in

ქართული სამაგიდო თამაშები საერთაშორისო პლატფორმაზე Kickstarter.com

Startauperi
Startauperi

სამაგიდო თამაშების ქართული კომპანია GGM – BOARD GAMES „აგრარული უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა მიხეილ ჭოლოკავამ, გურამ გელხაურმა და გივი დოლიძემ შექმნეს. როგორც თავად ამბობენ, ტექნოლოგიური ბუმის შემდეგ, ადამიანებს კომუნიკაციის მეტი სურვილი გაუჩნდათ და ახლა სწორედ ე.წ. ბორდ გეიმების  დროა. ამიტომ, საკუთარი სტარტაპის წარმატებაში დარწმუნებულები არიან. ჯერ მხოლოდ 2 თამაში აქვთ. აქედან ერთი უკვე საერთაშორისო პლატფორმა Kickstarter-ზეა, სადაც მომხმარებლებს მისი წინასწარ შეკვეთა შეუძლიათ. დამფუძნებლების თქმით, მომავალში თამაშების რაოდენობის გაზრდას და  გაყიდვის კუთხით, ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას აპირებენ.

https://www.youtube.com/watch?v=6TGtTj5bIpw&feature=youtu.be&fbclid=IwAR35ywzhThOAycIba1dQI_lK8CFwV8BztApl-_-w-XAsiL1kXu8TYbnnjQc

 

მიხეილ ჭოლოკავა: სამივე ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები ვართ. ზოგადად, გვინდოდა ჩვენი საქმის დაწყება, რაც დამატებით შემოსავალს მოგვიტანდა. პარალელურად, ყოველ სემესტრში, ბიზნესის თემაზე გვაქვს პრეზენტაცია მოსამზადებელი. გადავწყვიტეთ, ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რაც იქნებოდა ინოვაციური, რეალური და თან კარგად იმუშავებდა. ამ პერიოდში, მეგობრის დაბადების დღეზე მოვხდით და რა ხდებოდა იქ? ყველა „სმარტფონში“ იყო „ჩამძვრალი“, ერთმანეთს არვინ ეკონტაქტებოდა. თავი ძალიან არაკომფორტულად ვიგრძენით. აი, მაშინ დავაკავშირეთ ჩვენი გეგმა და იდეა. შევქმენით პირველი ქართული კომპანია, რომელიც ქმნის და აწარმოებს სამაგიდო თამაშებს. პირველი არის ყველასათვის ცნობილი „სიმართლე თუ მოქმედება“-ს უფრო დახვეწილი ვარიანტი და ჰქვია WAZZUP. წესები მარტივია – მოთამაშე ირჩევს სიმართლეს ან მოქმედებას და მის შესაბამის დონეს. თუ შეასრულებს, მიიღებს დონის შესაბამის 1 ან 2 ქულას. თუ არ შეასრულებს, მოუწევს დალიოს. სულ არის 216 „სიმართლე “ და „მოქმედება“, რომლებიც ცალ-ცალკეა დატანილი ბარათებზე. მოთამაშეებს აღარ უწევთ არაფრის მოფიქრება, პირდაპირ იწყებენ თამაშს. გარდა ამისა, ამ კარტით შეგიძლია ნებისმიერი სხვა თამაში, პოკერი, ჯოკერი და ა.შ. ითამაშო. აქ ჩვენი ძირითადი სამიზნე სეგმენტი 16-დან 27 წლამდე ახალგაზრდები არიან. რაც ყველაზე კარგია, არის წყალგამძლე. შემთხვევით, სასმლის დაქცევისას  რომ არ დაზიანდეს და არ გაფუჭდეს, გადავწყვიტეთ, ასეთი პრაქტიკული გამოსავალი გვეპოვა. WAZZUP ძალიან მარტივი და სახალისო თამაშია, რომელიც ადამიანებს ყველაზე დიდ დეფიციტს, კომუნიკაციის ნაკლებობას უვსებს. სწორედ ეს არის მისი უპირატესობა.

M: რაც შეეხება მეორე თამაშს . . .

მ.ჭ. : ეს არის „მონოპოლიას“ მსგავსი სამაგიდო თამაში. ოღონდ თემა ბერძნული, სკანდინავიური, ეგვიპტური და ჩინური მითოლოგიაა. ესეც მეტად დახვეწილი და ბევრად ადაპტირებულია. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, ყოფილა შემთხვევები, როცა „მონოპოლია“ სუსტ მოთამაშეს მხოლოდ იმიტომ მოუგია, რომ „კამათელში“ გაუმართლა. ჩვენი თამაშში კამათელი და იღბალი საერთოდ ამოღებული გვაქვს და მოთამაშე მთლიანად დამოკიდებულია საკუთარ  მიზანდასახულობაზე, ანალიზის და და მის სხვა პრაქტიკულ უნარებზე. ამ თამაშიდან მიღებული გამოცდილება კარგად ადგება ადამიანს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში, რადგან უწევს ბევრი გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, შემდეგ კი სწრაფადვე შეცვლა. ამიტომ, როდესაც ცხოვრებაში მოუწევთ კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება, მართალია თამაშის დონეზე, მაგრამ ამის პრაქტიკული გამოცდილება უკვე ექნება. აქ ფსიქოლოგიურ დონეზეა გათვლილი თითოეული დეტალი. ამიტომ, თამაში ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, ბევრ საკითხზე ერთად ფიქრის და მოწინააღმდეგის მოქმედების გათვლის უნარს. სხვა სამაგიდო თამაშებისგან განსხვავებით, გვაქვს უნიკალური დამხმარე დაფები, სადაც რესურსების დაგროვება პატარა „ფიშკის“ დახმარებით შკალებზე მოძრაობით ხდება. გვინდოდა ქართული მითოლოგიის დამატებაც, მაგრამ სამომავლოდ გადავდეთ. ზოგადად, მითოლოგიის თემა ძალიან აქტუალურია მსოფლიოში. თითქოს, ტენდენციაა, თუ ადამიანმა ეს საკითხი იცის, სხადასხვა სფეროში, მეტ-ნაკლებად განათლებულ პიროვნებად ითვლება. შესაბამისად, დიდ ინტერესს ველოდებით. ვინც მითოლოგიაში კარგად ვერ ერკვევა, თამაშს თან მოჰყვება განმარტებები და ინფორმაცია. ამიტომ, თამაშს შემეცნებითი ხასიათიც აქვს.

GGM – BOARD GAMES-ის დამფუძნებლები გურამ გელხაური, მიხეილ ჭოლოკავა და გივი დოლიძე.

M: სად შეიძლება თქვენი თამაშების შეძენა? 

მ.ჭ.: პირველი თამაში უკვე განვათავსეთ kickstarter.com-ზე. ეს არის ვებგვერდი, სადაც წინასწარ დებ იდეას, ანიმაციურ ვიდეოს, სარეკლამო პოსტერს და ა.შ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებლები ნახულობენ შენს განთავსებულ პროდუქტს და ყიდულობენ წინასწარ. პლატფორმაზე თამაში ერთი თვის განმავლობაში იქნება. ამ პერიოდში, მსურველები მოგვმართავენ, გვიკვეთავენ, ჩვენ დავამზადებთ ამ რაოდენობას და გავუგზავნით მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. პრინციპში ასე მომხმარებელთა აქტივობისა და მოთხოვნის რეალური მაჩვენებლის ნახვაც უფრო მარტივია. რაც შეეხება მეორე თამაშის გაყიდვას, ვიდეო, ფოტოები და ყველა სხვა მასალა მზად გაქვს. თუმცა, ახლა ერთ კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში, დაგვეხმარებიან მარკეტინგული ხარჯების კუთხით. 12 დეკემბერს მთავრდება კონკურსი და თუ მოვიგეთ, სწორედ მათი ხელშეწყობით მითოლოგიის თამაშსაც მალე განვათავსებთ kickstarter-ზე.

M: ინტერესის შემთხვევაში, გაქვთ რესურსი, რომ თამაშები დაამზადოთ? 

მ.ჭ. : უკვე შეთანხმებულები ვართ ერთ-ერთ კომპანიასთან ჩინეთში, რომელიც დაგვიმზადებს სამაგიდო თამაშებს, მოგვარებულია მიტანის სერვისიც საკითხიც. მთლიანად გაწერილი და გამზადებული გვაქს ეს თემები და მაქსიმუმ, ერთი თვე დაგვჭირდება, რომ მსურველებს პროდუქტი მივაწოდოთ. თუ იგივე kickstarter.com-ზე გადავხედავთ, რამდენ ხანში აგზავნიან კომპანიები შეკვეთილ თამაშებს, ჩვენ ძალიან კარგი ვადები გვაქვს.

M: არსებული კონკურენციის პიროებებში, თქვენი კომპანია რითი გამოირჩევა? ან კიდევ ერთ, ახალ კომპანიაზე მოთხოვნა არის? 

მ.ჭ. : როცა სტარტაპს ვქმნიდით, სოციალურ ქსელში, სამაგიდო თამაშების თემებზე შექმნილ ჯგუფებში მცირე კვლევა გავაკეთეთ. მათი პასუხები დავამუშავეთ და გავაერთიანეთ, შემდეგ კი ეს მონაცემები ჩვენს სამაგიდო თამაშებში ავსახეთ. თუმცა, კიდევ სხვა ბევრი დეტალი დავამატეთ. ამიტომ, ვთვლით, რომ კარტიც და მითოლოგიაც ზუსტად აკმაყოფილებს სამიზნე სეგმენტის ინტერესებს. რაც შეეხება მოთხოვნას, სამაგიდო თამაშების ისტორიაში ახლა ოქროს ხანაა. ეს სფერო საქართველოშიც ფეხს იდგამს. მართალია, თბილისში სამაგიდო თამაშების ბარებიც არის, თუმცა, ინტერესიც არანაკლებია. ტექნოლოგიური ბუმის შემდეგ, ხალხს, კომუნიკაციის მეტი სურვილი გაუჩნდა. სწორედ ამან გამოიწვია მსგავსი კომპანიების მიმართ მოთხოვნა.

M: რა მოლოდინი და გეგმები გაქვთ? 

მ.ჭ. : გააჩნია, როგორ გაიყიდება პროდუქტი. ზოგადად, ვგეგმავთ სხვა თამაშების გამოშვებას და არა მხოლოდ ქართულ, არამედ ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ვაპირებთ გაყიდვების კუთხით თანამშრომლობას, როგორიც, მაგალითად, „ამაზონია“.

M: როგორც სტარტაპერები, რა სირთულეებს წააწყდით აქამდე ? 

მ.ჭ. : საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც რაღაცების მასიური წარმოება მარტივად შეიძლება. რთულია, მოძებნო ადამიანი/კომპანია, რომელიც შეძლებს, საქმე გაგიკეთოს და თანაც, კარგად. ძალიან გაგვიჭირდა დიზაინერების პოვნა თამაშისთვის რუკები და ფიგურები რომ დაემზადებინა. დიდი სირთულე იყო მწარმოებელი კომპანიის შერჩევაც. სწორედ ამიტომ მივმართეთ ჩინურ კომპანიას. ძალიან ბევრი ვიწვალეთ სარეკლამო რგოლზე, რომელიც kickstarter-ზე უნდა დაგვდო. მცირე ბიუჯეტი გვქონდა, ამასთან, ჩვენ უნდა მოგვეძიებინა ტექნიკაც. საბოლოოდ, ვიდეო ქართულმა კომპანიამ ADvan გადაგვიღო. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, ხალხის დამოკიდებულება ჩვენი საქმის მიმართ, რახან ახალგაზრდები ვართ, ეჭვი ეპარებოდათ ჩვენს წარმატებაში. არა და, თამაშების მომზადებაში დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ, ვიკრიბებოდით, განვიხილავდით, ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ა.შ. ყველა ის საფეხური გავიარეთ, რაც საჭიროა სტარტაპის დასაწყებად.

ცნობილია თარიღები, როდის წარდგება საქართველო Bocuse d’Or-ის საერთაშორისო კულინარიულ ჩემპიონატზე

ეგოსა და მყარ შეხედულებებს ინოვაციური იდეის „მოკვლა“ შეუძლიათ