3
Jul
2019

საქართველოში უცხოურ მუსიკალურ კატალოგთა 85%-ს GERA ფლობს

3 Jul 2019

ცოტა ხნის წინ, მარკეტერმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაცია “საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია” (GERA) გააცნო მკითხველს. დღესდღეობით ასოციაციის ამჟამინდელი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიის – „Rozum-b2b” ფლეიერის დანერგვა, რომლითაც საკუთარი წევრების უფლებებს დაიცავს. ასევე, ასოციაცია ფლობს უცხოურ კატალოგებზე საავტორო უფლებებსაც. დეტალებზე GERA-ს გენერალურ დირექტორს – თათო გვარიშვილს გავესაუბრეთ.

რამდენი ხანია, რაც უცხოურ კატალოგებზე ფლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ლეიბლების უფლებებს და როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება მათთან?

მას შემდეგ, რაც 2019 წლის მარტში დაფუძნდა ჩვენი ასოციაცია, ზუსტად 1 თვეში გავაფორმეთ ხელშეკრულებები Sony, Warner music და Universal-თან. როდესაც საავტორო უფლებების დაცვის სფეროში დავიწყეთ მუშაობა, სამწუხარო რეალობას შევეჩეხეთ – საქართველოში ეს სფერო არ იყო იმ დონეზე განვითარებული, რომ ეს სამი გიგანტი ლეიბლი ჩვენს ქვეყანასთან გამოსულიყო პირდაპირ კავშირზე, ამიტომ მათთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა გადამისამართებული იყო რეგიონალურ წარმომადგენლობასთან. ჩვენ, ასოციაციის დაფუძნების დღიდან მოყოლებული ვმუშაობთ ამ საკითხზე და მაქსიმალურად მოკლე ვადაში გვსურს გავიდეთ პირდაპირ კავშირზე აღნიშნული ლეიბლების სათავო ოფისებთან.

უცხოურ კატალოგებთა რამდენი პროცენტის მფლობელია GERA?

საავტორო უფლებები იყოფა საავტორო და მომიჯნავე უფლებებად. ორივესთან დაკავშირებით შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ერთიანი, ისე ცალ-ცალკე ხელშეკრულებები, ანუ ცალკე საავტორო უფლებებზე და ცალკე მომიჯნავე უფლებებზე. მსოფლიოს სამი უმსხვილესი გამომცემლობიდან ორთან: Warner Music და Sony-სთან GERA-ს აქვს გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება, ანუ საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე ერთად. რაც შეეხება Universal ჩვენ ვფლობთ მომიჯნავე უფლებების ნაწილში საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის 100%-ს. საერთო ჯამში, GERA მთლიანი ბაზრის 85%-ის მფლობელია.

სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ..

ამ ოთხი თვის განმავლობაში ჩვენმა ასოციაციამ 150-მდე ქართველ ხელოვანთან გააფორმა ხელშეკრულება, მათი რიცხვი დღითი დღე იზრება. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულებები მოლდოვასთან, ყაზახეთთან, ჩინეთთან და თურქეთთან. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს 20-მდე ქვეყანასთან, მათ შორის არის იაპონია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვ. ჩვენი ასოციაცია გახდა მსოფლიოს წამყვანი ლეიბლების წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიაზე. წინ გვაქვს ზაფხულის ცხელი სეზონი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ტემპის დაგდებას და ახლა უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას.

შესაბამისად, ქართველ ხელოვანებს ელოდებათ საინტერესო სიახლეები, სურპრიზები და მერწმუნეთ, ყველა ვიამაყებთ იმ შედეგით, რომელსაც უახლოეს მომავალში GERA წარმოგიდგენთ პრეზენტაციაზე.

ირაკლი კაკაბაძე – მწერალი

“GERA-ს გამოჩენამდე  ქართველი ავტორების უფლებები უხეშად ირღვეოდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა ქართველი ავტორების ძარცვა, მათ შორის ჩემიც და ბევრი სხვისაც. GERA-მ წარმოგვიდგინა ამ დაჩაგრული ავტორების დაცვის ყველაზე ქმედითი მოდელი. საქმით და არა მხოლოდ სიტყვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! რადგან საქართველოში მთავარი კაპიტალი შემოქმედებითი კაპიტალია.”

რას გულისხმობთ ქართველი ავტორების ძარცვაში?

ქართველი ავტორების მუსიკა და სიტყვები და საერთოდ მთელი შემოქმედება – გამოყენებულია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ნაწარმოებში. საერთაშორისო ნორმების დაცვით ამ ყველაფრის შესახებ ქართველი ავტორები უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებულები და რაც მთავარია, ეს ჩვენს ანაზღაურებაზეც უნდა ასახულიყო. მაგრამ პირადად ჩემამდე ერთ თეთრსაც არ მოუღწევია. აქ საუბარი მაქვს საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე. თუმცა, ამაზე მნიშნელოვანი არის ის, რომ დღეს ქართველი ხელოვანები პოსტ საბჭოთა სხვა ხელოვანების ბედს იზიარებენ და არიან ღატაკები. როგორც უფროსი, ისე უმცროსი თაობა.  ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ GERA, თავისი ინოვაციური მიდგომებით, ქართველი ხელოვანების კეთილდღეობაზე იზრუნებს.

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა