27
Jan
2020

კვლევა: როდის არის სამსახურიდან გათავისუფლება კარიერისთვის სასარგებლო?

27 Jan 2020

ლიდერთა უმრავლესობას გულის სიღრმეში წარუმატებლობის ეშინია. თუმცა, გენერალური დირექტორების გენომის 10 წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ 2600 ლიდერიდან თითქმის ნახევარს (45%) უწევდა, გამოეცადა ისეთი კარიერული დარტყმები, როგორებიცაა: სამსახურიდან გათავისუფლება და მნიშვნელოვანი შეთანხმებების ჩაშლა. ამ ყველაფრის მიუხედავად, 78%-მა შეძლო, გაეგრძელებინა იგივე საქმიანობა სხვა კომპანიებში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ზემოთ აღნიშნული კვლევის შემდეგ ასევე ჩატარდა დამატებითი კვლევა, რომლის ფარგლებშიც 360 აღმასრულებელი დირექტორი გამოიკითხა. მათ უმრავლესობას კომპანიებში სხვადასხვა პრობლემის გადალახვა მოუწია, თუმცა აქედან 18% უბრალოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს. თანაც, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა უკვე მაღალ კარიერულ ეტაპზე იყო და მათ დიდი გზა ჰქონდათ გავლილი.

კვლევამ კი აჩვენა ის, რომ სამსახურიდან გათავისუფლებას ლიდერების პერსპექტივებზე კატასტროფული გავლენა სულაც არ აქვს. გამოჩნდა ისიც, რომ ლიდერებს შეუძლიათ, ამგვარი კარიერული დარტყმები სასარგებლო მოვლენად აქციონ და არ აღიქვან ისინი, როგორც “კარიერის გამანადგურებლები.”

ყველაფერ ამას კი იმის საფუძველზე ვამბობთ, რომ ზემოხსენებული გათავისუფლებული ლიდერების 68%-მა შეძლო, გათავისუფლებიდან 6 თვეში ახალი სამსახური ეპოვა. 24%-მა კი ეს ერთ წელში მოახერხა. წარმოიდგინეთ, გათავისუფლებული აღმასრულებელი დირექტორების 92%-მა ასეთ მოკლე პერიოდში მსგავსი და უკეთესი სამსახური მოძებნა.

ამ ყველაფერზე დაკვირვებით კი, აღმოჩნდა, რომ სამსახურის დაკარგვა ხშირად ადამიანს აძლიერებს და მომავალი როლის შესასრულებლად უკეთეს კანდიდატად აყალიბებს. როგორც აღმოჩნდა, შეცდომების თავიდან ასარიდებლად კომპანიის მიერ დაქირავებულმა გამოცდილმა შემფასებლებმა უფრო მეტად მათ გაუწიეს რეკომენდაცია, ვინც უკვე ერთხელ მაინც გაათავისუფლეს, ვიდრე მათ, ვისაც მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. გამოცდილმა დამქირავებლებმა იციან, რომ მსგავსი შემთხვევები გარდაუვალია და აინტერესებთ, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები ასეთ მომენტებს. უფრო მეტად რისკიანია, დაიქირავო ადამიანი, რომელსაც წარუმატებლობა არ უგემია, ვიდრე დაიქირავო ის, ვინც იცის, რას ნიშნავს დაცემა და შემდეგ ადგომა. ეს ერთგვარი გარანტია და სიმშვიდის საფუძველია დამქირავებლისთვის.

შეხედეს ფაქტებს სახეში.. სირცხვილის გარეშე. ისინი, ვინც პრობლემის ახსნას არა საკუთარ თავებში, არამედ გარე ფაქტორებსა და სხვებში ეძებენ, ყოველთვის იჭრიან გზებს საიმისოდ, რომ მათ მომავალში რეკომენდაციას გაუწევენ. ძლიერი მოთამაშეები აღიარებენ თავიანთ შეცდომებს, აღწერენ, რა და როგორ ისწავლეს ამ პერიოდის განმავლობაში, ეგუებიან თავიანთ ქმედებას და ამცირებენ იმის შანსებს, რომ მომავალშიც ანალოგიურ შეცდომას დაუშვებენ. სხვადასხვა ტიპის შეცდომის დაშვება თქვენს კარიერას არ ანგრევს – ერთი და იმავე შეცდომის განმეორება კი ზუსტად ამას აკეთებს.

შეცდომების აღიარება და დანახვა გეხმარებათ, საქმე სინანულის და სირცხვილის გარეშე განაგრძოთ. ისინი, ვინც თავიანთ შეცდომებს წარუმატებლობად აღიქვამდნენ, 50%-ით ნაკლებად წარმატებულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისთვისაც ეს შეცდომები ერთგვარი გამოცდილება იყო.

მომავალი სამსახურის საპოვნელად პროფესიული გარემოცვა დაიხმარეს. კანდიდატებს, ვინც პროფესიული გარემოცვის წყალობით ეძებენ სამსახურს, დასაქმების უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც პირად გარემოცვას იხმარს. მაგალითად, სანამ თქვენს მეგობრებს ძალიან უნდათ, რომ დაგეხმარონ ახალი სამსახურის პოვნაში, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მაინც იმათგან მოდის, ვისაც თქვენი გამოცდილება და შედეგები უნახავს. სხვადასხვა ფირმებს ხანდახან არ სურთ, აიყვანონ ისინი, ვინც ადრე გაათავისუფლეს, რადგანაც მათ არ იციან, როგორი გამოცდილება აქვთ ასეთ კადრებს. მაშინ, როცა თქვენმა ყოფილმა უფროსებმა, კოლეგებმა და მომხმარებლებმა ეს ზუსტად იციან. სწორედ ამიტომ, სამსახურის ძიებისას, ჯობს მათთან დარჩეთ და მათი შემოთავაზებები მიიღოთ, ვიდრე სხვაგან ეძებოთ სამსახური – ნაკლები პერსპექტივით.

დაეყრდნენ თავიანთ გამოცდილებას: მათ 94%-ს, ვინც ახალი სამსახური 6 თვეში იპოვა, შესაფერის ინდუსტრიაში უკვე ჰქონდათ გამოცდილება მიღებული. ამიტომაც, სანამ ერთ სტაბილურ ადგილზე დაიწყებთ მუშაობას, კარგი იქნება 2-3 ინდუსტრიაში მაინც გქონდეთ ნამუშევარი და სხვადასხვა ტიპის გამოცდილება გქონდეთ მიღებული. თუკი ერთი ინდუსტრიიდან გაგათავისუფლებენ, სხვა გზებიც დარჩება საიმისოდ, რომ კარიერაში გაგიმართლოთ. ერთი რჩევა კი ის იქნება, რომ სამსახური თქვენი მოტივაციების და უნარების შესაბამისად შეარჩიოთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია დაეხმარება მათ, ვინც გაათავისუფლეს და მათაც, ვისაც სხვისი გათავისუფლება უწევს. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ მენეჯერებს, ვინც თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ, მტკივნეულად გადააქვთ თავიანთი ქმედება, რადგანაც ფიქრობენ, რომ ამით გათავისუფლებული კადრის კარიერას ანგრევენ. თუკი თქვენი გუნდის შესაფერისი არაა კადრი, მისი გაშვებით გუნდის კეთილდღეობას ინარჩუნებთ – ამით არაფერი შავდება. თუმცა, თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ, დაეხმაროთ გათავისუფლებულ თანამშრომელს და გაუწიოთ რეკომენდაცია მას იქ, სადაც საჭიროა.

მანამ, სანამ შეცდომები და კარიერული დარტყმები ძალიან მტკივნეულია, უფრო მტკივნეული რისკებზე არწასვლაა. ძალიან ბევრი ადამიანის გამოცდილებამ აჩვენა, რომ როცა რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა გვსურს, პერიოდულად აუცილებლად გადავაწყდებით სირთულეებს. მთავარია, წარუმატებლობები სამომავლო ზრდის შესაძლებლობებად აღვიქვათ.

წყარო: HBR



განხილვა