31
Dec
2018

“სააგენტოდან საკონსულტაციო ბიზნესისკენ” – სააგენტო “ჯეპრას” #აზრები

31 Dec 2018

M2


ეკა ჟვანია, “ჯეპრას” აღმასრულებელი დირექტორი: სააგენტოდან საკონსულტაციო ბიზნესისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. 

წლის შეფასება, ერთი შეხედვით, ბანალური და ზედმეტად მოსაწყენი პროცესია. ალბათ ამას უფრო შემფასებლების მხრიდან ბანალური მიდგომების გამოყენება განაპირობებს. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ჩამოყალიბებული კორპორაციული და საჯარო ტრადიციები ბევრი მიმართულებით უცვლელია, თუმცა აშკარად ვერ უძლებს დროის მოთხოვნებს და ამოვარდნილია ხოლმე მიმდინარე პროცესებიდან. გასული წლის სხვადასხვა მოძველებული პარამეტრით შეფასებაც ამიტომ გამოიყურება ასე არაბუნებრივად საინფორმაციო სივრცეში, ჩვენ კი, ვაგრძელებთ წლიური ანგარიშის ღონისძიებების, სხვადასხვა ბეჭდური, თუ ელექტრონული ანგარიშების მომზადება-გავრცელებას და ვცდილობთ ჩვენი უფროსის ინტერვიუ მოხვდეს რომელიმე ასევე ბეჭდური, თუ ელექტრონული გამოცემის წინა გვერდებზე, ან საიტის თავში.

სხვა საკითხია, რომ ასეთი შეფასებების დროს წარმოჩენილი შედეგები ბევრი დაინტერესებული ორგანიზაციისა თუ პიროვნებისთვის მართლაც საინტერესო და ხშირ შემთხვევაში, ყურადსაღებიცაა. ასეთ ინფორმაციაზე მოთხოვნა, ბუნებრივია, არსებობს. სწორედ ასეთი კუთხით გვინდა, რომ დაგანახოთ „ჯეპრას“ 2018 წლის ამბები და გარკვეულწილად, მიმოვიხილოთ ქვეყანასა თუ სფეროში მიმდინარე პროცესების პარალელურად.

მოკლედ რომ შევაფასოთ, კარგი წელი იყო. ბევრი რამე ვისწავლეთო, ამის თქმა მინდოდა, თუმცა ესეც ბანალური დასაწყისი იქნება, ამიტომ ვიტყვი, რომ ჩვენ შეგნებულად და მიზანდასახულად გადავწყვიტეთ ბევრ რამეზე, შიდა თუ გარე პროცესსა და ფაქტორზე დაკვირვება გვეწარმოებინა და ამ დაკვირვების შედეგები დაგვენერგა ჩვენი ბიზნესის განვითარების საქმეში.

სულ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თანამშრომლებში, მაგალითად, კომპეტენციის მოდელის დანერგვისა და მისი შესაბამისი სასწავლო პროგრამის შესახებ, რომელიც „ჯეპრელებისთვის“ შევიმუშავეთ. თითოეული კონსულტანტისთვის განისაზღვრა კომპეტენციის მინიმალური ზღვრული დონე, კომპეტენციის კლასტერები და შესაბამისი მაჩვენებლები, რომელსაც უნდა მიაღწიონ ქვედა და საშუალო რგოლის კონსულტანტებმა განსაზღვრულ ვადებში.

ამ პროგრამის შესრულებასთან იქნება თანამშრომლის სახელფასო-საბონუსო სისტემა დაკავშირებული. „ჯეპრას“ მინიმალური ხელფასიც ექნება განსაზღვრული. ეს იდეა სოსო გალუმაშვილს ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელს და ეს მართლაც ორმხრივად მომგებიანი სისტემაა. ანუ ჩვენვე ვუწესებთ ჩვენს თავს გარკვეულ ვალდებულებებს, რაც ბიზნესიდან მიღებული მოგების მინიმალურ ზღვარსაც აწესებს და კომპანიისთვისაც მომგებიანია პროგრამა მინიმუმის შესრულება. ამ სისტემას თითქმის მთელი წელი ვქმნიდით და ძალიან გვიხარია, რომ წლის ბოლოსთვის შევძელით თანამშრომლებისთვის წარგვედგინა საბოლოო მოდელის მონახაზი.

განვაახლეთ პროექტების მართვის სისტემაც. 2019 წლიდან ყველა პროექტის მართვა TAM-ის (Team Alignment Map) მეშვეობით განხორციელდება. ამ ინსტრუმენტის დახმარებით უზრუნველყოფილი იქნება, ერთი მხრივ, კროსფუნქციური გუნდების საქმიანობის ეფექტიანი შედეგი და მეორეს მხრივ, მართვის მოქნილი სისტემის (ეჯაილ ფილოსოფიის) ნაირსახეობის, კერძოდ კი, კანბანის გამარტივებული ვერსიის დანერგვა კომპანიაში.

შიდა პროცესების გადალაგებასთან ერთად, ბევრი მიმართულებით ვიმუშავეთ კლიენტების მომსახურების კუთხითაც. გვქონდა კრიზისების მართვისა და პრევენციის საინტერესო პროექტები. განვახორციელეთ ცნობიერების ამაღლების რამდენიმე კამპანია და მივეხმარეთ საჯარო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ასევე პროფესიულ ასოციაციებს სტრატეგიულ დაგეგმვასა და თანამშრომლების გადამზადების საქმეში. ბევრი პროექტი გავაკეთეთ, რომლის შედეგები უფრო ბენეფიციარებმა და ჩვენ ვიცით და არ არის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი. მაგრამ ჩვენი სპეციფიკა ამასაც გულისხმობს: კონსულტანტის საქმე ხშირად შეიძლება თვალსაჩინო და აშკარა არ იყოს. მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს.

2018 წელი კარგი წელი იყო ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებისა და CSR კლუბის მუშაობის გაძლიერების მხრივაც. ახალი წევრები გვყავს კლუბში, ბევრი მონაწილე გამოჩნდა CSR ჯილდოს კონკურსშიც, რომელიც წელს „სიდას“ მიერ შემოთავაზებული ახალი კონცეფციის საფუძველზე ხორციელდება. საუბარია, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი ნომინაციების დადგენაზე. კრიტერიუმი და ჟიურის მრავალფეროვნება არ იცვლება და წესით, თებერვალში კარგი ღონისძიება გამოგვივა და კიდევ ერთი მცდელობა გვექნება CSR-ის სწორი მიმართულებით განვითარების საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სასიამოვნოა, რომ  „ჯეპრამ“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვნად წაიწია წინ და თანმიმდევრულად მივუყვებით სამოქმედო გეგმას, რომელიც შარშან შევიმუშავეთ.

სიახლეები გვაქვს პროფესიული სწავლებისა და განათლების გავრცელების მიმართულებითაც. შეიცვალა „პიარსკოლის“ ბიზნესმოდელი და ჩამოყალიბდა უნიკალური ფასული შეთავაზება, რომელიც კარდინალურად განგვასხვავებს ამ ტიპის სასწავლო კურსებისგან: კურსის გავლის მსურველებისთვის შემოვიღეთ წინასწარი გასაუბრების მეთოდი, შემოგვემატა ახალგაზრდა და წარმატებული პრაქტიკოსი ლექტორების გუნდი, გავაძლიერეთ მენტორების ინსტიტუტი, დაიხვეწა საგამოცდო და ტესტირების მეთოდოლოგია, საფინალო შეფასების ინდიკატორები, რაც უკვე აისახა კურსდამთავრებულების შედეგებზე. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მზად ვიყოთ, შევასრულოთ ჩვენი ამბიციური დაპირება: ყველა კურსდამთავრებულს მხარი დავუჭიროთ მთელი კარიერის განმავლობაში!

გამომცემლობა „პალიტრა ელ“-თან გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულების საფუძველზე, დავიწყეთ მომზადება 4 ახალი წიგნის გამოსაცემად, რომლის შეძენაც უკვე 2019 წლის გაზაფხულიდან შეეძლება დაინტერესებულ მკითხველს. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცემები მალევე გახდება ბესტსელერები და ბევრი ადამიანის სამაგიდო წიგნები.

მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გუნდთან, რომელმაც „ჰარვარდ ბიზნეს რევიუს“ ბესტსელერები გამოსცა საქართველოში და მომავალ წელს HBR-ის ახალი სერიით წარვდგებით მკითხველის წინაშე. ამ პროგრამაში გვსურს ყველა დონის ბიზნესის ჩართვა, რათა ბიზნესლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ქართულ ენაზეც იყოს ხელმისაწვდომი.

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ეგიდით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ილიაუნის ლინგვისტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ვიწყებთ მუშაობას პროფესიული ტერმინოლოგიის გაქართულების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბიზნეს ტერმინოლოგიის გაქართულებას და ქართულ ენაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს 8 წამყვან უნივერსიტეტთან შიდა საუნივერსიტეტო კონკურსების ჩატარების თაობაზე, რომელიც ბიზნეს-კომპანიებისა და უნივერსიტეტების ახალი ტიპის თანამშრომლობაზე იქნება აგებული. ჩვენი მიზანია, ბიზნესი და უნივერსიტეტები მჭიდროდ დავაკავშიროთ ერთმანეთს და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვას შევუწყოთ ხელი. კონკურსის თაობაზე ვესაუბრეთ განათლების მინისტრსაც და 2019 წელს შიდა საუნივერისტეტო კონკურსების წარმატებულად ჩატარების შემთხვევაში, 2020 წელს საერთო ეროვნული პრემიის დაწესებასაც ვგეგმავთ.

განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო, საქართველოს უნივერსიტეტთან დაწყებული არაკომერციული პროექტი, რომელიც მომავალი და არსებული პიარსპეციალისტებისთვის სპეციალიზებული მულტიმედიური ონლაინ-პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს. ქართული „პიარ ვიქის“ შექმნაზე დიდი ხანია ვფიქრობდით და „საქართველოს უნივერსიტეტის“ ძლიერ გუნდთან დაკავშირებამ, საშუალება მოგვცა პორტალის განვითარებაზე კვლევითი პოტენციალითა და კომპეტენტური ადამიანური რესურსით აღჭურვილ გუნდს ემუშავა. პლატფორმის შექმნას რამდენიმე მიზანი აქვს: პიარ პროფესიის გაძლიერებისა და პიარსპეციალისტების განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში არსებული ცოდნის გაზიარებისა და სწავლის ახალი სტანდარტების დამკვიდრების მექანიზმების ჩამოყალიბება. დარწმუნებული ვარ, პლატფორმის განვითარებაში ყველა პიარსპეციალისტი ჩაერთვება, ვისთვისაც ძვირფასია პროფესია და მისი მომავალი.

რთული საარჩევნო და წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, 2018 წელს ცოტა საქმე არ მოგვისწრია და მომავალი წელიც არცთუ ცუდად დაგვიგეგმავს. თან ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით სააგენტოდან პროფესიული სერვისების მომწოდებელი კომპანიისკენ.

განხილვა