in

Subway მომხმარებლების უცნაურ შეკვეთებს რეკლამად აქცევს

„იმდენი სიმინდი დაამატეთ, რამდენიც სამსახურიდან გაგდების გარეშე შეგიძლიათ“ – Subway-ის ახალ გარე რეკლამაში ასეთ თხოვნას შეხვდებით. კიდევ ერთი მომხმარებელი იმდენ ნივრისა და მწვანილის სოუსს ითხოვს, ვამპირს რომ მოერიოს. ეს რეალური შეკვეთებია, რომლებიც ბრენდმა კამპანიის მთავარ მასალად გამოიყენა.

M2

„Get Your Own Way“ Subway-ის პირველი დამოუკიდებელი კამპანიაა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ის Saatchi & Saatchi-მ შექმნა და ბრენდის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობას დაეყრდნო: მომხმარებელს სენდვიჩის თითქმის ყველა დეტალის საკუთარი გემოვნებით შერჩევა შეუძლია, პურიდან და შიგთავსიდან სოუსის რაოდენობამდე.

კამპანიის ორი მოკლე ვიდეო გვაჩვენებს, რა ხდება, როცა ადამიანი ამ თავისუფლებას Subway-ის გარეთაც მოითხოვს. ერთში მომხმარებელი პაბში ფეხბურთის მატჩის დროს ტელევიზორის არხს ცვლის. მეორეში კი მართვის გაკვეთილს IKEA-ში საყიდლებზე წასასვლელად იყენებს. ორივე შემთხვევაში სხვების რეაქცია განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რომელსაც სენდვიჩის შეკვეთისას შეხვდნენ: აქ მათ ახირებებს აღარავინ მიესალმება.

იუმორი სწორედ ამ განსხვავებაზეა აგებული. Subway-ში ზედმიწევნით კონკრეტული მოთხოვნა შეკვეთის ჩვეულებრივი ნაწილია, თუმცა იმავე პრინციპით ყველგან ვერ იმოქმედებ. ასე იძენს კამპანიის სახელიც მნიშვნელობას: „Get Your Own Way“ მომხმარებელს სთავაზობს ადგილს, სადაც ყველაფერი შეუძლია თავის გემოზე მოაწყოს.

გარე რეკლამაში ეს იდეა რეალური ჩეკების შავ-თეთრი გამოსახულებებით გრძელდება. მთავარი ადგილი მომხმარებლების ჩანაწერებს ეთმობა. არაფორმალური ფრაზები და გაზვიადებული თხოვნები აჩვენებს, რამდენად პირადულია ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სენდვიჩის არჩევანი.

სააგენტომ ვიზუალური სისტემაც განაახლა. მისი ფორმები Subway-ის ობიექტებში ინგრედიენტებისთვის განკუთვნილ ლითონის კონტეინერებს ეყრდნობა. ამგვარად, კამპანიის გრაფიკაც იმ გარემოდან მოდის, სადაც მომხმარებელი საკუთარ შეკვეთას აწყობს.

Subway-ს პერსონალიზაციაზე საუბრისთვის უჩვეულო პროდუქტების გამოგონება არ დასჭირვებია. საკმარისი აღმოჩნდა იმ თხოვნების გამოჩენა, რომლებსაც მისი თანამშრომლები შეკვეთის მიღებისას ისედაც კითხულობენ.

როგორ ზრდის სოციალური მედია ბრენდების ხილვადობას AI საძიებო შედეგებში

რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდა შემოქმედებს 90-იანებისგან?