თუ „ინსტაგრამის“ გვერდზე „სთორის“ განსათავსებლად, გიფებისა და „სტიკერების“ სექციის საძიებო ველში, ჩაწერთ სიტყვას „ჩემინაკრები“, მაშინვე ქართულ საფეხბურთო სივრცეში მოხვდებით. აქ სპეციალური საგულშემატკივრო „სტიკერების“ კოლექცია დაგხვდებათ, რომელიც Giphy.com-ის ფეხბურთის ფედერაციის ვერიფიცირებულ ექაუნთზე უკვე ატვირთულია და მისი გამოყენება „ინსტაგრამის“ ყველა მომხმარებელს შეუძლია. „სტიკერების“ გარდა, აქვეა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინდივიდუალური გიფებიც. პროექტზე დიზაინერმა „გამეზამ“ (George Gamez, გიორგი გამეზარდაშვილი) იმუშავა.
ამ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სხვა ციფრულ თუ ზოგად სიახლეებზე, ფედერაციის მარკეტინგის გუნდის წევრებსა და პროექტის გრაფიკულ დიზაინერთან ერთად გიამბობთ.
თათა ბურდული (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) ბრენდ დირექტორი): „ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის ახალი, განსხვავებული საგულშემატკივრო კოლექციის შექმნა გადავწყვიტეთ. ჩვენი მიზანი იყო, მათთვის შეგვეთავაზებინა კოლექცია, რომელიც ციფრულ და რეალურ სივრცეში, თანაბრად მიიპყრობდა ყურადღებას და ქართულ ბაზარზე უნიკალური პროდუქციის სახით შემოვიდოდა.
„გამეზა“ როგორც ვიზუალური ხელოვნების ყველაზე გამორჩეული ქართველი არტისტი, ამ პროექტის მთავარი შემოქმედია. კოლაბორაციის შესახებ გადაწყვეტილება პირველივე შეხვედრაზე მივიღეთ“.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ინდივიდუალური პორტრეტები საფოსტო ბარათებისა და დიდი ფორმატის პლაკატების სახით გამოიცა. #შენიგუნდის კოლექციას, ყველა მსურველი, GFF-ის ოფიციალურ „ონლაინ“ მაღაზიაში შეიძენს.
„რაც შეეხება „სტიკერებსა“ და გიფებს – სტადიონებს მიღმა, ყველაზე ხშირად ეროვნული ნაკრები გუნდის გულშემატკივრების ხმა სოციალურ ქსელებში ისმის. საფეხბურთო ემოციების გამოსახატად, გოლის აღსანიშნავად, ან სულაც მარტივად – შენი გუნდის, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ქართული საფეხბურთო თემატიკის „ონლაინ“ „სტიკერები“ ინსტაგრამზე არ არსებობდა. გვინდოდა, ამ სიცარიელის შევსება და სახალისო კოლექციის შექმნა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ემოციების დიჯიტალ სივრცეში გამოსახატად დაეხმარებოდა.
თათა ბურდული ამბობს, რომ GFF-ის გუნდისთვის, დამატებით მოტივაციად თავად დიზაინერის ენთუზიაზმი და მონდომება იქცა, რომელსაც სურდა, ეროვნული ნაკრებისთვის, რაღაც უნიკალური შეექმნა. „გამეზას“, ინსპირაციის წყარო კი ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა აღმოჩნდა, რომელსაც შვილთან ერთად დაესწრო.
„წლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, „კვარამ“ (ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი) მშვენიერი გოლი გაიტანა იმ თამაშში. რამდენიმე დღეში, Gifts by Gamez-ის სტუდიაში, ფეხბურთელი „შემომეხატა“, ხვიჩას მივამსგავსე, „დავტუშე“, გავაფერადე და ძალიან სახალისო ანიმაციური პერსონაჟი გამოვიდა, „კვარას“ სახით. იმდენად მოგვეწონა, გადავწყვიტეთ მარტო არ დარჩენილიყო და მთელი გუნდი შეგვექმნა.
იდეა გავუზიარეთ ფეხბურთის ფედერაციას, ისინიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ წამოწყებას. მალევე შევქმენით ფეხბურთელთა პირველი ჩანახატები, შემდეგ ვაქციეთ პოსტერების კოლექციად. ასევე, „ონლაინ“ კომუნიკაციისთვის, გავაკეთეთ სტიკერების კრებული, რომლებიც Instagram-ის „სთორებში“ შეგიძლიათ იხილოთ. ახლა ბევრად სახალისოა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა და თან, ეს დასაწყისია, – სამომავლოდ ახალი, მრავალფეროვანი იდეებით გავახარებთ ფეხბურთის მოყვარულებს“.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სოციალური მედიის მენეჯერი დიმა ნებიერიძე კი ფიქრობს, რომ Giphy ძალიან საინტერესო და მზარდი სივრცეა. მისი თქმით, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ Facebook-ის მიერ პლატფორმის შეძენის სურვილის გაცხადების შემდეგ, მომავალი გარიგების თანხამ $400 მილიონი შეადგინა. ამ ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის „ინსტაგრამთან“ კონტენტით ინტეგრაცია.
„Instagram-ის ე.წ. სთორები ძალიან პოპულარულია. ევროპული ტოპ კლუბები, ეროვნული ნაკრებები გიფებს, „სტიკერებს“ აქტიურად ქმნიან და გულშემატკივარს მათი სარგებლობის საშუალებას აძლევენ. გვინდოდა, მსგავსი სიახლე ჩვენი გულშემატკივრებისთვისაც შეგვეთავაზებინა. ჩვენი მარკეტინგის გუნდის მოლოდინმა გამართლა, გიფებს და „სტიკერებს“ ადამიანები აქტიურად იყენებენ და საკუთარ „სთორებს“ აფორმებენ. სულ, რაღაც, 1 თვეა, რაც ამ პლატფორმაზე გამოვჩნდით, ჩვენი კონტენტის ნახვების საერთო რაოდენობამ კი უკვე 800 000-ს გადააჭარბა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს სანაკრებო მატჩამდე, მილიონიან ნიშნულს გადავაბიჯებთ, სამომავლოდ კი გულშემატკივარს ბევრ სასიამოვნო სიახლეს ვპირდებით“.