომპანიას.
„შემუშავებულია ახალი ბიზნეს მოდელი, ცვლილებებია ბრენდის, პოზიციონირების, ვიზუალური იდენტიფიკატორების მიმართულებითაც. შეიცვალა კომპანიის მენეჯმენტისა და კონსალტინგის სფეროების სტრუქტურა. ამასთან, ძირეულად ტრანსფორმირდება ბიზნეს-პროცესები და სერვისები“, – დასძინა ეკა ჟვანიამ.

„გარდაქმნები, რომელიც ჯეპრაში წამოვიწყეთ, პირველ რიგში, უკავშირდება გლობალურ ბაზრებზე მომხდარ ცვლილებებს. შეიცვალა ტრენდები, რომელიც უმსხვილესი კომპანიებისთვისაც, სერიოზული გამოწვევაა. პიარის სფეროს უცვლელი ლიდერები რესტრუქტურიზაციას იწყებენ, რათა კონკრეტულ ბრძოლაში არ დამარცხდნენ. სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ისწრაფვის უნივერსალურობისკენ და თანაურ ბიზნესებში სერვისების მიწოდებაზე გამოთქვამს პრეტენზიას. კონსალტინგში პროფესიული სერვისების მიმწოდებელი კომპანიები აღარ მიჯნავენ დარგებს, სფეროებს და პროდუქტებს. ბეინი და მაქინზი მარკეტინგში შემოიჭრა, აუდიტორების დიდი ოთხეული აიტის მიმართულებით სპეციალიზდებიან. ტოტალური უნივერსალიზაცია – ასეთია დღევანდელი ბაზრის რეალური მდგომარეობა“, – ერთვება საუბარში „ჯეპრას“ ტრანსფორმაციის პროცესის ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც სამი თვის წინ წამოიწყეს, კიდევ ოთხი თვე გაგრძელდება. ამ ეტაპზე, ძირითადი სტრატეგიული სამუშაოები შესრულებული აქვთ და ჯეპრა ახალი წლიდან კონსალტინგის ნიშური სფეროების ათვისებას დაიწყებს.კომპანიაში არ აზუსტებენ, თუ რა ტიპის სერვისები და პროდუქტები დაემატება მათ პორტფელს, თუმცა ადასტურებენ, რომ მხოლოდ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სერვისებით აღარ შემოიფარგლებიან.

„ჩვენ გავიზარდეთ და ზრდის პროცესში დავაგროვეთ ის გამოცდილება, რომელიც ახალი ფასეულობით წინადადების განცხადების საშუალებას გვაძლევს. ჩვენი ანალიტიკური სამსახურისა და ხანგრძლივი კვლევების დახმარებით, შევძელით მოგვეძებნა ის თავისუფალი ადგილები, ის ნიშები, რომელიც ერთი მხრივ, დაკავებული არ არის და მეორე მხრივ, ბაზარზე დიდი მოთხოვნით ისარგებლებს უახლოეს პერიოდში. ჯეპრას ვხედავთ ისევე, როგორც პიონერს, რომელიც საქართველოში ახალი ტრენდების განმსაზღვრელია პროფესიული სერვისების მიწოდების ბაზარზე და ამავდროულად, ლიდერია პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ბაზარზე“, – ამბობს სოსო გალუმაშვილი.
მისივე თქმით, კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების მთავარი სამიზნე ორგანიზაციის სერვისების მომხმარებლები არიან, ვისთვისაც გამარტივდება, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გახდება ნებისმიერი პროდუქტით სარგებლობა და უზრუნველყოფილი იქნება მათი მაქსიმალური ჩართულობა პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე – პროექტირებიდან საბოლოო შედეგის გადაცემამდე.
„ჯეპრა იცვლება. იცვლება ბუტიკური სააგენტოდან კონსალტინგური „ნიშბასტერული“ კომპანიის მიმართულებით. 15 წლიანი გამოცდილება და ზრდის მაჩვენებელი საუკეთესო ინდიკატორია ასეთი ცვლილებების განხორციელებისათვის“, – ამბობს ეკა ჟვანია.

„ძალა ერთობაშია” და „გამარჯვების გუნდური სულისკვეთება” – „ნატახტარის” ახალი რეკლამა

Amazon Kindle-ის 9 შესაძლებლობა, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით!